Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩი უკრაინაში: რუსეთმა „მიდგომა უნდა შეცვალოს“


ჯეფრი პაიეტი
ჯეფრი პაიეტი

აშშ-ის ელჩი უკრაინაში ჯეფრი პაიეტი აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა შეცვალოს თავისი მიდგომა უკრაინის აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასთან მიმართებით საიმისოდ, რომ რეგიონში მშვიდობის დამყარება გახდეს შესაძლებელი.

რადიო თავისუფლებისთვის კიევში 6 მაისს მიცემულ ინტერვიუში პაიეტი აცხადებს, რომ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მოქმედ პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს რუსეთი იარაღს აწვდის, მათ შორის, ტანკებს, რაკეტებს და ანტისარაკეტო სისტემებს.

ელჩი ფიქრობს, რომ „ხელოვნურადაა შექმნილი“ სამხედრო კონფლიქტი უკრაინის არმიასა და იმ ძალებს შორის, რომლებსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეპარატისტებისა და რუსების შერეულ ჯგუფებად მიიჩნევს.

პაიეტის აზრით, დონბასის მოსახლეობა აგრესიული პროპაგანდის კამპანიის სამიზნეა. ელჩი „ძალიან ეფექტიანს“ უწოდებს რუსეთის მიერ წარმოებულ საინფორმაციო ომს და მიანიშნებს რუსეთის სახელმწიფო მედიის მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ცნობებზე, თითქოს სამშვიდობო შეთანხმების განხორციელებას აშშ და კიევი უქმნიან წინაღობას:

„რუსეთის საინფორმაციო ომი ძალიან ეფექტურია. აშშ უკრაინას იარაღს არ აწვდის. რასაკვირველია, ჩვენ მხარს ვუჭერთ სამშვიდობო პროცესს და საზავო შეთანხმებას. ეს მახსენებს დაახლოებით ერთი წლის წინანდელ ვითარებას, როცა სეპარატისტებმა პირველად დაიწყეს დონეცკში ადმინისტრაციული შენობების დაკავება. მახსოვს, ბარიკადების წინ გაკრული იყო პლაკატები წარწერებით, ‘ნატოსგან უნდა დავიცვათ თავიო’. ეს სიგიჟეა, რადგან, ნატო, რასაკვირველია, იქ არ ყოფილა. ამდენად, მე ვთვლი, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი ომია. დონბასის ხალხი პროპაგანდისა და სიცრუის აგრესიული კამპანიის სამიზნე გახდა“.

ელჩის თქმით, აშშ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, სამშვიდობო გეგმას: „ჩვენ ყველას მშვიდობა გვსურს. რუსეთმა თავისი მიდგომა უნდა შეცვალოს საიმისოდ, რომ ეს მოხდეს“.

ამავე დროს, ელჩის თქმით, არის ნიშნები, რომ რუსეთი და სეპარატისტები ბრძოლის ხელახალ გააქტიურებას აპირებენ:

"ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი და სეპარატისტები ბრძოლის განახლებას გეგმავენ. ვიცით, რომ რუსეთი განაგრძობს ძალიან აქტიურ საწვრთნელ პროგრამას ე.წ. ნოვოროსიის ჯარისთვის. ისიც ვიცით, რომ რუსეთმა კონტაქტის ხაზთან ახლოს, უკრაინის ტერიტორიის შიგნით გადააადგილა ხმელეთი-ჰაერის მაღალი კლასის სარაკეტო სისტემა“.

უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა 11 თებერვალს მინსკში გააფორმეს შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ზომებს აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლის დასასრულებლად. შეთანხმება მოიცავს დონეცკის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის პირობას და ასევე გეგმას, რომლის თანახმადაც უკრაინამ შეზღუდული მასშტაბის თვითმმართველობის უფლებამოსილება უნდა მიანიჭოს აღმოსავლეთში სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიას.

XS
SM
MD
LG