Accessibility links

იტალიის პრემიერ-მინისტრი, მატეო რენცი, თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც, მისივე სიტყვებით, რეფერენდუმზე "უჩვეულოდ მკაფიო" მარცხი განიცადა მისმა მცდელობამ საკონსტიტუციო ცვლილების თაობაზე. რენცი ორწელიწად-ნახევარი იდგა იტალიის მთავრობის სათავეში და პროევროპულ პოლიტიკას ატარებდა. მისი გადადგომა პოლიტიკური არასტაბილურობით ემუქრება იტალიას და პრობლემას უქმნის, ზოგადად, ევროკავშირს, რომლის არაერთ წევრ ქვეყანაშიც ევროსკეპტიკური ძალების პოზიციები მყარდება.

5 დეკემბრის დილას აზიის საფინანსო ბირჟებზე ვაჭრობის დაწყების შემდეგ ევროზონის ვალუტა, ევრო, 1,05 ამერიკულ დოლარამდე დაეცა - ბოლო 20 თვის სარეკორდოდ დაბალ მაჩვენებელზე. ევროს კურსის ამ ცვლილების მიზეზად მიჩნეულია შიში, რომ იტალიაში პრემიერ-მინისტრ მატეო რენცის პოლიტიკური მარცხის შემდეგ პრობლემები დაემატება იტალიის ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ საბანკო სექტორს და გაძლიერდებიან ევროსკეპტიკური პარტიები, რომლებიც იტალიაში 4 დეკემბრის რეფერენდუმის წინა პერიოდში აქტიურად გამოდიოდნენ რენცის წინააღმდეგ.

დამარცხებაზე სრულ პასუხისმგებლობას ვკისრულობო, აღნიშნა მატეო რენციმ 5 დეკემბრის დილას იტალიელებისადმი სატელევიზიო მიმართვის დროს. „არას“ მომხრეებმა გაიმარჯვეს უჩვეულოდ დამაჯერებლად. უკვე მივულოცე „არას“ კამპანიის ლიდერებს. იმედი მაქვს, რომ წარმატებით იმუშავებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის, იტალიისა და იტალიელებისათვის“, განაცხადა რენციმ.

4 დეკემბრის რეფერენდუმზე იტალიის მოქალაქეებმა უარყვეს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა სენატისა და რეგიონალური მმართველების უფლებამოსილების შეზღუდვის და საკუთარი ძალაუფლების გაზრდის თაობაზე. რენცის განმარტებით, ცვლილებები მიზნად ისახავდა რეფორმების გატარებას იტალიის მძიმე ეკონომიკურ პრობლემებთან საბრძოლველად, მაგრამ ოპოზიციური პარტიები კატეგორიულად უარყოფდნენ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც, მათი შეფასებით, მეტისმეტად გააძლიერებდა პრემიერ-მინისტრის პოზიციებს. წინასწარი შედეგებით, რენცის ინიციატივის მოწინააღმდეგეებმა რეფერენდუმში თითქმის 60 %-იანი მხარდაჭერა მოიპოვეს, რენცის კი ჯერ კიდევ კენჭისყრამდე ჰქონდა ნათქვამი, რომ გადადგებოდა რეფერენდუმში „არას“ მომხრეების გამარჯვების შემთხვევაში.

„ხვალ ნაშუადღევს კაბინეტის სხდომას მოვიწვევ და ჩემს კოლეგებს მადლობას გადავუხდი, რადგან გასაოცრად გამიმართლა (მათთან თანამშრომლობით)... ეს არის ერთიანი, ძლიერი და შეკრული გუნდი. შემდეგ კვირინალზე (პრეზიდენტის სასახლეში) მივალ, სადაც პრეზიდენტს გადავცემ გადადგომის შესახებ განცხადებას“, - განაცხადა რენციმ 5 დეკემბრის დილას, სატელევიზიო მიმართვით გამოსვლისას.

ახალ ვითარებაში, სავარაუდოდ, მოგებული დარჩება მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავი“ რომელსაც კომიკოსი ბეპე გრილო ხელმძღვანელობს. „ხუთი ვარსკვლავი“ ცდილობს როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე ამომრჩევლების მიმხრობას და საჭიროდ მიიჩნევს ევროზონიდან გასვლის საკითხზე რეფერენდუმის გამართვას, თუმცა, ამავე დროს, ევროკავშირში დარჩენას ემხრობა.

ევროკავშირის ლიდერები არ მალავენ იმედგაცრუებას მატეო რენცის გადადგომის შემდეგ. იტალიაში რაც მოხდა, არ არის პოზიტიური პროცესი ევროპაში ზოგადი კრიზისის დროსო, - ეს შეფასება გამოთქვა გერმანიის საგაგრეო უწყების ხელმძღვანელმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 5 დეკემბერს საბერძნეთში ვიზიტისას. მას არ დაუმალავს არც დადებითი რეაქცია ავსტრიაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე: ულტრამემარჯვენე პოპულისტ კანდიდატთან, ნორბერტ ჰოფერთან, დაპირისპირებაში მწვანეთა პარტიის კანდიდატის, ალექსანდრ ვან დერ ბელენის, გამარჯვებაზე.

რამდენადაც გვიხარია, რომ ავსტრიაში ამომრჩევლებმა უარი თქვეს პოპულისტების კანდიდატზე, იმდენად გვაშფოთებს იტალიაში რეფერენდუმის შედეგებიო, - განაცხადა შტაინმაიერმა ათენში.

უფრო ნეიტრალურია ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, რეაქცია. მან 5 დეკემბერს ბრიუსელში განაცხადა, რომ იტალიაში გამართული რეფერენდუმის შედეგი არ იქონიებს გავლენას ნატოში იტალიის როლზე. „მე სიამოვნებით ვმუშაობდი პრემიერ-მინისტრ მატეო რენცისთან ერთად. მასთან კარგად ვთანამშრომლობდით იმ გამოწვევებთან მიმართებით, რომლებიც ნატოს სამხრეთში აქვს, და იმ გამწვავებებთან მიმართებითაც, რომლებსაც ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში ვხედავთ, თუმცა, ასევე, ნატოს კურსის მხარდაჭერის გამო, აღმოსავლეთში რუსეთის უფრო აგრესიული ქმედების საპასუხოდ“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მას შემდეგ, რაც იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი გადადგა რეფერენდუმის შედეგად მისი ინიციატივის, საკონსტიტუციო ცვლილებების უარყოფის გამო.

ახლა იტალიის პრეზიდენტზეა დამოკიდებული, რა ნაბიჯს გადადგამს: ისევ რენცის ან მმართველი დემოკრატიული პარტიის რომელიმე სხვა წევრს დაავალებს ახალი მთავრობის შექმნას, თუ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG