Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კავკასიის საამირო დასუსტდა, მაგრამ ჯერ არ განადგურებულა


გასულ კვირას, დაღესტნის ცენტრში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, მოკლეს თვითგამოცხადებული „კავკასიის საამიროს“ ლიდერი მაგომედ სულეიმანოვი. ამან, როგორც წერენ რუსი ანალიტიკოსები, შესაძლოა საბოლოოდ გაანადგუროს ისედაც დასუსტებული ორგანიზაცია, რომლის წევრებიც ბოლო 9 თვის განმავლობაში მასობრივად გადადიან “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში. თუმცა კავკასიის ემირატი მართლაც დასუსტდა, მაგრამ ის ჯერ კიდევ ცოცხალია.

მაგომედ სულეიმანოვი „კავკასიის საამიროს“ მესამე ლიდერია, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში მოკვდა. ჩეჩენი დოკუ უმაროვი 2013 წლის სექტემბერში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, საკვებით მოწამვლისგან. მისი შემცვლელი, ალიასხაბ კებეკოვი, 2015 წლის აპრილში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მოკლეს.

ბოლო წლების განმავლობაში ჩრდილოკავკასიელმა მეამბოხეებმა არაერთი მეთაურის თუ მებრძოლის სიკვდილი გადაიტანეს. მათ შორის იყვნენ: ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა იჩკერიის პრეზიდენტი ასლან მასხადოვი, მეთაური შამილ ბასაევი, იდეოლოგი ასკერ ჯაპუევი, რომელმაც 2010-11 წლებში ყაბარდო-ბალყარეთში მკვლელობების სერია მოაწყო და ჩეჩენი ძმები ჰუსეინ და მუსლიმ გაკაევები.

ამან, ბუნებრივია, დაასუსტა თვითგამოცხადებული „კავკასიის საამირო“. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ბოლო ორი წლის განმავლობაში თავდასხმების რაოდენობა ჩრდილოეთ კავკასიაში საგრძნობლად შემცირდა. ანალიტიკოსები ამის მთავარ მიზეზად მიიჩნევენ რუსეთის ფედერალური ორგანოების გაუმჯობესებულ კონტრტერორისტულ სტრატეგიას, რომელმაც მიზანში ამოიღო მეამბოხეების მხარდამჭერები და, შესაბამისად, გამოიწვია მათი საკვების, მედიკამენტებისა და იარაღის მარაგების შემცირება. მეამბოხეებს უჭირთ ფარულ სამხედრო ბაზებს შორის გადაადგილება და ერთმანეთთან კომუნიკაცია.

ამას დაემატა ისიც, რომ თვითგამოცხადებული საამიროს რამდენიმე მეთაურმა დაღესტანსა და ჩეჩნეთში ერთგულება შეჰფიცა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერ აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადის. ადვილი სათქმელი არ არის, თუ რამდენად დაასუსტა ამან „კავკასიის საამირო“, რადგან უცნობია, რომელი მეთაური წავიდა სირიაში საბრძოლველად და ვინ დარჩა კავკასიაში.

ასევე უცნობია, რამდენად მიიღეს კავკასიელმა მებრძოლებმა „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგია. ზოგი მათგანი, როგორც ვარაუდობენ, უფრო პრაგმატული მოსაზრებებით ხელმძღვანელობს: ისინი გეგმავენ სამხედრო ტაქტიკის სირიაში დახვეწას, შემდეგ კი ჩრდილოეთ კავკასიაში დაბრუნებას და რამდენიმე წელიწადში ჯიჰადის განახლებას.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩრდილოეთ კავკასიის ბევრი მებრძოლი ინარჩუნებს საამიროს ერთგულებას. როდესაც „კავკასიის საამიროს“ ჩეჩნეთის ფრთის ლიდერმა ასლან ბიუტურკაევმა ალ-ბაღდადის შეჰფიცა ერთგულებმა, მისი მებრძოლების ნაწილმა საამიროს მიმართ ლოიალურობის შენარჩუნება გადაწყვიტა. მათ, სავარაუდოდ, ივლისში ჩაატარეს შეკრება ახალი ლიდერის ასარჩევად, თუმცა მათი რჩეულის ვინაობა დღემდე უცნობია.

რაც შეეხება მთლიანად „კავკასიის საამიროს“, მათ ჯერ არ დაუსახელებიათ სულეიმანოვის შემცვლელი. ჩრდილოეთი კავკასიის რამდენიმე ანალიტიკოსის აზრით, ყველაზე სავარაუდო კანდიდატი ვეტერანი ჩეჩენი მებრძოლი ასლანბეკ ვადალოვია, თუმცა ასევე ფიქრობენ, რომ შესაძლოა საამირომ სრულიად უცნობი მებრძოლის დაწინაურება გადაწყვიტოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG