Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი საქართველოსთვის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მეზობელი და პარტნიორი ხდება


ირანელი ტურისტები თბილისში
ირანელი ტურისტები თბილისში

საერთაშორისო სანქციების მოხსნის შემდეგ ირანი საქართველოსთვის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მეზობელი და პარტნიორი ხდება. გასული კვირის მიწურულს გამოქვეყნებული ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ანგარიში „საქართველო და ირანი: „კარის გაღების“ შესაძლებლობების ძიება“ იძლევა პასუხს კითხვებზე, თუ სად შეიძლება გადაიკვეთოს საქართველოსა და ირანის ეკონომიკური ინტერესები. ვფიქრობთ, ეს თემა საინტერესო უნდა იყოს მკითხველისთვისაც, რადგან საქმე საკმაოდ დიდ ეკონომიკურ პოტენციალს ეხება.

შეგახსენებთ, რომ ირანი იყო ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელსაც საქართველოში უვიზო რეჟიმი ჰქონდა 2013 წლის შუა ხანებამდე, როდესაც საქართველოს მთავრობამ ეს რეჟიმი გააუქმა. შედეგად, ირანელი ვიზიტორების რაოდენობა 2015 წელს თითქმის 72 %-ით შემცირდა, 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

საქართველოში რეგისტრირებული ირანული ბიზნესების რაოდენობა 2010 წლის შემდეგ 2 წელიწადში 100-დან 1500-მდე გაიზარდა. სანქციების გაუქმება იმას ნიშნავს, რომ საქართველო, რომელიც მანამდე გარკვეულწილად შეზღუდული იყო, აშშ-თან მისი ახლო ურთიერთობებისა და მასზე დამოკიდებულების გამო, უფრო გაიხსნება ირანული კაპიტალისთვის, ხოლო ირანმა, თავის მხრივ, ქართულ ეკონომიკაში ინვესტირება, შესაძლოა, მომგებიანად მიიჩნიოს. თუ საქონლის ტრანსპორტირება მართლაც გაიზარდა, ირანი შეიძლება საქართველოში საწყობების მშენებლობით, პორტებსა და ინდუსტრიულ ზონებში ინვესტირებით დაინტერესდეს.

ირანი ჯერჯერობით საქართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად არ ჩამოყალიბებულა. 2015 წელს ირანი სიდიდით მე-12 საექსპორტო ქვეყანა იყო, სადაც ქართული ექსპორტის 1.62 % გადიოდა და, ასევე, სიდიდით მე-12 იმპორტიორი ქვეყანა, საიდანაც საქართველოს იმპორტის 1.19 % შემოდიოდა. ეს ციფრები ოდნავ აღემატება ირანის საშუალო წილს საქართველოს ვაჭრობაში (იმპორტის 0.89 % და ექსპორტის 0.99 % 1995-2015 წლებში).

ამ დაბალი ციფრების მიუხედავად, ირანი დახერხილი ხე-ტყის მასალის საექსპორტო მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელშიც 2015 წელს მთლიანი ექსპორტის 46.8 % გავიდა, ხოლო 2006 წლიდან - 23.3 %. კიდევ ერთი პოტენციურად მნიშვნელოვანი ექსპორტის კატეგორიაა ავტომობილებისა და მანქანების რე-ექსპორტი, რომლის 5.5 % ირანში გავიდა 2015 წელს.

ირანის იმპორტში დიდ ნაწილს ის საქონელი იკავებს, რომლის იმპორტირებისთვისაც ირანი, როგორც ჩანს, მთავარი წყაროა: 2006-2015 წლებში ირანიდან იმპორტირებული იქნა ნავთობის კოქსი - 57.8 %, თერმულად გაპრიალებული მინა - 57 %, ყურძენი - 51 % და პარკები და ტომრები - 33 %, რაც იმას ნიშნავს, რომ ირანი შეიძლება მიჩნეული იქნეს მსხვილ სავაჭრო პარტნიორად, ოღონდ რამდენიმე სპეციფიკური საქონლის იმპორტში.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვან ენერგოექსპორტიორად ირანის ხელახლა გამოჩენა საქართველომ შეიძლება ბუნებრივი აირის ექსპორტის დივერსიფიცირების ახალ შესაძლებლობად გამოიყენოს, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ახლა, საქართველო-„გაზპრომის“ მოლაპარაკებების კონტექსტში. საქართველოს ასევე შეუძლია ირანული ნავთობის ევროპაში ტრანსპორტირების იაფი გზა უზრუნველყოს.

მას შემდეგ, რაც თბილისი-ფოთის გზის განახლება დასრულდება, მას შეუძლია მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერიის როლი შეასრულოს ირანისთვისაც. სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობს ირან-სომხეთის სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე, რომელიც ამჟამინდელ ირან-აზერბაიჯანის რკინიგზის ალტერნატივა იქნება და ირანს შავ ზღვასთან საქართველოს გავლით დააკავშირებს. არსებობს საფრთხეც, რომ რუსეთი აფხაზეთ-სომხეთის რკინიგზის ვარიანტის გატანას შეეცდება, რასაც ყურადღების მიქცევა სჭირდება. საქართველოს საკუთარი პროდუქტების ფართო სპექტრის შეთავაზებაც შეუძლია და ეს სასმელი და მინერალური წყლის რესურსებით უნდა დაიწყოს. ასევე, თუ გაზის/ნავთობის მილსადენის საკითხი დადგება, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მილების წარმოების სტიმულირების შესაძლებლობა გაჩნდება. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი პოტენციური სფერო საბანკო სექტორია. ყველაფერი ზემოთქმული ცხადყოფს, რომ არსებულ პოტენციალს კარგად შესწავლა და განვითარებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG