Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილის მთავრობა და ანეკდოტი


16 ოქტომბერს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას მომავალი მთავრობის სრული შემადგენლობა გააცნო. დასახელდნენ ლტოლვილთა და განსახლების, განათლების, ფინანსთა, ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროების ხელმძღვანელთა კანდიდატურები. ამასთან, მომავალი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიცვალნენ ჯანდაცვისა და რეგიონალური განვითარების მინისტრობის კანდიდატები. რა გახდა ამის მიზეზი, როგორია მომავალი მთავრობის ეკონომიკური გუნდის შემადგენლობა და გეგემები?

მინისტრთა კაბინეტის დარჩენილი წევრების წარდგენამდე ბიძინა ივანიშვილმა გაიხსენა ძველი ანეკდოტი ჭიათურელ ქალზე, რომელიც მაღაროების აფეთქების ზონაში მოყვა და რომელსაც, როგორც თვითონ აძალებს მინისტრობის კანდიდატებს მთავრობაში შესვლას, ისევე ძალით ტენიდნენ ჯიხურში:

„ადრინდელი, ჩემი ბავშვობის დროინდელი ანეკდოტია. შედი, ქალო, ბუტკაშიო, ეძახიან ქალს, რომელიც მიდის... იქ აფეთქებაა. ეს ქალი პასუხობს, არ ვარ იმნაირიო. უმეორებენ, შედი ბუტკაშიო. არ ვარ იმნაირიო, პასუხობს ისევ. შედი, რანაირიც გინდა იყავი, არ აქვს მნიშვნელობა, არ დაიღუპოო.“
დავით სერგიენკო ძალიან კარგი პედიატრი გახლავთ, არის კარგი კარდიოლოგი და მისი ბოლო დამსახურებაა ის, რომ ბოლო დრომდე მუშაობდა საჩხერის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელად ...
ბიძინა ივანიშვილი

მომავალი პრემიერ-მინისტრის ამ ანეკდოტმა „ქართული ოცნების“ ოფისში შეკრებილ ჟურნალისტებზე ისეთი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, როგორიც მთავრობის ეკონომიკური გუნდის დასახელებამ. განსაკუთრებით მოულოდნელი აღმოჩნდა ენერგეტიკის მინისტრად კახი კალაძის, ხოლო ჯანდაცვის მინისტრად, ამირან გამყრელიძის ნაცვლად, დავით სერგიენკოს, საჩხერის საავადმყოფოს მთავარი ექიმის, დასახელება:

„დავით სერგიენკო ძალიან კარგი პედიატრი გახლავთ, არის კარგი კარდიოლოგი და მისი ბოლო დამსახურებაა ის, რომ ბოლო დრომდე მუშაობდა საჩხერის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელად და დიდ წარმატებებსაც მიაღწია. კალაძე იქნება ენერგეტიკის მინისტრი. შეამჩნიეთ, ალბათ, როგორ სწრაფად იზრდება კახი კალაძე და როგორ დიდ წარმატებებს მიაღწია პოლიტიკაში მოსვლის დღიდან.“

არადა, ერთი კვირის წინ ბიძინა ივანიშვილმა კახი კალაძე ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრობის კანდიდატად დაასახელა. ივანიშვილისავე გადაწყვეტილებით, ამ სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსთან შერწყმამდე, დავით ნარმანია უხელმძღვანელებს. სამომავლოდ ნარმანია ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს, მომავალი მთავრობის ფინანსთა მინისტრი კი ნოდარ ხადური იქნება.

„საშემოსავლო გადასახადში გაჩნდება დაუბეგრავი მინიმუმის ცნება და ეს იქნება საარსებო მინიმუმის მოცულობის და უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე გადასახადების შემცირებაა, არის საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება და ჰარმონიზაცია, რათა არ დავახრჩოთ ბიზნესი. რაც შეეხება განაკვეთებს, ამას სჭირდება სერიოზული ანალიზი და, თავისთავად ცხადია, მხოლოდ ანალიზის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ მასზე“, უთხრა ნოდარ ხადურმა რადიო თავისუფლებას.
ჩვენი პრიორიტეტია: მინიმულური (რამდენადაც იქნება შესაძლებელი) ჩარევა კერძო სექტორის საქმიანობაში, ეფექტური ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, სამართლიანი მართლმსაჯულება ...
გიორგი კვირიკაშვილი

ლტოლვითა და განსახლების მინისტრობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა დავით დარახველიძე, შევარდნაძის დროს პრეზიდენტის რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ეკონომიკის სამინისტროს კი "ქართუ ბანკის" ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს:

„ჩვენი პრიორიტეტია: მინიმულური (რამდენადაც იქნება შესაძლებელი) ჩარევა კერძო სექტორის საქმიანობაში, ეფექტური ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, სამართლიანი მართლმსაჯულება, მაქსიმალური კოორდინაცია ეკონომიკური გუნდის წევრებს შორის და ბიზნესსუბიექტებისთვის სამინისტროს მაქსიმალური ხელმისაწვდომობა.“

როგორც უკვე ვთქვით, ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ამირან გამყრელიძემ შეთავაზებულ თანამდებობაზე უარი განაცხადა. მიზეზად დასახელდა „მორალური ინტერესთა კონფლიქტი“, რომელიც მას, როგორც მინისტრს, ექნებოდა შვილთან - სადაზვევრო კომპანია „ალდაგი ბი-სი-აის“ გენერალურ დირექტორთან. ივანიშვილის გადაწყვეტილებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს. ასევე დაფუძნდება განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისია, რომელსაც ცნობილი ფიზიკოსი გია დვალი ჩაუდგება სათავეში. რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს, მას ხათუნა გოგალაძე ჩაიბარებს:

„ფუნქციების გაძლიერებაში იგულისხმება შემდეგი: როცა ისეთი პროექტი ხორციელდება, რომელიც ზემოქმედებას ახდენს გარემოზე, მას სჭირდება ე.წ. გარემოზე ზემოქმედების ნებართვა. ნებისმიერი ღონისძიება კარგავს აზრს, თუკი არ მოხდება მისი კონტროლი (რამდენად სწორად და შესაბამისად გაკეთდა). ეს ერთი. მეორე, ბუნებრივი რესურსების მოპოვების კონტროლი.“
რა თქმა უნდა, კრიტიკულად რომ მივუდგეთ, გარკვეული პრობლემები მთავრობის შემადგენლობაში არის და ის დიდი ფუნდამენტური პრობლემები, რომელთა გადაჭრაც მთავრობას მოუწევს, რა თქმა უნდა, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს ...
დემურ გიორხელიძე

მომავალი მთავრობის სრული შემადგენლობის დასახელების შემდეგ ექსპერტთა ნაწილს კვლავ გაუჩნდა განცდა, რომ „ქართულ ოცნებას“ კვალიფიციური კადრების დეფიციტი აქვს. მთავრობის წევრთა წარდგენისას თავად ბიძინა ივანიშვილმაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კადრების შერჩევისას უპირატესობას სუფთა წარსულსა და რეპუტაციას ანიჭებს. ეკონომისტ დემურ გიორხელიძის თქმით, სკეპტიციზმის გარკვეული საფუძველი მართლაც არსებობს, თუმცა უფრო მეტად მნიშვნელოვანია ახალი ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკური ნება.

„რა თქმა უნდა, კრიტიკულად რომ მივუდგეთ, გარკვეული პრობლემები მთავრობის შემადგენლობაში არის და ის დიდი ფუნდამენტური პრობლემები, რომელთა გადაჭრაც მთავრობას მოუწევს, რა თქმა უნდა, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, შეძლებენ თუ არა ეს ადამიანები ამის გაკეთებას. ეს ყველაფერი მესმის. იდეალური ამქვეყნად არაფერია, მაგრამ მთავარი შედეგია და მოდით, ამ შედეგს დაველოდოთ“, უთხრა დემურ გიორხელიძემ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG