Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუმთავრებელი ომი, ზოგიერთი ირანელის ღია მოთხოვნა, შეიქმნას ბირთვული ბომბი და შეფასებები

2005 წელს ისპაანის ურანის გადამამუშავებელ საწარმოში ირანელი ტექნიკოსები ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ დალუქულ, რადიოაქტიური ურანის - ე. წ. „ყვითელი ნამცხვრის“ - კონტეინერს იღებენ
2005 წელს ისპაანის ურანის გადამამუშავებელ საწარმოში ირანელი ტექნიკოსები ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ დალუქულ, რადიოაქტიური ურანის - ე. წ. „ყვითელი ნამცხვრის“ - კონტეინერს იღებენ

ირანში ადრე ტაბუდადებული იყო ბირთვული იარაღის შექმნაზე საჯაროდ საუბარი. ხელისუფლება ხშირად მიუთითებდა ქვეყნის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის რელიგიურ განკარგულებაზე - ფატვაზე, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღის შექმნას კრძალავს.

ირანელი ოფიციალური პირები ყოველთვის აცხადებდნენ, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამა, აიათოლას ამ განჩინების საფუძველზეც, მხოლოდ სამშვიდობო - სამოქალაქო მიზნებს ემსახურება.

მოქმედი კანონმდებლებისა და უსაფრთხოების სფეროს ოფიციალური პირების მხრიდან ბომბის გამოყენების ღიად მოთხოვნა რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებთან ომი გაურკვეველ ფაზაში გადავიდა, ვითარება შეიცვალა.

კონფლიქტის დაწყებიდან თითქმის რვა თვის თავზე - და როცა ვრცელდება ცნობები, რომ ვაშინგტონი ირანში, ნათანზის ობიექტის მახლობლად, ქუჰ-ე ქოლანგის მთაზე ("პიკექსის მთა", "წერაქვის მთა") მდებარე მშენებარე მიწისქვეშა ობიექტზე დარტყმების შესაძლებლობას განიხილავს - მსგავს მოსაზრებებს უფრო ხშიარად გამოთქვამენ. აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, აღნიშნული ობიექტზე ირანმა იქ ათასობით ცენტრიფუგა გადაიტანა.

ქამალ ხარაზიმ, ხამენეის მრჩეველმა, რომელიც ამ წლის დასაწყისში დაიღუპა ისრაელის თავდასხმების დროს, 2024 წელს თქვა, რომ თეირანმა „შეიძლება გადახედოს ბირთვულ დოქტრინას“, თუკი ეგზისტენციალურ საფრთხეს იგრძნობს.

აშშ-სა და ისრაელის ირანის წინააღმდეგ წელს მიმდინარე ომი, როგორც ჩანს, ზოგიერთის აზრით, სწორედ ეგზისტენციალურ საფრთხედ განიხილება.

28 თებერვალს ომის პირველივე ზუსტ დარტყმებს ემსხვერპლნენ ხამენეი და ირანის უმაღლესი უსაფრთხოებისა და სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ დარტყმები, ძირითადად, სახელმწიფო, სამხედრო თუ ბირთვულ ობიექტებზე იყო მიმართული, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც, რასაც რიგითი ირანელების სიცოცხლე შეეწირა.

შემდეგ აშშ-ის მასშტაბური სამხედრო ოპერაციები შეწყდა და დაიწყო ეკონომიკური ზეწოლა, მათ შორის, ირანის ნავსადგურების საზღვაო ბლოკადა, ხოლო შუამავლების მეშვეობით მიმდინარე არაპირდაპირი მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო ირანის ბოლოდროინდელი წინადადება, რომელიც ცეცხლის შვიდდღიან შეწყვეტასა და ჰორმუზის სრუტის ეტაპობრივ გახსნას ითვალისწინებდა. ის ასევე დაიმუქრა, რომ შესაძლოა, კვლავ განახორციელოს მასშტაბური დარტყმები. ვაშინგტონის თქმით, ნებისმიერი შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს ირანის ურანის გამდიდრების შესაძლებლობების, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის სიტყვებით რომ ვთქვათ, „არსებით“ შემცირებას.

ბირთვული იარაღის შექმნისკენ ღია მოწოდებები

ირანმა 1968 წელს ხელი მოაწერა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებას (NPT), ხოლო 1970 წელს მოახდინა მისი რატიფიცირება. აღნიშნული შეთანხმება ბირთვულ სახელმწიფოებს უკრძალავს არსენალების გაზიარებას, ხოლო არაბირთვულ სახელმწიფოებს ავალდებულებს, არ შექმნან ასეთი იარაღი. ამავდროულად, დოკუმენტი უზრუნველყოფს მშვიდობიანი ბირთვული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას კონტროლის შესაბამისი მექანიზმების გარანტიის პირობებში.

2015 წელს ისლამურმა რესპუბლიკამ შეთანხმებას მიაღწია და ხელი მოაწერა „მოქმედების ერთობლივ ყოვლისმომცველ გეგმას“ (JCPOA) გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან და გერმანიასთან, რაც სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ თეირანის ბირთვულ პროგრამის შეზღუდვას გულისხმობდა.

თუმცა მას შემდეგ, რაც 2018 წელს ტრამპმა აშშ ცალმხრივად გაიყვანა შეთანხმებიდან, რომელიც ამით დაირღვა, ირანმა კი ეტაპობრივად დაიწყო ურანის გამდიდრების პროცესის გააქტიურება. ამასთან, ის კვლავ აცხადებდა, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურებოდა.

გასული წლის ივნისში ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს - გამოითქმოდა ვარაუდი, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნასთან ახლოს იყო. 28 თებერვალს მათ ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს და განახორციელეს საჰაერო დარტყმები, რასაც დღეს ჯერ კიდევ დაუსრულებელი ომი მოჰყვა.

აჰმად ბახშაიეშ არდესთანიმ, კანონმდებელმა და პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის გავლენიანი კომიტეტის წევრმა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ირანმა თავისი ბირთვული პროგრამისთვის უკვე გადაიხადა საფასური და ახლა იარაღის შექმნის დროა.

კიდევ ერთმა კანონმდებელმა, ჰოსეინ ალი ჰაჯი-დელიღანიმ, ირანის მიერ ბირთვული შეკავების მექანიზმის არქონა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სისუსტედ დაასახელა და მიანიშნა, რომ შესაძლოა, არცთუ ისე შორეულ მომავალში ბირთვული ბომბის გამოცდაც მოხდეს.

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა, მოჰსენ რეზაეიმაც თქვა გაკვრით, რომ ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა გამორიცხული არ არის. მან ტრამპის პოლიტიკა დაადანაშაულა იმაში, რომ ის „მსოფლიოს ბირთვული იარაღის მოპოვებისკენ უბიძგებს“.

დავუდ მოდარესიანმა, კონსერვატორმა კომენტატორმა და ბირთვული იარაღის შექმნის მომხრემ, სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ბომბის შექმნა „საკვებზე უფრო მნიშვნელოვანია“.

ის ამტკიცებდა, რომ ატომური ბომბის შემუშავება იქნებოდა „ქვეყნის გადარჩენის გარანტი“ და მიუთითებდა ტრამპის ამ თვის დასაწყისში გაკეთებულ კომენტარზე ბირთვულ ძალებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ.

„როცა ხალხს 11 ბირთვული რაკეტა აქვთ, სჯობს, მათთან კარგი ურთიერთობა გქონდეს“, - თქვა ტრამპმა ჩრდილოეთ კორეასა და მის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან ურთიერთობაზე.

2003 წელს ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ოფიციალურად გამოსცა განჩინება - ფატვა, რომელიც, ისლამური სამართლის საფუძველზე, ირანს ბირთვული იარაღის შექმნას, ფლობასა და გამოყენებას უკრძალავს.

ამას ეყრდნობა ირანის ოფიციალური პოზიცია, რომ ის იარაღის შექმნას არ ესწრაფვის, რომ ბირთვული პროგრამა სამშვიდობო მიზნებისთვის ვითარდება.

მოდარესიანის თქმით, ეს ფატვა ბირთვული იარაღის შექმნის გზაზე რეალურ დაბრკოლებას არასდროს წარმოადგენდა. მან ირანის მიერ ბირთვული პროგრამის იარაღად არ გარდაქმნის მიზეზად „გადაუწყვეტლობა და ერთიანი პოლიტიკური ნების არარსებობა“ დაასახელა.

ფატვისა არ სჯეროდათ დასავლეთშიც, როცა ირანის მიმართ ისმოდა ბრალდება, რომ ის საიდუმლოდ ავითარებს ბირთვულ იარაღს.

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ყოველთვის კატეგორიული იყო და აცხადებდა, ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, რომ ირანი ახლოს არის ბირთვული იარაღის შექმნასთან.

ის ახლა გავრცელებულ ხმებსაც გამოეხმაურა 21 ოქტომბერს და თქვა, რომ „ირანულმა რეჟიმმა ჯერ კიდევ ვერ ისწავლა გაკვეთილი. მოჯთაბა ხამენეიმ, ამ
ახალმა ტირანმა, გადაწყვიტა, მამის კვალს გაჰყვეს. მან პროცესი უკვე აამოქმედა და ირანი კვლავ ცდილობს, სასიკვდილო იარაღი შექმნას".

ნეთანიაჰუ თვლის, რომ "ამ საფრთხის სამუდამოდ აღმოფხვრის მხოლოდ ერთი გზა არსებობს - ირანის რეჟიმის დამხობა. სწორედ ეს დავალება მივეცი ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF), „მოსადსა“ და უსაფრთხოების სამსახურებს.“

ზოგიერთები ირანში - ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ - ეწინააღმდეგებიან ბირთვული პროგრამის ან იმის, რაც მისგან დარჩა, იარაღად გადაქცევას.

მოჰამად მოხბერმა, ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, რომელიც ამჟამად უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის მთავარი მრჩეველია, განაცხადა, რომ ირანს უკვე გააჩნია საჭირო შემაკავებელი ძალა. 19 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ თეირანის პოლიტიკა, რომელიც კონფლიქტის რეგიონზე გავრცელებას გულისხმობს, საკმარისად ძლიერ შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენს.

მოხბერმა ასევე ხაზი გაუსვა ირანის შესაძლებლობას, შეაფერხოს გემების მოძრაობა ჰორმუზის სრუტეში და განაცხადა: „ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს, ატომური ბომბი არ სჭირდება“. მისი თქმით, ამ სტრატეგიული გასასვლელის კონტროლი მილიარდობით ადამიანზე ახდენს გავლენას, მაშინ როდესაც ბომბმა „შესაძლოა 50 000-დან 100 000-მდე ადამიანი მოკლას“.

ამავდროულად, ბირთვული იარაღის შექმნის მოწინააღმდეგე კომენტატორები აფრთხილებენ მხარეებს იმ შედეგების შესახებ, რაც ბომბის შექმნის მცდელობას შეიძლება მოჰყვეს.

თეირანში მოღვაწე ჟურნალისტმა, სინა ჯაჰანიმ განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებიდან (NPT) გასვლა და ბირთვული იარაღის შექმნა „ისრაელის წისქვილზე დაასხამდა წყალს“. ამავდროულად, პოლიტიკურმა მიმომხილველმა ამირ ალი აბოლფათჰმა აღნიშნა, რომ ირანის მოწინააღმდეგეები ბირთვული იარაღის შექმნის ნებისმიერი მცდელობის შესახებ მანამდე შეიტყობენ, სანამ ირანი მის წარმოებას შეძლებს.

„რა მოხდება, თუ ქვეყნის მთელი ინფრასტრუქტურა განადგურდება დამანგრეველი ამერიკული თავდასხმის შედეგად, სანამ ბირთვული შეკავება იქნება მიღწეული?“ - დაწერა მან X-ზე და თავისი შეკითხვით ბირთვული შეიარაღების მომხრეებს მიმართა. - „ექნება თუ არა ატომური ბომბის ქონას შეკავების ეფექტი მას შემდეგ, რაც ქვეყანა უკვე განადგურებული იქნება?“

ბირთვული პროგრამის მდგომარეობა

იმ დროს, როდესაც ირანში კამათობენ იმაზე, უნდა გადააქციონ თუ არა ბირთვული პროგრამა იარაღის შექმნის ინსტრუმენტად, უფრო პრაქტიკული საკითხი წამოიჭრება: შეუძლია თუ არა ირანს, რეალურად შექმნას ბომბი, თუ გავითვალისწინებთ მისი ბირთვული ინფრასტრუქტურის ამჟამინდელ მდგომარეობას?

ირანის შესაძლებლობა, გაამდიდროს ურანი, სერიოზულად არის დასუსტებული, თუმცა მისი ბირთვული პროგრამის ბირთვი, სავარაუდოდ, კვლავ არსებობს.

გამდიდრების სამი ობიექტიდან განადგურდა ერთადერთი მიწისზედა კომპლექსი ნათანზში. დანარჩენი ორი - ნათანზსა და ფორდოში - ძლიერ დაზიანდა. გავრცელებული აზრით, ისინი მწყობრიდანაა გამოსული. დარტყმების შედეგად ასევე განადგურდა ირანში არსებული ერთადერთი საწარმო, რომლებიც ურანის გადამუშავებასა და გარდაქმნას ემსახურებოდა.

ყველაზე დიდი გაურკვევლობა ირანის 440,9 კილოგრამი, 60%-მდე გამდიდრებული ურანის მარაგის ბედს უკავშირდება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ ჯერ კიდევ მარტში განაცხადა, რომ ამ მარაგის 200 კილოგრამზე მეტი ისპაანის გვირაბებში ინახება, ნაწილი კი - ნათანზში. სექტემბერში სააგენტომ აღნიშნა, რომ ამ მარაგების ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ერთ წელზე მეტი ხნის წინ დაკარგა.

What Is Iran's Secretive Pickaxe Mountain? What Is Iran's Secretive Pickaxe Mountain?
please wait

No media source currently available

0:00 0:01:47 0:00

რა არის ირანის საიდუმლო ქუჰ-ე კოლანგის მთა?

აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, ირანმა ათასობით ცენტრიფუგა ქუჰ-ე კოლანგის მთაში გადაიტანა, სადაც ისინი გრანიტის საფარ ქვეშ, დაახლოებით 80-100 მეტრის სიღრმეზეა განთავსებული.

გასულ კვირას ტრამპმა მედისთან აღნიშნა, რომ „მათი ბირთვული ობიექტი მილიონობით ტონა მთის ქვეშ არის დამარხული. ახლა „ქუჰ-ე კოლანგის მთას“ ვადევნებთ თვალს. შესაძლოა, იქ დარტყმა დაგვჭირდეს. შანსს ხელიდან არ გავუშვებთ და მას სწრაფად გავანადგურებთ“.

ტრამპის ამ სიტყვების საპასუხოდ, ირანის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ალი აბდოლაჰიმ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი ახალი ომი ესკალაციას გამოიწვევს და მთელ რეგიონს მოიცავს.

ფორდო დაბომბვამდე და დაბომბვის შემდეგ

მეტი აჩვენე ნაკლები აჩვენე
მეტი აჩვენე ნაკლები აჩვენე
მეტი აჩვენე ნაკლები აჩვენე
Previous slide
Next slide

„ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი ახალი ომის დაწყება გარდაუვალად გავრცელდება და ცეცხლში ყველას გაახვევს,“ - განაცხადა მან.

ნათანზის მახლობლად მდებარე და ამჟამად შექმნის სტატიაშია ზემოხსენებული ქუჰ-ე კოლანგის მთის საიდუმლო ობიექტი, რომლის მშენებლობა დაიწყო 2020 წელს, რათა მას შეეცვალა მიწის ზემოთ მყოფი ცენტრიფუგების საამქრო, რომელიც განადგურდა დღემდე საბოლოოდ დაუდგენელი მხრიდან თავდასხმის შედეგად, რაშიც თეირანი ისრაელს ადანაშაულებს, ისევე, როგორც იმავე ნათანზის ბირთვულ ობიექტზე, იმავე, 2021 წლის თავდასხმაში, სადაც წლიურად ათასობით ცენტრიფუგა უნდა ეწარმოებინათ.

თავდასხმების გამო ირანმა გადაწყვიტა მიწისქვეშა ობიექტის მშენებლობა. ახალი ობიექტი სულ მცირე, მიწის ქვეშ ას მეტრში მდებარეობს. იქ შესვლა სულ მცირე, სამი გვირაბით არის შესაძლებელი. ექსპერტების თანახმად, იქ შექმნილი სივრცე საკმარისია არა მხოლოდ ცენტრიფუგების საწარმოებლად, ასევე იარაღისთვის საჭირო დონეზე ურანის გასამდიდრებლადაც.

ის რომ ამ ყველაფერს იქ მართლაც შექმნიან, არავის დაუმტკიცებია, აქ მხოლოდ იმაზეა ლაპარაკი, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ ასევე არავის გაუკონტროლებია ეს ობიექტი, რა ხდება შიგნით.

სატელიტით გადაღებული ფოტოები აჩვენებს, რომ მშენებლობა არ შეწყვეტილა. აშშ-მა ირანთან შარშანდელი, ორი 12-დღიანი და წელს თებერვალში დაწყებული ომების დროს ბირთვულ ობიექტებს დაარტყა და მიწისქვეშ 20 მეტრის სიღრმეზე მდებარე ბუნკერები ამოიღო სამიზნეში. მაგრამ ქუჰ-ე კოლანგის მთის ობიექტი სულ სხვაა: ის ძალიან ღრმად, სწორედ ამგვარი თავდასხმებისგან დაცულ სისტემას წარმოადგენს. მას არავინ შეხებია ამ ხსენებული თავდასხმების ორი ეტაპის დროსაც. ექსპერტები თვლიან, რომ შესასვლელების განადგურება შეიძლება, მაგრამ არა შიდა სივრცისა.

ობიექტის სუსტი წერტილებია მისი კომუნიკაციები, ელექტრო, სავენტილაციო და სხვა კავშირებია გარე სამყაროსთან.

თეორიულად, სანამ ირანს მაღალგამდიდრებული ურანის მარაგი აქვს, მას შეუძლია, სულ მცირე ძალისხმევითა და სულ რამდენიმე ცენტრიფუგის გამოყენებით, ეს ურანი იარაღის წარმოებისთვის საჭირო დონემდე გაამდიდროს. სწორედ ამიტომ მოექცა ქუჰ-ე კოლანგის მთის ობიექტი გარკვეული ხანია ყურადღების ცენტრში. თუმცა, აქვს თუ არა ირანს რეალურად ბომბის შექმნის შესაძლებლობა - ეს უკვე სხვა საკითხია.

ირანი დიდი ხანია უარყოფს თავისი მარაგების დათმობის იდეას, თუმცა, შეერთებულ შტატებთან მიღწეული უფრო ფართო შეთანხმების ფარგლებში, რომელიც, უკვე რვა თვის განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულებას ისახავს მიზნად, ის ამ მარაგების შემცირების წინადადებით გამოვიდა.

კატეგორიები
​
XS
SM
MD
LG