Accessibility links

უახლოეს მომავალში ხერთვისის ციხეზე მოეწყობა ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა. უძველეს ისტორიულ ძეგლამდე მისასვლელად ტურისტებს აღარ მოუწევთ მოუწესრიგებელი გზის გავლა. მე-10-მე-14 საუკუნეებში აგებულ ხერთვისის ციხეზე უკვე დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაო, რომელიც ცხრა თვეს გასტანს და რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს “არქიტექსი” ახორციელებს. ამ ეტაპზე ტერიტორია იწმინდება ბალახისა და მიწისგან. 60-მდე ადგილობრივი მცხოვრები კომპლექსს მშენებლობის დასაწყებად ამზადებს.

პროექტის მიხედვით, ციხის მიმდებარედ განთავსდება ავტოსადგომი. დაგეგმილია გამწვანებული კუთხის მოწყობა მოსასვენებელი სკამებით, გარე განათებითა და სველი წერტილებით. მოწესრიგდება საფეხმავლო გზა კარიბჭემდე. სხვადასხვა მონაკვეთში ბეტონის საფარი ბუნებრივი ნატეხი ქვით მოიკირწყლება. მოხდება ხერთვისის ციხის უნიკალური კარიბჭის რესტავრაცია/კონსერვაცია და მის მიმდებარედ არსებული შენობების რეაბილიტაცია. ერთ მათგანში განთავსდება საინფორმაციო ცენტრი, ხოლო მეორეში - ციხის ადმინისტრაცია.

"გარე განათების ქსელია გათვალისწინებული და პროექტის დასრულების შემდეგ ტურისტებს ექნებათ შესაძლებლობა ძეგლზე სრული ინფორმაცია მიიღონ“, განმარტავს მედიასთან მუნიციპალური ფონდის წარმომადგენელი ლევან სუხიტაშვილი.

შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სოფელ ხერთვისში, მდინარეების ფარავნისა და მტკვრის შესართავთან მდებარეობს. 2007 წლიდან ძეგლი ვარძიის მონასტერთან ერთად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ლევან ცაბაძის, თქმით, მუნიციპალური განვითარების ყველა პროექტი ასპინძაში ტურიზმის განვითარებას ემსახურება.

"სარო, ხერთვისი, ვანის ქვაბები და ვარძია მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით კეთდება კომპლექსურად ასპინძის მუნიციპალიტეტში.“

ხერთვისის ციხეზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა 1,55 მილიონი ლარი ჯდება. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით რეგიონალური განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG