Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსური მხარე ტირიფონის სარწყავ სისტემაში წყლის გაშვების სანაცვლოდ გარანტიას ითხოვს


გუშინ ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ფილიპ ლეფორი, ანტი ტურუნენი და ანდრეი დეშიცა ჩავიდნენ. მათი ვიზიტის მთავარი მიზანი ოსურ მხარესთან მომავალი დისკუსიის დღის წესრიგის შეთანხმება იყო. ოსური მედიის ცნობით, თიბილოვის ხელისუფლება კვლავ დაჟინებით ითხოვს, რომ საქართველომ ცეცხლის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად დამავალდებულებელ შეთანხმებას ხელი მოაწეროს, თუმცა დიდი ხანია ქართული მხარის პოზიცია ამ საკითხზე ცნობილია.

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში უკვე დაფიქსირებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზებით ეცდება. ჟენევაში იგეგმება თანათავმჯდომარეების მიერ მომზადებული ტექსტის განხილვა, სადაც ყველა მხარე დააფიქსირებს მზაობას ძალისმიერი მეთოდების გამოუყენებლობის თაობაზე. გარდა ამისა, ოსური მხარე ითხოვს, რომ დევნილთა პრობლემების საკითხის განხილვა ისევ ჟენევის დისკუსიის ფორმატში დაბრუნდეს და ქართულმა მხარემ უარი თქვას გაეროს გენერალურ ასამბლეაში ამ საკითხის დაყენებაზე. როგორც ცნობილია, ყოველწლიურად გაერო დევნილთა დაბრუნების შესახებ რეზოლუციებს იღებს, დე ფაქტო ხელისუფლება კი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი მათი გვერდის ავლით არ უნდა განიხილებოდეს.

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა, პოლიტიკური საკითხების გარდა, ჰუმანიტარული პრობლემებიც განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა მურად ჯიოევმა განაცხადა, რომ სარწყავი წყალი როგორც ქართული, ისე ოსური სოფლებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მისი აზრით, ქართულმა მხარემ პირობა უნდა დადოს, რომ ტირიფონის არხში ზონკარიდან მიწოდებული წყალი ოსური სოფლებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის ფილიალის მთავარი ინჟინერი გელა ზოზიაშვილი, რომელიც მოლაპარაკების პროცესში ჩართულია, აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტშიც და ხელისუფლებაშიც ეს საკითხი უკვე განიხილეს. მისი აზრით, ოსური მხარის მზაობა იმისათვის, რომ ქართულ სოფლებს წყალი მიაწოდოს, მისასალმებელია, მაგრამ დასაზუსტებელია უამრავი ტექნიკური დეტალი, რაც მოლაპარაკების პროცესში უნდა გაირკვეს.

ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები უგზო-უკვლოდ დაკარგული ალან ხაჩიროვის, სოლთან პლიევისა და ალან ხუგაევის ნათესავებს შეხვდნენ. ერთ-ერთმა თანათავმჯდომარემ ეუთოს მხრიდან, ანდრეი დეშიცამ, დაკარგულთა მშობლებს აღუთქვა, რომ მოელაპარაკება საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მოწმეები თბილისში ჩაიყვანონ და დაკითხონ.

გაეროს წარმომადგენელმა ანტი ტურუნენმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და დამაბრკოლებელი მოწყობილობების მშენებლობას, რაც მოსახლეობის გადაადგილებას ზღუდავს და ჰუმანიტარულ პრობლემებს ქმნის. მისი აზრით, ამ საკითხების განხილვა ჟენევის დისკუსიის ფორმატში უნდა გაგრძელდეს, დისკუსიისა, რომელიც ნოემბრის დასაწყისში გაიმართება.
XS
SM
MD
LG