Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაჯიმბა: რუსეთი და აფხაზეთი ორი თანასწორუფლებიანი სახელმწიფოა


რაულ ხაჯიმბა
რაულ ხაჯიმბა

აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს, რაულ ხაჯიმბას 21 მარტს 60 წელი შეუსრულდა. მას დაბადების დღე მიულოცეს რუსეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა და დმიტრი მედვედევმა, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მმართველმა ანატოლი ბიბილოვმა, ისევე როგორც სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა. დაბადების დღესთან დაკავშირებით, ხაჯიმბას სოხუმში ესაუბრა რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, ელენა ზავოდსკაია. გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას.

ელენა ზავოდსკაია: პრეზიდენტის სავარძლისაკენ თქვენი გზა, როგორც ვიცით, გრძელი გამოდგა - თითქმის 10 წელი გაგრძელდა. როგორც პრეზიდენტმა, უკვე საკმარისად გრძელი გზა გაიარეთ. როგორ შეაფასებდით, რის გაკეთება შეძელით გეგმებიდან, რომლებიც დასახული გქონდათ?

დღეს შემცირებულია „ინვესტპროგრამის“ ჩარჩოებში რუსეთიდან შემონატანების მოცულობა, ხოლო ჩვენი საკუთარი შესაძლებლობები მნიშვნელონად გაიზარდა. ისინი ჩვენ თვითონვე გავზარდეთ, თუმცა ცდილობენ ამ გარემოების ახსნას იმით, რომ არსებობს ინფლაცია...

რაულ ხაჯიმბა: მართლაც, ეს გზა იოლი არ ყოფილა. რაც გავაკეთეთ ყველაზე მთავარი, ჩემი აზრით, არის ის, რომ საკუთარ თავს დავუმტკიცეთ: გვაქვს შესაძლებლობები, რესურსები, რომლებიც აფხაზეთს საშუალებას მისცემენ, დამოუკიდებელი გახდეს.

ელენა ზავოდსკაია: დააზუსტეთ, თუ შეიძლება, რა რესურსებია ეს? რას გულისხმობთ?

რაულ ხაჯიმბა: ეს არის საკითხები, რომლებმაც დღევანდელ დღეს საშუალება მოგვცა გვეჩვენებინა, რომ გარდა ფინანსური შემონატანისა, რომელიც რუსეთზე მოდის - ეს შემონატანი კი ყველა ამ წლის განმავლობაში მართლაც მნიშვნელოვანია - არსებობს ჩვენი, საკუთარი საბიუჯეტო მაჩვენებლები. დღეს შემცირებულია „ინვესტპროგრამის“ ჩარჩოებში რუსეთიდან შემონატანების მოცულობა, ხოლო ჩვენი საკუთარი შესაძლებლობები მნიშვნელონად გაიზარდა. ისინი ჩვენ თვითონვე გავზარდეთ, თუმცა ცდილობენ ამ გარემოების ახსნას იმით, რომ არსებობს ინფლაცია, კურსებს შორის სხვაობა, მაგრამ მთლად ასეც არაა. აფხაზეთს აქვს ეკონომიკური რესურსები, შესაძლებლობები, რომლებიც ბოლომდე არ არის ათვისებული ტურიზმის სფეროში, აგრარულ სექტორში და სხვა მიმართულებებით. უბრალოდ, საჭიროა ამ ამოცანების უფრო აქტიურად და გადაჭრით მოგვარება.

ელენა ზავოდსკაია: და რა ვერ შეძელით?

რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები იყო და არის ორ თანასწორუფლებიან სახელმწიფოს შორის ურთიერთობები, ზომაში სხვაობის მიუხედავად. კი, არის აზრთა სხვაობა ამათუიმ პრობლემის, ამათუიმ დოკუმენტის გარშემო...

რაულ ხაჯიმბა: ბევრი რამ. იგივე საკონსტიტუციო რეფორმა რომ ავიღოთ, ჩვენ ვაგრძელებთ მის განხორციელებას, გეგმების ნაწილი გამოვიდა. საჭიროა, გავაგრძელოთ ეს საქმე. ეს ეხება უფლებამოსილებათა გადანაწილებასაც, რომელზეც ბევრს ვლაპარაკობთ, მაგრამ ჯერ-ჯერობით, სამწუხაროდ განსაკუთრებული არაფერი გაგვიკეთებია.

ელენა ზავოდსკაია: იმ პერიოდში, რაც პრეზიდენტი ხართ, როგორი იყო რუსეთის ხელმძღვანელობასთან თქვენი ურთიერთობა? იყო თუ არა მომენტები, როცა თქვენზე ზეწოლას ახდენდნენ? და ზოგადად, როგორ აფასებთ რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობას ახლა?

რაულ ხაჯიმბა: რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები იყო და არის ორ თანასწორუფლებიან სახელმწიფოს შორის ურთიერთობები, ზომაში სხვაობის მიუხედავად. კი, არის აზრთა სხვაობა ამათუიმ პრობლემის, ამათუიმ დოკუმენტის გარშემო. ვკამათობთ, ვსაუბრობთ და საბოლოოდ ვჯერდებით ერთმანეთისათვის მისაღებ დოკუმენტებსა და ურთიერთობაზე. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა სახელმწიფოებს შორის. რაღაც ზემოქმედება, რომელზეც ლაპარაკობენ და ეს ზოგჯერ ჩემს ყურამდეც მოდის, არ ყოფილა და ვერც იქნება. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს რუსეთის ხელმძღვანელობასთან და არ შეიძლება, რომ აფხაზეთმა ეს არ გამოიყენოს. უნდა შევქმნათ პირობები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მისცემენ სრულიად განსხვავებულ ქვეყნად ქცევის საშუალებას. ეს არის საზღვრების, საკუთრების, ენერგეტიკის, კრიმინოგენული ვითარების საკითხები.

ჩვენი ყველა საუბარი ამ კაბინეტში, ან სადმე სხვაგან მიმართულია იმისაკენ, რომ ესმოდეთ: აფხაზეთი არის სახელმწიფო...

ელენა ზავოდსკაია: როგორ აფასებთ აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობას? როგორი დამოკიდებულება გაქვთ მათ მიმართ?

რაულ ხაჯიმბა: ჩვენი ყველა საუბარი ამ კაბინეტში, ან სადმე სხვაგან მიმართულია იმისაკენ, რომ ესმოდეთ: აფხაზეთი არის სახელმწიფო. მთელი იმ ძალისხმევის გათვალისწინებით, რომელთაც საერთაშორისოები მიმართავენ იმის დემონსტრირებისათვის, რომ ითვალისწინებენ საქართველოს პოზიციას, და როცა საუბრობენ ტერიტორიულ მთლიანობაზე, ერთიანი სახელმწიფოს საერთო ტერიტორიაზე ერთად ცხოვრების პერსპექტივაზე, ყოველთვის ვამბობ ხოლმე - ეს არის გუშინდელი თემა. მასთან დაბრუნებას აზრი აღარ აქვს. თუ ვინმეს სურს ჩვენთან ურთიერთობის დამყარება, მაშინ ურთიერთობა გასაგები უნდა იყოს მათთვისაც და ჩვენთვისაც. ჩვენ ვართ სახელმწიფო. ჩვენ საკუთარი თავი ვაღიარეთ, ამით იწყება აღიარება სხვა სახელმწიფოების მიერ. თუ საერთაშორისო სტრუქტურების ამათუიმ წარმომადგენლებს არ სურთ აფხაზეთის არსებობის აღიარება - ეს მათი პრობლემაა. მაგრამ იმას ვერაფერს უზამენ, რომ ჩვენ ვარსებობთ და განვვითარდებით. რაც შეეხება ამათუიმ დახმარებას - არ შეიძლება მისი გაწევა ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოსთან ურთიერთობის პრიზმაში გატარებით. თუმცა ვფიქრობ, რომ ამასაც თანდათან აცნობიერებენ.

ელენა ზავოდსკაია: რომ გითხრან - ერთი, ნებისმიერი სურვილი აგიხდებათო, რას ისურვებდით?

რაულ ხაჯიმბა: ვიხილო შემდგარი ქვეყანა, ერთიანი ხალხი.

ელენა ზავოდსკაია: რას ნიშნავს თქვენთვის ცნება „შემდგარი“?

რაულ ხაჯიმბა: ეს არის ქვეყანა, რომელიც წარმატებულია ეკონომიკურ ურთიერთობებში, უსაფრთხოების საკითხებში და მთავარ - ეროვნული თანხმობის საკითხში. ამის გარეშე არაფერი გამოდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG