მოჰსენ რეზაი, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) ყოფილი მთავარსარდალი, ქვეყნის უშიშროების სისტემის ცენტრში დაბრუნდა მის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გარდამტეხ მომენტში.
1980-იანი წლების უმეტეს დროს - ირან-ერაყის ომის პერიოდში და მის შემდეგ - „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) 16-წლიანი ხელმძღვანელობისა და სხვა საკვანძო სახელმწიფო ინსტიტუტში თითქმის მეოთხედი საუკუნის გატარების შემდეგ, რეზაი ახლა ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს (SNSC) მდივანია. ამით ის საკვანძო ფიგურა ხდება ომის, ბირთვული მოლაპარაკებებისა და საგარეო ურთიერთობების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობისა და მისი მემკვიდრის პოსტზე მისი ვაჟის, მოჯთაბას გამოჩენის შემდეგ, რეზაის დანიშვნა ახალ მნიშვნელობას ანიჭებს პირს, რომლის კარიერაც ისლამური რესპუბლიკის თითქმის მთელ ისტორიას მოიცავს.
შაჰის მოწინააღმდეგე აქტივისტობიდან IRGC-ის მეთაურობამდე
1954 წელს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ მასჯედ-სოლეიმანში, ბახტიარების (ეროვნული უმცირესობა, სამხრეთ-დასავლეთ ირანში მცხოვრები ლურული წარმოშობის ირანულენოვანი ხალხი რ.თ.) ოჯახში დაბადებული რეზაი მოზარდობისას ჩაერთო შაჰ მოჰამად რეზა ფეჰლევის საწინააღმდეგო ოპოზიციურ საქმიანობაში.
შაჰის უშიშროების სამსახურმა, “სავაქმა” ის 1970-იანი წლების დასაწყისში დააკავა და აჰვაზის ციხეში ჩასვა.
რეზაი ასევე ირიცხებოდა „მანსურუნში“ - იატაკქვეშა ისლამისტურ მებრძოლთა ჯგუფში, რომლის წევრებმაც მოგვიანებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს რევოლუციური უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებაში.
1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, რეზაი ჩაერთო IRGC-ის დაფუძნებაში, შევიდა მის ცენტრალურ საბჭოში და მონაწილეობა მიიღო მისი დამფუძნებელი წესდების შემუშავებაში. 1981 წლის სექტემბერში, 27 წლის ასაკში, ის ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებელმა, უზენაესმა ლიდერმა აიათოლა რუჰოლა ხომეინიმ IRGC-ის მთავარსარდლად დანიშნა.
IRGC-ში გატარებული წლები
რეზაი IRGC-ს 1981-დან 1997 წლამდე სარდლობდა და ხელმძღვანელობდა მის ოპერაციებს ერაყთან რვაწლიანი ომის უმეტესი დროის განმავლობაში.
მისი მეთაურობით IRGC-ი რევოლუციური სამხედრო ძალიდან უფრო ფართო სამხედრო და უსაფრთხოების ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, როცა გააფართოვა თავისი ორგანიზაციული შესაძლებლობები და გავლენა.
რეზაი გახდა ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა ომისდროინდელი ირანის სამხედრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, როცა ის მუშაობდა მაღალი რანგის მეთაურებთან და პოლიტიკურ მოხელეებთან, მათ შორის იმჟამინდელ პრეზიდენტ ალი აქბარ ჰაშემი რაფსანჯანისთან ერთად. თუმცა მისი სამხედრო წარსული წინანდებურად სადავოა.
ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი ეპიზოდი ეხება 1986 წლის დეკემბერში დაწყებულ ოპერაციას სახელწოდებით „ქარბალა-4“. ირანის შეტევა, რომლის მიზანიც ბასრასთან ერაყის თავდაცვითი ხაზების გარღვევა იყო, ირანის მძიმე დანაკარგებით დასრულდა მას შემდეგ, რაც ერაყის ძალებმა, როგორც ჩანს, წინასწარ შეიტყვეს თავდასხმის შესახებ. 2018 წელს რეზაიმ ეს ოპერაცია აღწერა, როგორც მოტყუების მანევრი, რომლის მიზანიც მომდევნო „ქარბალა-5“-ის შეტევისთვის ნიადაგის მომზადება იყო.
მისმა კომენტარებმა გამოიწვია ვეტერანების, დაღუპულთა ოჯახებისა და ყოფილი სამხედრო ფიგურების მხრიდან კრიტიკა. მოგვიანებით მან განმარტა, რომ „ქარბალა-4“ თავდაპირველად ნამდვილი ოპერაცია იყო, სანამ მას ერაყის ძალების შეცდომაში შეყვანისთვის გამოიყენებდნენ.
სამხედრო ფორმის გაცვლა პოლიტიკის სასარგებლოდ
რეზაი IRGC-ის მეთაურის პოსტიდან 1997 წელს გადადგა და ის იაჰია რაჰიმ საფავიმ ჩაანაცვლა. თუმცა, სამხედრო ხელმძღვანელობიდან წასვლა არ ნიშნავდა მის ჩამოშორებას მმართველი სისტემიდან.
ხამენეიმ ის დანიშნა “ზედამხედველობის (მიზანშეწონილობის) დადგენის საბჭოს” მდივნად. ეს სახელმწიფო ინსტიტუტია, რომლის პასუხისმგებლობაა პარლამენტსა და გუშაგთა საბჭოს - ირანის კონსტიტუციურ ზედამხედველს - შორის დავების გადაჭრა და მმართველებისთვის ქვეყნის უფრო ფართო პოლიტიკის შესახებ რჩევების მიცემა. მან ეს თანამდებობა თითქმის 24 წლის განმავლობაში, 2021 წლამდე შეინარჩუნა. ამ პერიოდში რეზაი ასევე ცდილობდა თავი დაემკვიდრებინა ეროვნული მასშტაბის პოლიტიკურ ფიგურად. მან ოთხჯერ იყარა კენჭი პრეზიდენტობაზე 2005, 2009, 2013 და 2021 წლებში, თუმცა ვერ გაიმარჯვა.
მიუხედავად მმართველ სისტემაში მისი ხანგრძლივი პოზიციისა, რეზაის გაუჭირდა მნიშვნელოვანი საარჩევნო მხარდაჭერის მოპოვება. 2021 წლის არჩევნებში მან დაახლოებით 3,4 მილიონი ხმა მიიღო და ჩამორჩა საბოლოოდ გამარჯვებულ იბრაჰიმ რაისის, რომელმაც 18 მილიონზე მეტი ხმა მოიპოვა არჩევნებში, რომლის დროსაც ისლამური რესპუბლიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი აქტიურობა აღირიცხა. რაისის არჩევის შემდეგ, რეზაი დაინიშნა ეკონომიკურ საკითხებში ვიცეპრეზიდენტად - თანამდებობაზე, რომელიც მას 2023 წლამდე ეჭირა. შედარებით ხანმოკლე საქმიანობამ პოსტზე მას ეკონომიკური პოლიტიკის გამოჩენილი შემოქმედის სახელი ვერ დაუმკვიდრა.
ჯერ კიდევ 2015 წელს მან წამოაყენა ექსცენტრიკული იდეა: თუ ამერიკა თავს დაესხმებოდა, ირანი პირველსავე კვირას ათას მძევალს აიყვანდა და თითოეულში მილიარდობით დოლარს მოითხოვდა. იგი ამტკიცებდა, რომ ეს სქემა „ჩვენს ეკონომიკურ პრობლემებს მოაგვარებდა“. იდეა, რომ ირანს შეეძლო ფინანსური კრიზისიდან თავის დაღწევა უბრალოდ გამოსასყიდის მოთხოვნით, სწრაფად იქცა ხანგრძლივი დაცინვის ობიექტად.
ბრალდებები AMIA-აზე თავდასხმასთან სავარაუდო კავშირის გამო
ქვეყნის შიგნით რეზაი ათწლეულების განმავლობაში ცნობილი ფიგურა იყო. თუმცა საერთაშორისო ასპარეზზე მისი პროფილი ჩამოყალიბდა ბუენოს-აირესში „არგენტინის ისრაელიტური ურთიერთდახმარების ასოციაციაზე“ (AMIA) - ებრაული საზოგადოებრივ ცენტრზე - 1994 წლის თავდასხმასთან სავარაუდო კავშირის შესაბამისად. ამ ინციდენტს 85 ადამიანი ემსხვერპლა და ასობით დაშავდა. არგენტინელმა პროკურორებმა ირანის რამდენიმე მაღალი რანგის მოხელე დაადანაშაულეს თავდასხმაში მონაწილეობაში, მათ შორის იყო რეზაი, რომელიც იმ დროს IRGC-ს მეთაურობდა.
2007 წელს ინტერპოლმა არგენტინის მოთხოვნით მის და ხუთი სხვა ეჭვმიტანილის წინააღმდეგ წითელი ცირკულარი გამოსცა. რეზაი და ირანის ხელისუფლება უარყოფენ ბრალდებებს. წითელი ცირკულარი არის საერთაშორისო მოთხოვნა პირის ადგილსამყოფლის დადგენასა და დროებით დაკავებაზე სამართლებრივი პროცედურების მოლოდინში. ეს არ წარმოადგენს განაჩენს ან დაკავების საერთაშორისო ორდერს.
დაბრუნება უშიშროების სისტემაში
ძალაუფლების ცენტრში რეზაის დაბრუნება დაჩქარდა 2026 წლის თებერვალში აშშ-ის და ისრაელის დარტყმების, ალი ხამენეის მოკვლისა და ექსპერტთა საბჭოს მიერ ირანის ახალ უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეის დანიშვნის შემდეგ.
მარტში ახალმა უზენაესმა ლიდერმა რეზაი თავის სამხედრო მრჩევლად დანიშნა. ამას მოჰყვა უფრო მნიშვნელოვანი დანიშვნები აგვისტოში.
მოჯთაბა ხამენეიმ რეზაი დაასახელა თავის წარმომადგენლად სახელმწიფო უშიშროების უზენაეს საბჭოში - SNSC-ში. ერთი დღის შემდეგ, პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ის საბჭოს მდივნად დანიშნა, რითაც მოჰამად ბაღერ ზოლყადრი ჩაანაცვლა.
SNSC-ი კოორდინაციას უწევს ირანის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას, აერთიანებს მაღალი რანგის სამხედრო, პოლიტიკურ და სამთავრობო მოხელეებს.
მისი გადაწყვეტილებების ძალაში შესასვლელად საჭიროა უზენაესი ლიდერის დამტკიცება. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს ოფიციალურად პრეზიდენტი თავმჯდომარეობს, მისი მდივანი ცენტრალურ როლს თამაშობს მისი დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში, მუშაობის კოორდინაციასა და გადაწყვეტილებების შესრულების ზედამხედველობაში.
პრაქტიკაში, მდივანს შეუმჩნევლად შეუძლია მნიშვნელოვანი ოპერატიული გავლენის მოპოვება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ასევე გვევლინება საბჭოში უზენაესი ლიდერის ერთ-ერთ წარმომადგენლად.
რეზაის დანიშვნა დაემთხვა დროს, როდესაც ირანი იდგა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინაშე ომის, ჰორმუზის სრუტისა და ვაშინგტონთან მოლაპარაკებების მომავლის შესახებ.
რეზაის ახალი პოზიცია სწრაფად გასცდა შიდა უსაფრთხოების კოორდინაციის ფარგლებს. ოქტომბრის ბოლოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მას წერილი გაუგზავნა, რათა გამოეკვლია ირანთან მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა. როგორც იუწყებიან, ვენსმა ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერ დიპლომატიურ პროცესში უნდა განხილულიყო თეირანის ბირთვული პროგრამა.
ადრესატის შერჩევამ გაოცება გამოიწვია. იმის ნაცვლად, რომ წერილი გაეგზავნათ პარლამენტის სპიკერ მოჰამად ბაღერ ყალიბაფისთვის, რომელსაც ომის დროს მოლაპარაკებების დროს ირანის მთავარი წარმომადგენლად იცნობდა მსოფლიო, ვაშინგტონი დაუკავშირდა რეზაის, რომელსაც პირდაპირი ინსტიტუციური კავშირი აქვს მოჯთაბა ხამენეისთან.
რეზაი ასევე ცენტრალური ფიგურა გახდა თეირანის ბირთვულ დიპლომატიაში, როცა ეს საკითხი სულ უფრო მეტად წყდება SNSC-ის ფარგლებში.
რეზაის საერთაშორისო ჩართულობა მოსკოვზეც გავრცელდა. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, რეზაი მოსკოვში გაემგზავრა 5 ნოემბერს, გადასცა უზენაესი ლიდერის გზავნილი და განიხილა რეგიონული უსაფრთხოება და ორმხრივი თანამშრომლობა.
რეზაი ყალიბაფის წინააღმდეგ
რეზაის აღზევებამ გააჩინა შეკითხვები ყალიბაფის პოზიციების შესახებ, რომელიც ომის საწყის ეტაპზე ირანის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პოლიტიკურ ფიგურად იქცა.
მათ საერთო სამხედრო წარსული აკავშირებს, თუმცა რეზაი IRGC-ის მეთაურთა უფრო უფროს თაობას ეკუთვნის. ის იყო ამ ძალების მთავარსარდალი მაშინ, როდესაც ყალიბაფი სამხედრო იერარქიის საფეხურებზე ადიოდა.
ყალიბაფი ინარჩუნებს პარლამენტის სპიკერის პოსტს და თავის როლს, უხელმძღვანელოს ირანის დელეგაციას შეერთებულ შტატებთან ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებებში, რომელიც ახლა მეცხრე თვეა მეტ-ნაკლები დაძაბულობით, მაგრამ მაინც მიმდინარეობს. რეზაის დანიშვნამ ამ პოსტზე მას უფლებამოსილების ცალკე არხი მიანიჭა, განსაკუთრებით უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაციასა და უზენაეს ლიდერთან კომუნიკაციაში.
„კრიზისული ჯგუფის“ (Crisis Group) წარმომადგენელმა ჰამიდრეზა აზიზიმ RFE/RL-ის "რადიო ფარდას" განუცხადა, რომ რეზაის მხარი დაუჭირეს მოჯთაბა ხამენეისთან დაახლოებულმა პირებმა, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ ყალიბაფის მიერ მოლაპარაკებების წარმართვით, და მათ სურდათ ვინმე, ვისაც შეეძლო სხვადასხვა ჯგუფების, განსაკუთრებით სამხედროების გაერთიანება.
ამრიგად, რეზაის დაბრუნება მიუთითებს უსაფრთხოების სისტემის მზარდ მნიშვნელობაზე ომის დროს ირანის პოლიტიკური და დიპლომატიური მიმართულების ჩამოყალიბებაში. გახდება თუ არა ის ქვეყნის მთავარი სტრატეგიული გადაწყვეტილების მიმღები, ჯერჯერობით გაურკვეველია. თუმცა სამხედრო სარდლობას, პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და მთავრობას შორის გადაადგილების ათწლეულების შემდეგ, რეზაიმ კიდევ ერთხელ დაიმკვიდრა ადგილი ისლამური რესპუბლიკის ძალაუფლების სტრუქტურის ცენტრში.