Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წუხილი, ბოდიშის გარეშე


სინძიო აბე
სინძიო აბე

„იაპონიამ განუზომელი ტანჯვა და ზარალი მიაყენა უდანაშაულო ადამიანებს“, - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა 14 აგვისტოს მეორე მსოფლიო ომში იაპონიის კაპიტულაციის 70-ე წლისთავთან დაკავშირებით. სინძიო აბე საერთაშორისო პოლიტიკასაც შეეხო და აღნიშნა, რომ დაუშვებელია რაიმე სახის აგრესიითა და ძალის გამოყენებით საერთაშორისო დავების გადაჭრა.

მეორე მსოფლიო ომში იაპონიის კაპიტულაციის 70-ე წლისთავთან დაკავშირებით იაპონიის პრემიერ-მინისტრის გამოსვლას ბევრი მოელოდა. არა მხოლოდ მეზობელ ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში, არამედ მთელ მსოფლიოში აინტერესებდათ, გაიმეორებდა თუ არა სინძიო აბე თავისი წინამორბედის, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტომიჩი მურაიამას საქციელს, 1995 წელს ბოდიში რომ მოიხადა იაპონიის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილი დანაშაულის გამო. სინძიო აბეს ბოდიში არ მოუხდია, - განაცხადა მხოლოდ, რომ ეთანხმება თავის წინამორბედს და რომ იაპონიის მომავალ თაობებს ბოდიშის მოხდა არ უნდა დაეკისროთ წარსულში ჩადენილი შეცდომებისათვის.

„ჩვენმა ქვეყანამ [მეორე მსოფლიო ომში] განუზომელი ზიანი და ტანჯვა მიაყენა უდანაშაულო ადამიანებს. ისტორია მკაცრი მსაჯულია. მაგრამ რაც მოხდა, მას აღარაფერი ეშველება“, თქვა მეორე მსოფლიო ომში იაპონიის კაპიტულაციის 70-ე წლისთავთან დაკავშირებულსატელევიზიო მიმართვაში იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძიო აბემ.

მეორე მსოფლიო ომში მილიტარისტული იაპონიის არმიის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული სამხრეთ კორეისა და ჩინეთის ტერიტორიებზე დღემდე მძიმე ტვირთად აწევს იაპონიას და ართულებს ნორმალურ ურთიერთობებს მეზობელ ქვეყნებთან, რომლებიც დაზარალდნენ ტოკიოს სასტიკი ოკუპაციისა და კოლონიალური ბატონობის გამო. ისტორიის ამ მონაკვეთს „სამწუხარო“ უწოდა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც განაცხადა, კოლონიალური მმართველობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩაბარდეს ისტორიასო.

„ჩვენ არასოდეს აღარ უნდა გავიმეოროთ დამანგრეველი ომი. კონფლიქტი, აგრესია და ომი - მუქარის ნებისმიერი ფორმა და სამხედრო ძალა - აღარასოდეს უნდა გამოვიყენოთ, როგორც საერთაშორისო დავების გადაჭრის საშუალება. ჩვენ სამუდამოდ უნდა ვთქვათ უარი კოლონიურ წესებზე და პატივი უნდა ვცეთ მსოფლიოში მცხოვრები ყველა ხალხის თვითგამორკვევის უფლებას“, განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძიო აბემ.

მის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა რეაქცია ჩინეთში. „ბოდიშის მოხდაზე უარის თქმა არ შეუწყობს ხელს იაპონიის მიმართ არსებული ნდობის დეფიციტის შემცირებასო“, - ნათქვამია ქვეყნის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს „სინხუას“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG