Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირინა ლაგუნინა: მაგნიტსკის აქტის სანქციები მტკივნეულია რუსეთისათვის


სავარაუდოდ, ივნისში გახდება ცნობილი, თუ რამდენი რუსი მაღალჩინოსანი ან სოხუმის თუ ცხინვალის რეჟიმის რამდენი წარმომადგენელი მოხვდება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში. აშშ-ის მიერ შემუშავებულ მაგნიტსკის სიაში კი 34 რუსი მაღალჩინოსანია და ეს სია ყოველწლიურად ფართოვდება. რამდენად აზიანებს მსგავსი სანქციები რუსეთის ხელისუფლებას, თუ კრემლი მას მხოლოდ პუბლიკაზე ზემოქმედებისათვის იყენებს ? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ირინა ლაგუნინა, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის რედაქტორი.

ირინა ლაგუნინა: გულახდილად ითქვას, ერთიც და მეორეც. და განვმარტავ, თუ რას ვგულისხმობ. სინამდვილეში, მაგნიტსკის სია რუსეთის მოსახლეობას საერთოდ არ ეხება და აქ, ცხადია, ვლადიმირ პუტინი პუბლიკაზე მუშაობს. ამ სიას აბსოლუტურად ზუსტი ადრესატები ჰყავს რუსეთის ელიტაში. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მონაწილეობდნენ მაგნიტსკის საქმეში და რომლებსაც ბრალი მიუძღვით რუსეთში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში. სწორედ ამიტომ აზიანებს მაგნიტსკის აქტი პუტინის გარემოცვას.

რადიო თავისუფლება: ეს გასაგებია, ირინა... თქვენ მიზნობრივი სანქციები ახსენეთ, მაგრამ მაგნიტსკის სიაში მოხვედრილ ფიგურანტებს რა კონკრეტული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, როგორ დაისაჯნენ ისინი?

დიმა იაკოვლევის კანონმა, საბოლოო ჯამში, დასაჯა უდედმამოთა სახლებში მყოფი რუსი ბავშვები, რომლებიც დარჩნენ აშშ-ში გაშვილების უფლების გარეშე. ეს იყო დრაკონული კანონი, რომელიც აჩვენებს მთელ არაადამიანურობას იმ პოლიტიკური სისტემისა, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული სანქციები...

ირინა ლაგუნინა: იცით, კობა, საქმეც იმაშია, რომ ეს სია შედგა სწორედ იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა არანაირი პასუხი არ აგეს მაგნიტსკის საგამოძიებო იზოლატორში - ციხეში კი არა, საგამოძიებო იზოლატორში - მკვლელობისათვის. იმ დროს მაგნიტსკი მსჯავრდებული არ ყოფილა, არ არსებობდა მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. იგი სიკვდილამდე მიიყვანეს წინასწარგანზრახვით. რაც შეეხება კონკრეტულ პასუხისმგებლობას: მათ არ შეუძლიათ იმოგზაურონ, როგორც მოესურვებათ; მათი ანგარიშები დაყადაღებულია და სანქციების შედეგად გაყინულია იმ თანხის - 280 მილიონი დოლარის - დიდი ნაწილი, რომლის დატაცება რუსეთის სახელმწიფო მოხელეების მიერ გამოააშკარავა კიდეც სერგეი მაგნიტსკიმ. შვეიცარიამაც დაიწყო თანამშრომლობა ამ ანგარიშების გაყინვის მხრივ. ამგვარად, ეს ადამიანები, ასე თუ ისე, დაისაჯნენ.

რადიო თავისუფლება: პასუხად, როგორც მე მახსოვს, კრემლმა მიიღო ე.წ. არამზადების კანონი, დიმა იაკოვლევის კანონი. ისე გამოდის, რომ არ შეიძლება არ გავიხსენოთ „ჩვენი პასუხი ჩემბერლენს“, ერთი ძველი საბჭოთა ლოზუნგის ალუზიით.

საერთაშორისო პრაქტიკაში საკმაოდ ცოტაა შემთხვევა, როდესაც სანქციებმა უშუალოდ აიძულეს სახელმწიფო წასულიყო რაიმე ცვლილებებზე. ჩვენ შეგვიძლია თითებზე ჩამოვთვალოთ: ეს იყო ლიბია, რომლის მიმართაც სანქციების საკმაოდ მკაცრი სისტემა იქნა შემოღებული და კადაფი იძულებული გახდა უარი ეთქვა ბირთვულ პროგრამაზე...

