Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსკარის ირანელი მფლობელი და ავღანელი ლტოლვილები


ავღანელი ლტოლვილები ირანში
ავღანელი ლტოლვილები ირანში
მაზანდარანის პროვინცია ირანშია, კასპიის ზღვასა და ელბურსის მთებს შორის. განსაკუთრებული მდებარეობისა და ჰავის გამო ის საკურორტო არეალია, დასასვენებელი ზონა, რომლის დატოვება მოსთხოვა ირანის ხელისუფლებამ ლტოლვილ ავღანელებს. ოსკარის წლევანდელმა ლაურეატმა, ირანელმა კინორეჟისორმა აშღარ ფარჰადიმ გადაწყვიტა, ავღანელთა მიმართ სოლიდარობის მიზნით, თავისი ფილმის - „გაყრის“ - საგანგებო ჩვენება მოაწყოს. ამ პროვინციაში, ანუ ოსთანში, გავრცელებული ინფორმაციით, ირანის მთავრობამ სხვადასხვა დროს გადმოხვეწილ ლტოლვილებს მაზანდარანის დატოვება მოსთხოვა და ვადა 20 ივნისამდე დაუწესა. ეს პირველი შემთხვევა არ არის ასეთი. აპრილის პირველში, როცა ირანში ბუნების დღეს აღნიშნავდნენ, ავღანელ ლტოლვილებს ასევე აუკრძალეს ისპაანის პარკებში შესვლა და იქ ზეიმი. „ეს არაა სიახლე“ ერთი ლტოლვილისთვის, რომელიც იხსენებს:

„შარშანაც დაგვიწესეს აკრძალვა. მე მგონია, რომ მათ არ სურთ ავღანელები ისეთ ფეშენებელურ არეალებში გამოჩნდნენ. მათი აზრით, ავღანელები ასეთი ადგილების სახეს დაამახინჯებენ.“

ალბათ, უნდა ვიფიქროთ, რომ საზოგადოებაში რომელიღაც ჯგუფი ლტოლვილებისადმი მიდგომას იცვლის, მათ მიმართ მგრძნობიარე ხდება და ეს რეაქციაა ...
ჰოსეინ ღაზიანი
ამ ავღანელი ლტოლვილის ბედს იზიარებს მისი თანამემამულეების დიდი მასა, რომელიც ჯერ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში - 1979 წლიდან - გადავიდა მეზობელ ქვეყანაში, შემდეგ, უკვე სამოქალაქო ომის დროს, რომელიც საბჭოთა არმიის ავღანეთიდან გასვლას მოჰყვა, და ბოლოს, თალიბანის გაბატონების შემდეგ მიაწყდნენ ირანს. ისინი ძირითადად შავ სამუშაოს ასრულებენ, რასაც ირანელები უკადრისობენ. ამის მიუხედავად, ითვლება, რომ ადგილობრივ მოსახლეობას სამუშაო ადგილებს ლტოლვილები ართმევენ და დამნაშავეობაც მათგან მოდის. ავღანელი ლტოლვილების რიცხვი ირანში მილიონამდეა, არალეგალურ მიგრანტთა რაოდენობა ათასებს უდრის. აშშ-ის სირაკუზის უნივერსიტეტის სოციოლოგი ჰოსეინ ღაზიანი ასე უყურებს ვითარებას:

„არა მგონია, ავღანელი ლტოლვილების მიმართ ირანის მთავრობის დამოკიდებულებაში ეს სიახლეს წარმოადგენდეს. ალბათ ახლა საზოგადოება ამ თემის მიმართ განახლებულ მგრძნობიარობას ავლენს. ავღანელებისთვის ზოგიერთ ქალაქსა და არეალში ცხოვრების აკრძალვის კანონი ერთი-ორი წლის წინ მიიღეს. უბრალოდ, ახლა მის გატარებას შეუდგნენ. მაგრამ, ალბათ, უნდა ვიფიქროთ, რომ საზოგადოებაში რომელიღაც ჯგუფი ლტოლვილებისადმი მიდგომას იცვლის, მათ მიმართ მგრძნობიარე ხდება და ეს რეაქციაა.“
ეს არა მარტო ირანში, ასე ხდება ყველა ქვეყანაში: თავიდან ლტოლვილებს ხელგაშლილები მიიღებენ ხოლმე, მათ სამსახურს გამოიყენებენ განსაკუთრებული სახით, როგორც, მაგალითად, ირანში ...
ჰოსეინ ღაზიანი

ახლა ირანელები, ოსკაროსანი კინორეჟისორის მეთაურობით, სოლიდარობას უცხადებენ ავღანელებს. აშღარ ფარჰადი, იტყობინება გაზეთი „შარღი“, აპირებს პარიზიდან ირანში ჩავიდეს და მაზანდარანში ფილმის ჩვენება მოაწყოს, ამის შემდეგ კი იქვე, ფარჰადის პროექტის მიხედვით, გაიმართოს დისკუსია ირანელებსა და ავღანელებს შორის. სავარაუდოდ, აქცია 11 - 12 მაისს მოეწყობა. ფარჰადისთან ერთად ავღანელების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვას აპირებენ სხვა ცნობილი კინორეჟისორები, რომელთა შორისაა მანი ჰაღიღი. ჰაღიღი ფიქრობს, რომ ავღანელებს უნდა მიეცეთ თავისუფლად შრომისა და სწავლის საშუალება; მათ უნდა შეეძლოთ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა; უნდა ჰქონდეთ, ირანელების მსგავსად, ბინის დაქირავების უფლება. ავღანელთა მიმართ მთავრობის მიერ დაწესებული აკრძალვების შესახებ ცნობის გავრცელებას სოლიდარობის ტალღა მოჰყვა სოციალურ ქსელებშიც. ოსკარის მფლობელი აშღარ ფარჰადი სოციალურ პრობლემას ეხება გაზეთთან საუბარში და ამბობს, ის, ვინც ავღანელებს აბრალებს ირანში უმუშევრობის მაღალ დონეს, თავს არიდებს პასუხისმგებლობასო.

„ეს არა მარტო ირანში, ასე ხდება ყველა ქვეყანაში: თავიდან ლტოლვილებს ხელგაშლილები მიიღებენ ხოლმე, მათ სამსახურს გამოიყენებენ განსაკუთრებული სახით, როგორც, მაგალითად, ირანში - ავღანელებს ამუშავებენ სამშენებლო სფეროში თუ სხვაგან და ირანელ მუშებზე ბევრად ნაკლებს უხდიან, მერე კი, როცა სახელმწიფო ვეღარ აუდის გარკვეული პრობლემების მოგვარებას, ამაში ბრალს სხვებს სდებენ. ჩვენ ახლა სწორედ ასეთ დღეში ვართ და ავღანელებს ვაბრალებთ ჩვენს პრობლემებს. სამწუხაროდ, მათ მთელი ამ წლების განმავლობაში უსამართლოდ ვეპყრობოდით და თან მშვენივრად ვიყენებდით, როგორც სამუშაო ძალას“, ამბობს ირანელი ექსპერტი ჰოსეინ ღაზიანი, რომელიც თავად ამერიკაშია გადახვეწილი.

მიუხედავად შეზღუდვების და უუფლებობისა, ბევრ ავღანელს მაინც ირანში ურჩევნია დარჩენა. არალეგალური ლტოლვილებიც კი გასახლების შემდეგ კვლავ ისლამურ რესპუბლიკას უბრუნდებიან.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG