Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რებეკა ჰარმსი: „დასავლეთმა დაივიწყა ‘გაყინული კონფლიქტები’“


Georgia -- socialthumb. Tbilisi, 22Jul2017
Georgia -- socialthumb. Tbilisi, 22Jul2017

საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხება საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ყოველ ზაფხულს ბათუმი მასპინძლობს. წელს კონფერენცია სოფელ ბერშუეთთან „მცოცავი ოკუპაციის“ განახლებას დაემთხვა. ფორუმის მიმდინარეობას ფონად გასდევდა, ასევე, ბრალდებები აზერბაიჯანისა და თურქეთის ხელისუფლებების მიერ დევნილი მოქალაქეების საქმესთან საქართველოს კავშირების თაობაზე. კონფერენცია 2007 წლიდან იმართება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით. მასში მონაწილეობენ ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები და საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტები.

წელს კონფერენციის მთავარ მომხსენებლებს შორის იყო გერმანელი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი. იგი მდგრადი კლიმატური პოლიტიკისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების მხარდამჭერია. რებეკა ჰარმსს, როგორც თავადვე ამბობს, „პუტინოფობად“ მოიხსნიებენ, თუმცა ხაზს უსვამს, რომ რუსოფობი არ არის. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მოახლოებული არჩევნები გერმანიაში და ენერგოუსაფრთხოება - ამ და სხვა საკითხებზე ილაპარაკა რებეკა ჰარმსმა რადიო თავისუფლებასთან.

იმის მიუხედავად, რომ დღეს ამ რეგიონში არ არის ბევრი „გაყინული კონფლიქტი“, არის კრემლის სტრატეგია, რომელიც მიმართულია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სუვერენული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ...
რებეკა ჰარმსი

რადიო თავისუფლება: საუბარი უნდა დავიწყოთ საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. „მცოცავი ოკუპაციისა“ და ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევის თემით. როგორც ვხედავთ, პროცესი არ შეჩერებულა. როგორ უყურებს ამას დასავლეთი და რას უნდა ელოდეს საქართველო?

რებეკა ჰარმსი: ვფიქრობ, დასავლეთმა გარკვეულწილად დაივიწყა ე.წ. გაყინული კონფლიქტები. და მხოლოდ ყირიმის ანექსიის შემდეგ, დონბასის ოკუპაციისა და ომის გამო, ევროკავშირში და დასავლეთში, ხალხს გაახსენდა, რომ სხვა პრობლემებიც არსებობს, არა იმავე განზომილების, მაგრამ ასეთივე საშინელი იმ რეგიონებისათვის, რომლებსაც ეს პრობლემები უკავშირდება. ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის თითქმის ყველა ქვეყანას ეხება. მე ვფიქრობ, ყირიმის ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ, ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ „გაყინული კონფლიქტები“ რაოდენობით არ განისაზღვრება, და რომ მთავარი რაოდენობა კი არ არის, არამედ კრემლის სტრატეგია, რომელიც მიმართულია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სუვერენული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ.

რადიო თავისუფლება: თუ საქართველოსა და უკრაინას შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირში მიმდინარე დისკუსიების მთავარი საგანი უკრაინაა. საქართველოს საკითხმა, გარკვეულწილად, უკან გადაინაცვლა. იზიარებთ ამ პოზიციას?

რებეკა ჰარმსი: დიახ, ის იმდენად აღარ არის მედიის ყურადღების ცენტრში, თუმცა უკრაინა დიდი ქვეყანაა და იქ პრობლემებიც ძალიან აშკარაა: მიმდინარე ომი, ოკუპაცია, შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები, კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები - ეს თემები არ კარგავს აქტუალობას არც მედიაში და არც ევროკავშირის სივრცეში. იცით, ყოველთვის არც არის კარგი, როდესაც ყურადღების ცენტრში ხარ. საქართველოს რაც შეეხება, აქაც არის პრობლემები, თუმცა არა ისეთივე. თანაც, აქ პოზიტიური წინსვლის ბევრი მაგალითია, რასაც ძალიან კარგად ხედავს ევროპული საზოგადოება.

გაოგნებაც აღარ ჰქვია იმას, რითაც გამოიხატება ჩემი დამოკიდებულება იმ ფაქტის მიმართ, რომ თბილისის ცენტრში დღისით სრულიად შესაძლებელი გახდა ადამიანის გატაცება...
რებეკა ჰარმსი

რადიო თავისუფლება: კარგი იქნებოდა საუბარი გაგვეგრძელებინა საქართველოს ადგილით მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე. დასავლეთში ბევრი პრობლემაა. ევროპის კონტინენტის სახელმწიფოები ცდილობენ მათთან გამკლავებას. როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს ადგილი ასეთ რეალობაში?

რებეკა ჰარმსი: საქართველოში დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ, ბათუმში -მით უმეტეს. როგორც ვხედავ, თბილისი ძალიან ევროპული ქალაქია. ეს დაადასტურა ცოტა ხნის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებებმაც, რომლებიც შეეხება საქართველოს კურსს ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით. თუმცა საქართველოს მაინც რთული მდებარეობა აქვს რუკაზე. მას ესაზღვრება რუსეთი და არც ისე მეგობრული ქვეყნები, როგორიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი. ეს უკანასკნელი კიდევ უფრო აგრესიული ხდება. ამიტომ საქართველოს, ისე როგორც არასდროს, სჭირდება ევროკავშირის პარტნიორობა, ევროპული კავშირები და ევროპული პერსპექტივა.

რადიო თავისუფლება: რამდენად იზიარებთ კრიტიკას, რომელიც მიმართულია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ აფგან მუხთარლისა და მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეებთან დაკავშირებით?

რებეკა ჰარმსი: გაოგნებაც აღარ ჰქვია იმას, რითაც გამოიხატება ჩემი დამოკიდებულება იმ ფაქტის მიმართ, რომ თბილისის ცენტრში დღისით სრულიად შესაძლებელი გახდა ადამიანის გატაცება. იმედი მაქვს გამოძიება დამოუკიდებლად წარიმართება, დაიკითხებიან საქმის ადვოკატები. დამოუკიდებელი გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია და ამის შესახებ ჩვენ მთავრობის წარმომადგენლებსაც მოვახსენეთ. მათ იციან, რომ ჩვენ დამოუკიდებელი გამოძიება გვსურს. გვესმის, რომ მათ არ შესწევთ ძალა აფგანი გაათავისუფლონ, თუმცა დამოუკიდებელი გამოძიების უზრუნველყოფით მათ პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ. რაც შეეხება ემრე ჩაბუქის საქმეს, აუცილებელია გამოჩნდეს, რომ მოძრაობის ორგანიზება დანაშაული არ არის. ემრე ჩაბუქის მსგავსად, ბევრმა მისმა თანამოქალაქემ მხოლოდ სამსახური კი არ დაკარგა, ისინი ციხეშიც აღმოჩნდნენ. თურქეთი მათ ექსტრადიციას ითხოვს. ეს ნათლად აჩვენებს, რამდენად მძიმე მდგომარეობაა არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთ, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ვფიქრობ, დასავლელმა, ევროპელმა პოლიტიკოსებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხზე გიულენის მოძრაობის წევრებს შორის.

რადიო თავისუფლება: არ მინდა ეს ინტერვიუ ისე დავასრულოთ, რომ არ გკითხოთ გარემოსდაცვითი აქტივიზმის, მწვანე აქტივიზმის შესახებ. ბათუმის კონფერენციაზე თქვენ ახსენეთ ჰიდროელქტროსადგურების საკითხი. გასულ კვირაში საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკის ახალი მინისტრი დანიშნა. ის დიდი ელექტროსადგურების აშენების მხარდამჭერია. არადა, ამ ინიციატივას მასშტაბური და რადიკალური წინააღმდეგობა მოჰყვა საქართველოს რეგიონებში. როგორია გარემოსდაცვითი ინტერესების, მოქალაქეთა ინტერესებისა და ენერგოდამოუკიდებლობის, ენერგოუსაფრთხოების მშვიდობიანი შეთავსების საუკეთესო მოდელი?

გერმანია კვლავ რჩება ერთ-ერთ ძლიერ, ეკონომიკურად წამყვან სახელმწიფოდ ევროკავშირში. ქალბატონი მერკელი ევროკავშირის გამორჩეული ლიდერია და გამარჯვებაც, ალბათ, მას ხვდება წილად...
რებეკა ჰარმსი

რებეკა ჰარმსი: არა მგონია, ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება სრულად მისაღწევი მიზანი იყოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მსოფლიოს უპირველესი მიზანი გახდება. ენერგოუსაფრთხოების საკითხი იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც საქართველოში, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში, ენერგოუსაფრთხოება ბუნებრივ რესურსებს ეფუძნება. ამან უფრო მდგრადი განვითარების ხასიათი უნდა შეიძინოს. ეს პროცესი მაინცდამაინც იმას არ გულისხმობს, რომ აქცენტი მხოლოდ ჰიდროენერგიაზე უნდა გავაკეთოთ. უნდა ვიფიქროთ იმაზეც, როგორ ავითვისოთ ისეთი განახლებადი რესურსები, როგორიცაა ქარი და მზე. მეტად უნდა ვიფიქროთ ენერგიის დაზოგვასა და ენერგოეფექტურობაზე. ის, რაც ბათუმში ვნახე, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ აქ ბევრი რესურსია ენერგიის დაზოგვისა და მისი ეფქტურად გამოყენების თვალსაზრისით. ამასთან ერთად, მინდა ვთქვა, რომ უკვე კარგის ნიშანია ევროპის ენერგოთანამეგობრობის წევრობა. მინდა მოგიწოდოთ, არ დაეყრდნოთ მილსადენების სტრატეგიას, მიჰყევით საკუთარი მდგრადი რესურსების სტრატეგიას.

რადიო თავისუფლება: ჩემი ბოლო კითხვა შეეხება გერმანიაში არსებულ სიტუაციას. სექტემბერში ახალ ფედერალურ მთავრობას აირჩევენ. როგორია თქვენი მოლოდინი არჩევნების წინ? განსაკუთრებით მაინტერესებს, როგორ ხედავთ გერმანიის როლს ევროპის მომავლის განსაზღვის საქმეში. ის ხომ ყოველთვის გავლენიანი და ძლიერი ქვეყანა იყო!.

რებეკა ჰარმსი: გერმანია კვლავ რჩება ერთ-ერთ ძლიერ, ეკონომიკურად წამყვან სახელმწიფოდ ევროკავშირში. ქალბატონი მერკელი ევროკავშირის გამორჩეული ლიდერია და გამარჯვებაც, ალბათ, მას ხვდება წილად. მე, როგორც მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი, იმედს ვიტოვებ, რომ რომელმა პარტიამაც უნდა გაიმარჯვოს, ჩემი პარტია მაინც დარჩება მესამე პარტიად პარლამენტში. ცხადია, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მდგრადი კლიმატური პოლიტიკისა და ენერგოპოლიტიკის მხარდაჭერას. უსაფრთხოების საკითხებს რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირისკენ გაფართოების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ჩემი პარტია უფრო სანდოა, ვიდრე სოციალ-დემოკრატებისა და მემარცხენე პარტიები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG