Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის სფერო 2015 წლის პირველ ნახევარში


საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებზე მორიგი ანგარიში წარმოადგინა.

ანგარიშში აქცენტები ისეთ საკითხებზე გაკეთდა, როგორიცაა: მოსახლეობის ხელმისაწვდომობა მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე, სამედიცინო მომსახურების მოხმარების ტენდენციები, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის ტვირთი და კერძო სამედიცინო დაზღვევის პერსპექტივები და სხვა.

ანგარიშის ძირითადი მიგნებები ასეთია: ექსპერტებისა და სპეციალისტების მიერ ბოლო 6 თვის მანძილზე ჯანდაცვის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად “C” ჰეპატიტის პროგრამა დასახელდა. გასული ორი ანგარიშის მიხედვით, რეცეპტების ინსტიტუტის ამოქმედება ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან, ექსპერტთა აზრით, მნიშვნელოვნად შემცირდა მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება. საინტერესოა, რომ 2015 წლის 1-ლი კვარტალის მონაცემებით, კერძოდ დაზღვეულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამ დროისთვის მათი რივხვი 522,637-ია, რამაც, მოსალოდნელია, შეამციროს საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის ტვირთი. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებში მოსახლეობის მიმართვიანობის მაჩვენებელი, რაც პროგრამის მნიშვნელოვანი პოზიტივია. 2012 წლიდან 2014 წლამდე 39 პროცენტით გაზრდილია ამბულატორიული მიმართვიანობის მაჩვენებელი, გაზრდილია ასევე ჰოსპიტალური სერვისების მოხმარება, განსაკუთრებით კი გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების მოხმარების მაჩვენებელი (314 %-ით), რაც ბადებს ლოგიკურ კითხვას: გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების ზრდა ხომ არ არის საავადმყოფოების ხელოვნური პასუხი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე და ხომ არ შეუქმნის პრობლემებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტს, რომელიც უკვე გადახარჯულია?

ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების აზრით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასების ზრდაა, რაც თანხვედრაშია საქსტატის ოფიციალურ მონაცემებთან. მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემებს ასევე ხაზს უსვამს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული „ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების კვლევა 2014“, სადაც ნათქვამია, რომ ჯიბიდან გადახდები მედიკამენტებზე გაიზარდა, განსაკუთრებით, მოსახლეობის უღარიბეს ფენებში. სავარაუდოა, რომ ღარიბებს შორის მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების ზრდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხარჯზე მოხდა.

რაც შეეხება ბიუჯეტის ათვისებას, 6 თვის ანგარიშის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე დახარჯულია 14 %-ით, ანუ 32 მილიონი ლარით, მეტი, რაც, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ჯანდაცვის სერვისების მაღალი უტილიზაციითა და, განსაკუთრებით, გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის ზრდის ტემპით. ეს ფაქტი მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია და საჭიროების თობაზე გადაწყვეტილების მიმღებთა მხრიდან დროულ და ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს, რათა წლის ბოლოს არ დადგეს ფინანსური დეფიციტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG