Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის ხელისუფლებამ მიტინგზე კადიროვის მომხრე მილიონი კაცი დათვალა


ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მილიონ სამასათასიანი მოსახლეობის ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში, დაახლოებით, მილიონი კაცი მონაწილეობდა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის, მომხრეთა მიტინგში, რომელიც 22 იანვარს გაიმართა. დემონსტრანტებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს კადიროვსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, „მოღალატეები“ და „მეხუთე კოლონა“ უწოდეს რუსეთის ოპოზიციას, რომელიც კრემლს ადამიანის უფლებების დარღვევის, ყირიმის ანექსიისა და ავტოკრატული მმართველობისათვის აკრიტიკებს.

მიტინგამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამზან კადიროვის ემისრებმა ლამის მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში დაიწყეს აქციაზე სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების ორგანიზება. აქციაზე მყოფმა ორმა კაცმა „როიტერსს“ ანონიმურად უთხრა, რომ ისინი აიძულეს მიტინგზე წასულიყვნენ. გროზნოს ცენტრში შეკრებილი ადამიანები „ალაჰ აკბარსა“ და ჩეჩნეთის ლიდერის სახელს გაჰყვიროდნენ.

კადიროვის საქები სიტყვების გარდა, 22 იანვრის მიტინგზე ბრბო დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ მოღალატეებად და მტრებად მოიხსენიებდნენ კრემლის კრიტიკოს რუს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს, მათ შორის, ანტიკორუფციონერ ბლოგერ ალექსეი ნავალნის, ოპოზიციონერ აქტივისტ ილია იაშინსა და ყოფილ მაგნატ მიხაილ ხოდორკოვსკის. მიტინგის ტრიბუნაზე მათი სახელები ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა მაგოედ დაუდოვმაც ჩამოთვალა:

„გამოჩნდნენ მოსყიდული, ჯიბის მარიონეტები, რომელთა სახელები უკანონოდ მოხვეჭილი სიმდიდრითა და სახელმწიფოს ინტერესების დაუფარავი ღალატის წყალობით გახდა ცნობილი. ესენი არიან: ნავალნი, ხოდორკოვსკი, ვენედიკტოვი, კალიაპინი, პონომორიოვი, იაშინი, კასპაროვი, შენდეროვიჩი, კასიანოვი, განუშკინა და სხვა დანარჩენები ნაციონალ-გამყიდველთა ამ კომპანიიდან“.

მომიტინგეთა ლოზუნგები
მომიტინგეთა ლოზუნგები

22 იანვრის მიტინგზე გროზნოში მოსკოვიდან ჩავიდნენ რამზან კადიროვის მომხრე პოლიტიკოსები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის - სახელმწიფო სათათბიროს წევრი ადამ დელიმხანოვი და ცნობილი ბაიკერი ალექსანდრ ზალდასტანოვი. მანამდე გაიმართა „ფლეშმობი“, რომელშიც კადიროვს მხარი დაუჭირეს კინორეჟისორმა ფიოდორ ბონდარჩუკმა და მომღერალმა რეპერმა „ტიმათიმ“. რუსეთის ოპოზიციურმა ჯგუფებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა - „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ და ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა - რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდეს ადეკვატური პასუხი გასცეს კადიროვსა და მათ მომხრეებს, რომლებიც სოციალურ ქსელსა და მედიაში თავს ესხმიან და მოღალატეებს უწოდებენ რუსეთის რეჟიმის ოპონენტებს. გროზნოს მიტინგამდე 10 დღით ადრე რამზან კადიროვმა „ხალხის მტრებად“ და „მეხუთე კოლონად“მოიხსენია რუსეთის ოპოზიცია, რომელიც პრეზიდენტ პუტინს მოუწოდებს ჩაერიოს ჩეჩნეთის საქმეებში, ჩეჩნეთისა, რომელსაც რამზან კადიროვი 2007 წლიდან „რკინის ხელით“ მართავს.

რამზან კადიროვის ბევრი კრიტიკოსი დარწმუნებულია, რომ რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის, მკვლელობის უკან სწორედ ჩეჩნეთის ლიდერი დგას.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG