Accessibility links

აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე კიდევ ორი გამშვები პუნქტი გაუქმდება


ადმინისტრაციული საზღვარი ხურჩა-ნაბაკევში

დე ფაქტო მთავრობა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე საკონტროლო გამშვები პუნქტების შემცირებას განაგრძობს. გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროს თემურ ნადარაიას განცხადებით, მიმდინარე თვეს დაგეგმილია კიდევ ორი ე. წ. ოფიციალური გადასასვლელის დახურვა. მან სააგენტო "აფსნიპრესს" უთხრა, რომ საკონტროლო გამშვები პუნქტების გაუქმება გალის დაბალი ზონის სოფლებშია დაგეგმილი, მგზავრებს კი ცენტრალური გადასასვლელით, ანუ ენგურის ხიდით, მოუწევთ სარგებლობა.

მისი სიტყვებით, გეგმის შესასრულებლად ყველაფერი მზად არის და ინფორმაცია უკვე ეცნობა გალის ყველა სოფლის გამგებელს. ამასთან, ნადარაია ირწმუნება, რომ დაბალი ზონიდან ცენტრალურ გამშვებ პუნქტამდე მგზავრების გადასაყვანად შეძენილია ავტობუსი და შეკეთებულია გზები.

ადმინისტრაციულ საზღვარზე - განსაკუთრებით კი, ე.წ. დაბალ ზონაში - გამშვები პუნქტების შემცირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არახალია მგზავრებისთვის. გალელები ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში ამბობდნენ რადიო თავისუფლებასთან, რომ დე ფაქტო მთავრობას გადაწყვეტილი აქვს ადმინისტრაციულ საზღვარზე ერთი საკონტროლო გამშვები პუნქტის დატოვება ენგურის ცენტრალურ ხიდზე. მიუხედავად ამისა, ისინი იმედოვნებდნენ, რომ გადაწყვეტილება არ შესრულდებოდა. ამიტომ ამ თემის ისევ წამოწევა გალელების ნაწილისთვის მოულოდნელი და უსიამოვნო აღმოჩნდა. ისინი შიშობენ, რომ თუ დე ფაქტო მთავრობა, მართლაც, მხოლოდ ერთ გამშვებ პუნქტს დატოვებს, გადაადგილება, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, შეუძლებელი გახდება, რადგან ენგურის ხიდამდე დიდი მანძილის გავლა მოუწევთ, რაც დამატებით დროს და თანხას მოითხოვს:

„ეს მაინც დატოვონ, ხალხის უმრავლესობა აქედან დადის და, დაკეტვის შემთხვევაში, უნდა წახვიდე იქით, ჭუბურხინჯში, და ძალიან ძნელი იქნება“;

„გავიგე სამი დღის წინ, რომ ავტობუსები ყავთო მოყვანილიო და მიმოსვლა იქიდან იქნებაო“;

„ხალხის სიტყვა არავის არ აინტერესებს მაინც და...“

„ყველა იქით რომ წავა, მერე იქ რიგები იქნება, ცოტა გაძნელდება, მაგრამ რა ვქნათ, ჩვენი ბედი ასეთია“;

„სიმართლე ჯერჯერობით არავინ არ იცის, გაფრთხილება არ გვქონია მოსახლეობას და ვერ გეტყვით, რას მოიმოქმედებენ“, - აცხადებენ მოქალაქეები.

ამ ფაქტთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ:

„რთული იქნება მოსახლეობისთვის ამხელა გზის გავლა, როდესაც მოსაზღვრე სოფლებში უფრო ადვილია გადასვლა, ვიდრე ამდენი კილომეტრი ზედმეტი სიარული, რაც თანხებთანაა დაკავშირებული და დროსთანაც - დილით რომ გადმოვა, შეიძლება საერთოდ ვერ მოასწროს უკან გადასვლა. ასე რომ, ძალიან რთული საკითხია“.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ თბილისი ამ საკითხს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში განიხილავს:

"ამ ფორმატის მთავარი დანიშნულება ის გახლავთ, რომ როგორც მინიმუმ იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად აწყდებიან მოუგვარებელი კონფლიქტის სიმძიმეს, გაუმარტივდეთ ცხოვრება და არა ის, რომ დაუმძიმდეთ. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ მომდევნო კვირას შევძლებთ იმას, რომ ჰუმანიტარულ ინტერესებზე ვისაუბროთ", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ქეთევან ციხელაშვილმა.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ჯერ კიდევ მარტში შეიტანა ცვლილება "სახელმწიფოს საზღვრის შესახებ" კანონში. ის სხვა ღონისძიებებთან ერთად ადმინისტრაციული საზღვრის უკეთ გაკონტროლების მიზნით საკონტროლო გამშვები პუნქტების შემცირებას გულისხმობს. დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. ახალი კანონის აღსრულება აპრილიდან დაიწყო, როცა ერთი გამშვები პუნქტი ზუგდიდის სოფელ შამგონას მოსაზღვრე თაგილონისა და მეორე წალენჯიხის სოფელ ფახულანის მოსაზღვრე ლეკუხონაში გააუქმა.

დე ფაქტო მთავრობის მონაცემებით, ამჟამად ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქმედი ოთხი საკონტროლო გამშვები პუნქტიდან (ენგურის ხიდი, ხურჩა-ნაბაკევი, ოტობაია-ორსანტია, საბერიო-ფახულანი) ყოველდღიურად, დაახლოებით, 1 500 ადამიანი გადადის სამეგრელოს რეგიონში და იმდენივე ბრუნდება უკან გალში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG