Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთი ეკონომიკური სანქცია ირანის წინააღმდეგ


ბანკ "ტეჯარატის" ოფისი თეირანში
ბანკ "ტეჯარატის" ოფისი თეირანში
ევროკავშირის მიერ ირანის ნავთობზე ემბარგოს თემა კვლავ აქტუალურია და ამ დროს აშშ-ის ფინანსთა უწყება ირანს ახალ დარტყმას აყენებს: ამ ქვეყნის სიდიდით მესამე ბანკს შეუწყვიტეს გარე სამყაროსთან კავშირების ქონის უფლება.

ირანისთვის დაწესებული ამ ახალი სანქციის არსი აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ტერორიზმისა და საფინანსო დაზვერვის სფეროს გამგებელმა, მინისტრის მოადგილე დევიდ კოენმა განმარტა. კოენის თქმით, იმ დროს, როცა მსოფლიოს ბანკები ირანთან ურთიერთობას წყვეტენ და ამ ქვეყნის ვალუტის კურსი უკიდურესად დაეცა, დღევანდელი აქტი ბანკ „ტეჯარატის“ წინააღმდეგ ემსახურება იმას, რომ საერთაშორისო საბანკო სისტემასთან ირანის მცირე რაოდენობით დარჩენილი კავშირებიც გადაკეტოს. კოენისვე თქმით, ბანკ „ტეჯერატსა“ და მის პარტნიორთან, მინსკში - ბელორუსიაში - დაფუძნებულ „ტრეიდ კაპიტალ ბანკთან“ საფინანსო ოპერაციების აკრძალვა გააღრმავებს ირანის საფინანსო იზოლაციას, მის ვალუტას კიდევ უფრო დაასუსტებს და ირანს წაართმევს შესაძლებლობას განავითაროს ბირთვული პროგრამა. ეს და მანამდე დაწესებული არაერთი სანქცია ირანის წინააღმდეგ მიზნად ისახავს ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებას, რადგან დასავლეთი შიშობს, რომ ირანი შეიძლება ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობდეს. თვითონ ირანი კატეგორიულად აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამშვიდობო მიზნებს ემსახურება. ბანკი „ტეჯარატი“, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, უშუალოდაა დაკავშირებული ირანის ბირთვულ პროგრამასთან, ასევე „ირანის რევოლუციურ გუშაგთა გვარდიასთან“. მას ორი ათასამდე ფილიალი აქვს საკუთრივ ირანში, ასევე პარიზსა და დუშამბეში. ამ ბანკის მიმართ სანქციებმა შეავსო სია ირანის სახელმწიფო ბანკებისა, რომლებსაც აშშ-მა ცალმხრივი სანქციები დაუწესა. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ევროკავშირის ნაბიჯს, დაეწესებინა ემბარგო ირანის ნავთობზე. ამ ნაბიჯით ირანის ეკონომიკას მართლაც უძლიერესი დარტყმა მიაყენეს, რადგან ნავთობზე მოდის თეირანის შემოსავლის 80 პროცენტი. და არა მარტო ნავთობზე, ბრიუსელმა აკრძალა ირანიდან ექსპორტირებული ძვირფასი ლითონებით და ბრილიანტით ვაჭრობა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ტაშით შეხვდა ბრიუსელის ნაბიჯს და პირობა დადო, რომ გაგრძელდება ირანზე ზეწოლის მიზნით ახალი სანქციების დაწესება, სანამ თეირანი არ შეასრულებს საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ ირანს აქვს ახალი შესაძლებლობა გამოავლინოს ღიაობა თავის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, როცა ამ ქვეყანას მომავალ კვირაში, 29-31 იანვარს, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო დელეგაცია ეწვევა:

„მოვუწოდებთ ირანს ამ ვიზიტის დროს სრულად ითანამშრომლოს ატომურ სააგენტოსთან. ატომური სააგენტო კონსტრუქციული სულისკვეთებით ჩადის ირანში და სთხოვს თეირანს, იმავე პოზიციით დახვდეს.“

ამ დროს ევროპაში, სადაც ირანისთვის „ნავთობის სანქციები“ დაწესდა, ფიქრობენ, რომ ემბარგოთი სანქციების მხრივ გარკვეულ ზღვარს მიაღწიეს. ასე ფიქრობს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალან ჟუპე. მაგრამ ეს ზღვარი საკმაოდ მძლავრი იარაღით იქნა მიღწეული. ირანი ნავთობით მიღებულ ფინანსებზეა დამოკიდებული. შემთხვევითი არ არის, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვეტერველემ ასე შეაფასა სანქციები: ეს არის ირანის ბირთვული პროგრამის გულში, საფინანსო წყაროში დამიზნებული იარაღი, თქვა მან.ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის ირანის სანავთობო ექსპორტის 18 პროცენტი. საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია არიან მისი მთავარი მომხმარებლები. მათ მოუწევთ სხვაგან მოიძიონ ნავთობი და ეს, ჩანს, არ გაუჭირდებათ, რადგან სანქციბის დაწესებამდე ამისთვის ბრიუსელმა იზრუნა. პრობლემა აქვს ირანს და მის მოქალაქეებს, რადგან სახელმწიფო ვალუტა ძალიან სწრაფი ტემპით ეცემა და საერთო ინფლაცია ამ ქვეყნის ეკონომიკას დიდ დარტყმას აყენებს. ირანმა დაკარგა დიდი კლიენტი ევროპის კავშირის სახით, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს აზია, ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, რომლებიც ირანის ნავთობს მოიხმარენ. სანამ მათ წილზე გეტყოდეთ, გაგაცნობთ რუსეთის აზრს. მოსკოვს ირანის ნავთობი არ სჭირდება. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ცალმხრივი ზომები საქმეს არ შველის. მისივე თქმით, კრემლი შეეცდება ორივეს - ირანსა დ დასავლეთს -მოუწოდოს, თავი შეიკავონ კონტრპროდუქტიული ქმედებისგან და შეეცადონ გაგრძელდეს მოლაპარაკება. ეს მოლაპარაკება გაეროს უშიშროების საბჭოსა და გერმანიას, ერთი მხრივ, და ირანს შორის, მეორე მხრივ, ერთი წლის წინ შეწყდა.

რაც შეეხება ირანის აზიელ პარტნიორებს, ჩინეთი მისი ნავთობის უდიდესი მომხმარებელია, მასზე 22 პროცენტი მოდის. დიდია იაპონიის და ინდოეთის წილი - მათ, შესაბამისად, 13 და 14 პროცენტი აქვთ. რას მოიმოქმედებენ ეს პარტნიორები, გამოჩნდება. დღემდე, როცა ირანს დასავლეთი ეკონომიკურ სანქციებს უწესებდა, დასავლეთის ფირმების აზიელი და აღმოსავლელი კონკურენტები რჩებოდნენ ხოლმე მოგებული, რადგან ისინი იკავებდნენ ირანის ბაზარზე მათ ადგილს. ირანის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებული ემბარგო პირველ ივლისს ამოქმედდება.

ირანი ადრე იმუქრებოდა, რომ თუკი მის ნავთობს სანქციებს დაუწესებდნენ, სპარსეთის ყურეში ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავდა, რითაც ხელს შეუშლიდა არაბული ნავთობის გატანას დასავლეთის ბაზარზე. ნავთობით ვაჭრობისთვის ეს დიდი დარტყმა იქნებოდა. მაგრამ ახლა ევროკავშირი ამას საფრთხედ ვერ მიიჩნევს. რაც შეეხება ირანს, მისმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აბას არაქჩიმ განაცხადა, რაც უფრო მეტი სანქცია დაწესდება, მით უფრო გართულდება ბირთვულ სფეროში დაპირისპირების მოგვარებაო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG