Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ კიევს მეტ არალეტალურ იარაღს მიაწვდის, შავ სიაში კიდევ შეჰყავს სეპარატისტები


პეტრო პოროშენკო, ბარაკ ობამა. 2014 წლის სექტემბერი
პეტრო პოროშენკო, ბარაკ ობამა. 2014 წლის სექტემბერი

აშშ-მა გამოაცხადა, რომ კიევს, დახმარების სახით, 75 მილიონი დოლარის ღირებულების არალეტალურ იარაღს მიაწვდის.

ამასთან, აშშ-მა 11 მარტს შავ სიაში კიდევ შეიყვანა, ერთ რუსულ ბანკთან ერთად, პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები და სხვა პირები.

დახმარების პაკეტი მოიცავს რადიოებს, უპილოტო საჰაერო მანქანებს, რაკეტების საწინააღმდეგო რადარებს, ღამის მხედველობის მოწყობილობას, პირველი სამედიცინო დახმარების ნაკრებებს.

ამასთან, დახმარება მოიცავს 200-მდე შეუიარაღებელ და 30 დაჯავშნულ „ჰამვის“.

ახალი დახმარების შესახებ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ტელეფონით შეატყობინა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

დახმარების შესახებ ცნობების გავრცელების ფონია ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადება, რომ რუსეთი განაგრძობს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტთა ძალების შეიარაღებას და წვრთნას, მიუხედავად საზავო შეთანხმებისა, რომელიც 12 თებერვალს მინსკში გაფორმდა.

11 მარტს სტოლტენბერგი ბელგიის ქალაქ მონსში შემდეგი განცხადებით გამოვიდა: „მომსწრენი ვიყავით და ვართ რუსეთის ადგილზე ყოფნისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიმართ ძლიერი მხარდაჭერის. კვლავ ვართ მომსწრენი იარაღის, სამხედროების გაგზავნისა და წვრთნისა. ამდენად, რუსეთი კვლავ რჩება აღმოსავლეთ უკრაინაში“.

კრემლი უარყოფს სეპარატისტთა დახმარებას.

პარალელურად, 11 მარტს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბორდის წევრებმა დაასრულეს მუშაობა უკრაინისთვის განკუთვნილი, 17,5 მილიარდი დოლარისგან შემდგარი, დახმარების ოთხწლიან პროგრამაზე.

თეთრი სახლის ცნობით, პოროშენკოსთან სატელეფონო საუბარში ბაიდენმა „შეშფოთება გამოხატა რუსეთისგან მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ ზავის დარღვევის გამო“.

აშშ-ის სანქციების სიას დამატებულ პირებს შორის არიან კრემლთან კავშირის მქონე ნაციონალისტი იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი და უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიკოლა აზაროვი.

შავ სიაში შეყვანილი რვა სეპარატისტიდან ერთ-ერთმა, რომან ლიაგინმა, განაცხადა, რომ ის მებრძოლი არ არის. „საქმე პირიქითაა. ყველაფერს ვაკეთებ სისხლისღვრის შესაჩერებლადო“, უთხრა მან სააგენტო „როიტერსს“.

სანქციები აშშ-ის ყველა ფინანსურ ფირმას უკრძალავს საქმის დაჭერას სიაში მოხვედრილ პირებთან თუ უწყებებთან.

სიაში მოხვდა რუსეთის ეროვნული კომერციული ბანკიც. ის შარშან რუსეთის პირველი ბანკი იყო, რომელმაც ფილიალი გახსნა ყირიმში, რეგიონის ანექსირების შემდეგ.

ბანკი აცხადებს, რომ სანქციები „არანაირ საფრთხეს არ უქმნის მის ამჟამინდელ ოპერაციებს“ და დასძენს, რომ მოცემულ მომენტში ბანკს აშშ-ში აქტივები არ აქვს.

სანქციები ასევე შეეხო ევრაზიელი ახალგაზრდების გაერთიანებას, რომელიც რუსული, პროსეპარატისტული ორგანიზაციაა. აშშ აცხადებს, რომ ეს ორგანიზაცია მეომრების გადაბირებას ახდენს.

XS
SM
MD
LG