ირინა ლაგუნინა: კი, მაგრამ დიმა იაკოვლევის კანონმა, საბოლოო ჯამში, დასაჯა უდედმამოთა სახლებში მყოფი რუსი ბავშვები, რომლებიც დარჩნენ აშშ-ში გაშვილების უფლების გარეშე. ეს იყო დრაკონული კანონი, რომელიც აჩვენებს მთელ არაადამიანურობას იმ პოლიტიკური სისტემისა, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული სანქციები. ანუ ერთ მხარეზეა აშშ, რომელიც სანქციებს უწესებს იმ ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფო თანხების მოპარვის სქემაში მონაწილეობდნენ, და მეორე მხარეზეა რუსეთი, რომელიც სანქციებს უწესებს ბავშვებს. ჩემი აზრით, ეს ყველაზე მკაფიო მაგალითია იმის დასტურად, რომ მაგნიტსკის აქტის სანქციები მტკივნეულია.

რადიო თავისუფლება: მაშინ სხვაგვარად დავსვამ შეკითხვას. ვლადიმირ პუტინი კიდევ ერთი ვადით აირჩიეს პრეზიდენტად. იგი 18 წელია ერთპიროვნულად მართავს რუსეთს. შეგიძლიათ გაიხსენოთ ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც მან გარედან ჩარევის, ზეწოლისა თუ სანქციების შედეგად შეიცვალა თავისი პრინციპული დამოკიდებულება ამა თუ იმ პრობლემის მიმართ?

ირინა ლაგუნინა: გულახდილად რომ გითხრათ, არა. და, საერთოდაც, საერთაშორისო პრაქტიკაში საკმაოდ ცოტაა შემთხვევა, როდესაც სანქციებმა უშუალოდ აიძულეს სახელმწიფო წასულიყო რაიმე ცვლილებებზე. ჩვენ შეგვიძლია თითებზე ჩამოვთვალოთ: ეს იყო ლიბია, რომლის მიმართაც სანქციების საკმაოდ მკაცრი სისტემა იქნა შემოღებული და კადაფი იძულებული გახდა უარი ეთქვა ბირთვულ პროგრამაზე. და ეს იყო თავის დროზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ სანქციები საერთაშორისო მორალის საკითხია და, გარდა ამისა, ისინი მუშაობენ. თუნდაც რუსეთის მაგალითი რომ ავიღოთ, ის მძლავრი რეცესია 2015-16 წლებში გამოწვეული იყო იმ ზუსტი სანქციებით, რომლებიც დაუწესდა კონკრეტულ სახელმწიფო საწარმოებსა და ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვაში შემავალ მის მეგობრებს.

რადიო თავისუფლება: ბოლოს უნდა ვახსენოთ სხვა სიაც. ქსენია სობჩაკმა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს მას გადასცა სია პოლიტპატიმრების. მასში შედიან აქტივისტები, ჟურნალისტები, რეჟისორი სენცოვი, ალექსეი ნავალნის ძმა - სულ 16 კაცი. და ეს ყველაფერი მოხდა დასავლეთის სანქციების შემდეგ, სულ ახლახან, 2017 წლის შემდეგ.

ირინა ლაგუნინა: დიახ და, თანაც, ეს სია შეიძლება გაფართოვდეს. საზოგადოება "მემორიალის" თანახმად, 100 კაცი ირიცხება პოლიტპატიმრად რუსეთში. და, სამწუხაროდ, ეს რეჟიმი არ იცვლება უკეთესობისკენ, არ ხდება ლიბერალური, მიუხედავად იმისა, რომ ამის გარკვეული მოთხოვნა საზოგადოებაში უკვე არსებობს და იგი განსაკუთრებით ძლიერი იყო მედვედევის პრეზიდენტობის პერიოდში, 2008 -2012 წლებში, და ყველა მოელოდა, რომ მედვედევი იქნებოდა ლიბერალური, მაგრამ, სამწუხაროდ, სწორედ მედვედევი იყო რუსეთის სახელმწიფოს სათავეში, როდესაც დაიწყო რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG