Accessibility links

კახეთის რეგიონალურ მედიას უჭირს. მნიშვნელოვნად არის შემცირებული როგორც სარეკლამო შემოსავლები, ასევე დონორი ორგანიზაციებისგან დაფინანსება. ფინანსების ნაკლებობა კი პირდაპირ აისახება პროდუქციის ხარისხზე. მწყობრიდან გამოსული ტექნიკით უწევს მუშაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის კახეთის რეგიონალურ ბიუროს.

კახეთის რეგიონში ყოველდღიურად 15-ზე მეტი მედიაორგანიზაცია და მათი საკორესპონდენტო ქსელი მუშაობს. მათი დიდი ნაწილი ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში შემოსავლები მუდმივად კლებულობს, რაც ყოველდღიური გადაცემებისა და რუბრიკების ხარისხზე აისახება. პრობლემები აქვთ იმ ორგანიზაციებსაც, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ასეთია, მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებელი. ამ მაუწყებლის I არხის კორესპონდენტი კახეთში, ჟანა დიდებაშვილი, ამბობს, რომ რეპორტაჟებს მწყობრიდან გამოსული ვიდეოკამერით და სხვისგან ნათხოვნი მიკროფონით ამზადებს:

„არ გვაქვს ოფისი. ჩვენი ოფისია ავტომობილი, რომლითაც ვმოძრაობთ რეგიონის მასშტაბით. ტექნიკაც არის სავალალო მდგომარეობაში. კერძოდ, ვიდეოკამერა საკმაოდ ძველი მოდელია და მაღალი სტანდარტის შესაბამისი კადრების გადაღებას ვერ უზრუნველყოფს. ცივილიზებულ ქვეყნებში ე. წ. შნურიანი მიკროფონი სამუზეუმო ექსპონატს წარმოადგენს, თუმცა ის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და ისიც - გაფუჭებული. ამიტომ ახლა ნათხოვარი მიკროფონით ვმუშაობ, რომელიც მესაკუთრემ, შესაძლოა, ნებისმიერ დროს წაიღოს. რეგიონების პროდიუსერის დახმარებით ეს ყველაფერი იცის ჩვენმა ხელმძღვანელობამ“, - განაცხადა ჟანა დიდებაშვილმა.

ტექნიკის სიმწირესა და მის თანამედროვეობაზე არა, მაგრამ სარეკლამო შემოსავლების30 პროცენტით შემცირებაზე კი ლაპარაკობს სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ ხელმძღვანელი. რამაზ სამხარაძე ამბობს, რომ სარეკლამო შემოსავლების კლება პირდაპირ აისახება მედიის მუშაობაზე. სამხარაძის თქმით, თუ სარეკლამო შემოსავლები და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა არ გაიზარდა, რეგიონალური მედია კიდევ უფრო ცუდ პირობებში აღმოჩნდება:

„სარეკლამო დამკვეთებმა, რომლებიც რეგიონებზე მუშაობენ, კარგად უნდა გაითავისონ, რომ სარეკლამო ბიუჯეტის დიდი ნაწილი განთავსდეს რეგიონულ მედიაში და არა ცენტრალურში, რადგან რეგიონულ მედიას ადგილზე გაცილებით მეტი მსმენელი ჰყავს და ამას კვლევებიც ადასტურებს, ვიდრე ცენტრალურს. მე ვფიქრობ, რომ თუ ბიზნესს კვალიფიციური მარკეტინგი ჰყავს, ისინი რეკლამას რეგიონულ მედიაში მიიტანენ და შედეგსაც უკეთესს მიიღებენ“.

ფინანსების სიმცირის გამო პრობლემები აქვთ ბეჭდურ გამოცემებსაც. გაზეთი „კახეთის ხმა“ აქამდე თუ ყოველკვირეულად გამოიცემოდა, ახლა თვეში 3-ჯერ გამოდის. „კახეთის ხმის“ ხელმძღვანელი მაია მამულაშვილი ამბობს, რომ დოლარის კურსის ცვლილება გამოცემაზე პირდაპირ აისახა. მამულაშვილი ამის მიზეზად ადგილობრივი ბიზნესის ცუდ მდგომარეობაში ყოფნასაც ასახელებს:

„სტამბაში იმდენად გაძვირდა ბეჭდური პროდუქციის გამოცემის ფასი, რომ ჩვენ პერიოდულობის გადახედვა მოგვიწია. აქამდე გაზეთი „კახეთის ხმა“ თვეში ოთხჯერ გამოდიოდა და ახლა თვეში 3-ჯერ გამოდის. პრობლემაა ისიც, რომ ადგილობრივი ბიზნესი არ არის კარგ მდგომარეობაში. ინფლაცია ნებისმიერ ბიზნესზე ცუდად მოქმედებს. აქედან გამომდინარე, გასულ წელთან შედარებით, სარეკლამო წინადადებები შემცირებულია“.

ფინანსების გარდა, კახეთში ადგილობრივი მედია სხვა პრობლემებსაც უჩივის - მაგალითად, როგორიცაა საჯარო ინფორმაციის მოპოვება. ჟურნალისტები ამბობენ, რომ 2012 წლიდან მდგომარეობა ამ მხრივ მცირე ხნით გამოსწორდა, მაგრამ ახლა ისევ გაუარესდა. კიდევ ერთი პრობლემა რეგიონალურ მედიაში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG