Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკრძალეს ავღანეთში დაღუპული სერჟანტი


5 იანვარს ქალაქ რუსთავში ავღანეთში დაღუპული სერჟანტი დაკრძალეს. გიორგი კიკაძის ოჯახს პირადად მიუსამძიმრეს როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ბევრისთვის ნათელია, რომ ბოლო ხანებში როგორც ძველი, ასევე ახალი ხელისუფლება ცდილობს განსაკუთრებული ყურადღება გამოხატოს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილე სამხედროების მიმართ. რომელი რომელს ბაძავს და რატომ ლაპარაკობს ”პლაგიატზე” ”ქართული ოცნება” ?

”უნდა მოვახერხოთ, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო გახდეს ჩვენი ჯარისკაცების სამსახური ქვეყნის შიგნით თუ გარეთ”, - განაცხადა 5 იანვარს სერჟანტ გიორგი კიკაძის დაკრძალვაზე მისულმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და, სამძიმრის გამოცხადებასთან ერთად, ჟურნალისტებთან მან, ქართველი სამხედროების ავღანეთში დაღუპვასთან დაკავშირებული შეკითხვების კონტექსტში, საქართველოს მნიშვნელოვან მისიასა და იმიჯზეც ილაპარაკა:

”საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ჩვენი ჯარების მონაწილეობა მსოფლიოს უსაფრთხოების სისტემაში, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის საამაყოა”.

დაკრძალვის ცერემონიას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც ესწრებოდა. სერჟანტ კიკაძის დაღუპვას მან ”ძალიან დიდი ტრაგედია” უწოდა - არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის და მთელი შეიარაღებული ძალებისთვის. მინისტრი ამბობს, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების მისია საქართველოს უმნიშვნელოვანეს პასუხისმგებლობას აკისრებს და ეს მისია მეტი სიფრთხილით უნდა შესრულდეს:

”ყველა ჩვენი დაკარგული ჯარისკაცის ხსოვნას უნდა ვატარებდეთ გულით, იმიტომ რომ ისინი არა მხოლოდ მსოფლიო უსაფრთხოებას, არამედ, პირველ რიგში, საქართველოს უსაფრთხოებას იცავენ ავღანეთში. ეს ტრაგედიაა, რომელმაც კიდევ ერთხელ უნდა ყველა დაგვაფიქროს იმაზე, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ამ მისიაში აღებული, რამდენად საჭიროა წინდახედულება, სიფხიზლე და დისციპლინა”.

მეტი სიფრთხილისა და მეტი დისციპლინის საჭიროებასთან დაკავშირებულ დეტალებს ხელისუფლება არ აკონკრეტებს და სერჟანტ გიორგი კიკაძის დაღუპვის გარემოებებთან დაკავშირებითაც ზუსტი ცნობები ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 10-დღიანი გაუჩინარების შემდეგ გიორგი კიკაძე, რომელიც უკვე მეორედ მსახურობდა ავღანეთში, 2012 წლის 29 დეკემბერს მოკლული იპოვეს და მიმდინარეობს გამოძიება.
გარადა იმ კომპენსაციისა, რომელიც მათ მიეცათ, მთელი ცხოვრების განმავლობაში - მისი გარდაცვალების შემდეგაც - უნდა ეძლეოდეთ პენსია მათ მეუღლეებს, მათ შვილებს ...
მიხეილ სააკაშვილი

ქართველი სამხედროს თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის, - სჯერა შეერთებული შტატების ელჩს რიჩარდ ნორლანდს, რომელმაც 5 იანვარს სერჟანტ გიორგი კიკაძის ოჯახსა და ქართველ ხალხს სამძიმარი ამერიკელი ხალხის სახელით გამოუცხადა. მანამდე საქართველომ სამძიმარი მიიღო აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ლეონ პანეტასა და არაერთი ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნისგან.

საქართველოს, რომელიც ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციას ავღანეთში 2009 წელს შეუერთდა, სულ 19 სამხედრო მოსამსახურე დაეღუპა. ბოლო ინფორმაციით, აისაფის მისიის ფარგლებში საქართველოს უკვე1561 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს წარგზავნილი ავღანეთში - ის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის და ამისთვის ქვეყანამ არაერთი გულითადი მადლობა დაიმსახურა როგორც ნატოსგან, ასევე მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისგან.

შეიძლება ითქვას, რომ ავღანეთის მისიაში მონაწილეობით თავმოწონება და სიამაყე ყოველთვის აქტუალური იყო საქართველოში, მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ ავღანეთის მისიის თემამ საქართველოში ბოლო პერიოდში დამატებითი პოლიტიკური ელფერი და ერთგვარი შეჯიბრის ხასიათიც კი შეიძინა. სწორედ ამ კონტექსტში განიხილება პრეზიდენტ სააკაშვილის საახალწლო სტუმრობა ავღანეთში. ახალი წლის მილოცვისას ტრიბუნასთან მდგარმა პრეზიდენტმა ქართველ ჯარისკაცებს ერთი ინიციატივაც გააცნო, რაც დაღუპულ სამხედროებს და ვეტერანებს შეეხება:

”გარადა იმ კომპენსაციისა, რომელიც მათ მიეცათ, მთელი ცხოვრების განმავლობაში - მისი გარდაცვალების შემდეგაც - უნდა ეძლეოდეთ პენსია მათ მეუღლეებს, მათ შვილებს და ამის შესახებ მე ვაპირებ, რომ შევიტანო კანონპროექტი, რომ თითოეულ მათგანს ასევე ჰქონდეს, გარდა კომპენსაციისა, პენსიაც ცხოვრების განმავლობაში. ისევე როგორც, რა თქმა უნდა, სამსახურის შემდეგ, თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული ანაზღაურება და პენსიაც ასევე”.
მინისტრის ინიციატივა იყო, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს დაენიშნოს პენსია 1000 ლარის ოდენობით. და მართლაც პლაგიატობას ჰქონდა ადგილი პრეზიდენტის მხრიდან, როდესაც მან დაიწყო ამის გაჟღერება ...
ირაკლი სესიაშვილი

”ახლა გაახსენდა პრეზიდენტს ქართველი ჯარისკაცების ანაზღაურება”, - უთხრა 5 იანვარს რადიო თავისუფლებას თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა. მისი თქმით, 2008 წლის (რუსეთ-საქართველოს ომის) შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას პრაქტიკულად არანაირი რეალური მზრუნველობა არ გამოუხატავს შეიარაღებული ძალების მისამართით. ამასთან, მაგალითად, პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებულ საპრეზიდენტო ინიციატივას, რომელსაც დროში უსწრებდა თავდაცვის მინისტრის ინიციატივა, კომიტეტის თავმჯდომარე ”პლაგიატად” მიიჩნევს:

”მინისტრის ინიციატივა იყო, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს დაენიშნოს პენსია 1000 ლარის ოდენობით. და მართლაც პლაგიატობას ჰქონდა ადგილი პრეზიდენტის მხრიდან, როდესაც მან დაიწყო ამის გაჟღერება. თუმცა მე ნეკლებად მაინტერესებს სააკაშვილი პიარის რა ელემენტებს გამოიყენებს, ჩემთვის მთავარია, რომ ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ გამოხატულ ნებას შევასრულებთ... ჩვენ მივხედავთ იმას, რაც 8 წლის მანძილზე მიუხედავი იყო”.

ირაკლი სესიაშვილი შეგვახსენებს, რომ დეკემბრის ბოლოს თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროებისთვის ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებით. 2013 წლის 1 იანვრიდან, მაგალითად, რიგით ჯარისკაცს ხელფასი 715-დან 1001 დოლარამდე გაეზარდა, კაპრალს - 780-დან 1140 დოლარამდე, ხოლო სერჟანტს - 910-დან 1118 დოლარამდე და ასე შემდეგ - ხელფასის ზრდა შეეხო ყველა რანგის სამხედრო მოსამსახურეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც წლებია ავღანეთში ”პირნათლად და წარმატებით” ასრულებენ სამშვიდობო მისიას, ხელფასი პირველად გაეზარდათ. და ეს მაშინ, როცა, იმავე წყაროს ცნობით, ”2009 წლის სექტემბრიდან 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და გაერთიანებულ შტაბში ფულადი პრემიის სახით გაცემულია 41 მილიონ 164 ათასი ლარი“.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG