Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთი პატიმრის გარდაცვალება და მინისტრის პასუხისმგებლობა


ადამიანის უფლებათა ცენტრი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. საქმე ეხება სამეგრელოს მკვიდრის, პატიმარ ვალერი ჯაფარიძის გარდაცვალების ფაქტს, რომელიც, ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ იქნა გასაიდუმლოებული, თუმცა თავად სამინისტრო ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციას მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

55 წლის პატიმრის გარდაცვალების ამბავი მისმა ადვოკატმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა ნესტან ლონდარიძემ 28 მაისს შეიტყო - მას შემდეგ, რაც ის რუსთავში, სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში პატიმართან შესახვედრად მივიდა. ლონდარიძე ამბობს, რომ არაფერი იცის ვალერი ჯაფარიძის გარდაცვალების ზუსტი თარიღისა და მიზეზის შესახებ, რადგანაც ადგილზე მას ვერაფერი დაუკონკრეტეს და ჯერჯერობით უშედეგო აღმოჩნდა ინფორმაციის მიღების ალტერნატიული გზაც:

”ოჯახთან კონტაქტი ამ ეტაპზე არ გვაქვს. ვცდილობ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ დღეების განმავლობაში ვერ დავუკავშირდი მათ.”

ადვოკატ ლონდარიძის თქმით, პატიმარ ვალერი ჯაფარიძეს არაერთი დაავადება აღენიშნებოდა და ის დაკავებამდეც ავადმყოფობდა; თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას სხვადასხვა ეტაპზე ხელი შეუწყო როგორც ფიზიკურმა ძალადობამ, ასევე საპატიმროში შექმნილმა გაუსაძლისმა პირობებმა და არაადეკვატურმა მკურნალობამ.

აქვე ვთქვათ, რომ ვალერი ჯაფარიძე ყაჩაღობის ბრალდებით 2005 წლის 28 ივლისს დააკავეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, დაკავებისას მას 6-მა პოლიციელმა სცემა, რის შემდეგაც პატიმარს აღენიშნებოდა ძლიერი ტკივილები კეფის არეში და დაკარგული ჰქონდა გემოს შეგრძნება საკვების მიღებისას. თუმცა იმის გარდა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით არავინ დასჯილა, არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, პატიმარს არ ჩასტარებია შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობაში გათვალისწინებული ნორმები ზუსტად მიესადაგებოდა ჯაფარიძის შემთხვევას, ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატების თქმით, სრულიად უყურადღებოდ დარჩა მათი მცდელობა სასჯელის გადავადებასა ან პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ ვალერი ჯაფარიძის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განიხილება. ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატის ნიკოლოზ ლეგაშვილის თქმით, სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელის თანახმად, ჯაფარიძის შემთხვევაში დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა) და მე-13 მუხლი (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლება).

შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი ლაპარაკობს კითხვის ნიშნებზე, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს პატიმრის გარდაცვალების მიზეზებს:

”გამოძიება მიმდინარეობს თუ არა, ესეც არ ვიცით... უნდა ჩატარებულიყო გამოძიება, ექსპერტიზის დასკვნა უნდა დადებულიყო, რაც დაამტკიცებდა და, შესაბამისად, გვეცოდინებოდა პატიმრის გარდაცვალების მიზეზები. ამ შემთხვევაში კი ადგილი აქვს ადამიანის ასე ჩუმად გადაყვანას პროზექტურაში და შემდეგ დაკრძალვას. ეს კანონდარღვევაა.”

ხათუნა კალმახელიძე არის მინისტრის მოვალეობის მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურად შემსრულებელი, ხოლო პასუხისმგებლობა მთლიანად აღებული აქვს იუსტიციის სამინისტროს და სწორედ იუსტიციის სამინისტროში იგეგმება სასჯელაღსრულების სფეროში გასატარებელი პოლიტიკა ...
დიმიტრი ლორთქიფანიძე

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ პატიმართა გახშირებული სიკვდილიანობისა და მძიმედ დაავადებული პატიმრებისადმი გამოჩენილი უყურადღებობის გამო, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მაღალჩინოსნების გარდა, დღის წესრიგში სასწრაფოდ უნდა დადგეს თავად მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი.

ამ გზით ცენტრი, უპირველეს ყოვლისა, პარლამენტს მიმართავს. თუმცა გავიხსენოთ, რომ სახალხო დამცველის ბოლო ორი წლის მეტად მწვავე ანგარიშების კვალდაკვალ, ქრისტიან-დემოკრატების ფრაქციამ ორჯერ უშედეგოდ დააყენა ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხი, ხოლო, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენელი, დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული სავალალო მდგომარეობის გამო, მასაც არაერთხელ მიუმართავს მსგავსი ინიციატივით პარლამენტისთვის, მაგრამ კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არასოდეს ემხრობოდა უმრავლესობა. დეპუტატი ამბობს, რომ საქმე გვაქვს სისტემის საერთო პრობლემასთან:

”თუ გავითვალისწინებთ, რომ ხათუნა კალმახელიძე არის მინისტრის მოვალეობის მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურად შემსრულებელი, ხოლო პასუხისმგებლობა მთლიანად აღებული აქვს იუსტიციის სამინისტროს და სწორედ იუსტიციის სამინისტროში იგეგმება სასჯელაღსრულების სფეროში გასატარებელი პოლიტიკა, რა თქმა უნდა, აქ უკვე აღარ უნდა იგულისხმებოდეს მხოლოდ ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობა. უნდა იდგეს კოლექტიური პასუხისმგებლობის საკითხი.”

ვალერი ჯაფარიძის გარდაცვალების ფაქტი სასჯელაღსრულების სამინისტროს 4 ივნისამდე არ გაუსაჯაროებია, მაშინ როცა, უწყების მიერ ამ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, პატიმარი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 9 მაისს გარდაიცვალა. ადამიანის უფლებათა ცენტრის საპასუხოდ, 4 ივნისს, დღის მეორე ნახევარში გამოქვეყნებულ განცხადებაში კალმახელიძის უწყება, პირველ ყოვლისა, ადვოკატის პრობლემად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მან დროულად ვერ მოიძია ინფორმაცია თავის დაცვის ქვეშ მყოფის შესახებ:

გარკვეული სუბიექტები ცდილობენ მსჯავრდებულთა მდგომარეობით სპეკულირებას, არ აჰყვნენ მცდარ ინფორმაციას ...

”მსჯავრდებულის უფლებების დამცველის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ჩანს, რომ მან დაცვის ქვეშ მყოფი გარდაცვალებიდან 20 დღის შემდეგ მოიკითხა და არ იყო საქმის კურსში არც მისი ადგილსამყოფლის და არც მისი მკურნალობის შესახებ. როგორც ჩანს, არც ოჯახს ჩაუთვლია საჭიროდ მისი ინფორმირება.”

სამინისტრო აცხადებს, რომ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მან ინფორმაცია მიაწოდა ოჯახს, დაიწყო გამოძიება და დანიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ხათუნა კალმახელიძის უწყება ადამიანის უფლებათა ცენტს მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და, პარალელურად, საზოგადოებასაც მიმართავს:

”სამინისტრო კიდევ ერთხელ თხოვნით მიმართავს საზოგადოებას, რომ იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული სუბიექტები ცდილობენ მსჯავრდებულთა მდგომარეობით სპეკულირებას, არ აჰყვნენ მცდარ ინფორმაციას.”

სამინისტროს ამგვარი პოზიციის მიუხედავად, სასჯელაღსრულების სისტემა საქართველოში მეტად პრობლემურ სფეროდ რჩება და ამაზე, სახალხო დამცველის ბოლო წლების ანგარიშების გარდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშიც მეტყველებს. გავიხსენოთ, რომ 24 მაისს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანის უფლებათა შესახებ პატიმართა უფლებების დარღვევას სახელმწიფო დეპარტამენტი სამ მთავარ პრობლემას შორის ასახელებს.

დაბოლოს, ვთქვათ, რომ ვალერი ჯაფარიძის საქმეს, ისევე როგორც ყველა გარდაცვლილი პატიმრის საქმეს, სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის. ”ჩვენ გამოვითხოვთ ოფიციალურ დოკუმენტაციას, ექსპერტიზის დასკვნას და ამის შემდეგ შევძლებთ კონკრეტული დასკვნების გამოტანას”, - უთხრა რადიო თავისუფლებას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ნინო ერემაშვილმა. მისი ინფორმაციით, ვალერი ჯაფარიძეს არასოდეს მიუმართავს ომბუდსმენის აპარატისთვის.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG