Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი უარყოფს ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამასთან კავშირს


პეტრო პოროშენკო ქარხანა „იუზმაშში“. 2014 წელი
პეტრო პოროშენკო ქარხანა „იუზმაშში“. 2014 წელი

აღშფოთებული კიევი კატეგორიულად უარყოფს გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ჩრდილოეთმა კორეამ სარაკეტო ძრავა, სავარაუდოდ, უკრაინის სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ ქარხანა „იუზმაშისაგან“ შეიძინა. კიევში აცხადებენ, რომ ამ დეზინფორმაციის გავრცელების უკან რუსეთის ხელისუფლება დგას.

14 აგვისტოს სტატიაში, რომელსაც კიევის აღშფოთება მოჰყვა, გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ ეყრდნობა სტრატეგიული სწავლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის ანგარიშსა და აშშ-ის დაზვერვის უწყების კლასიფიცირებულ კვლევას. ამ წყაროების ცნობით, ფხენიანის საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტის პროგრამის ბოლოდროინდელი წარმატება, შესაძლოა, უკავშირდებოდეს სარაკეტო ძრავის ტექნოლოგიას, რომელიც ჩრდილოეთ კორეამ ან უკრაინისგან შეიძინა, ან რუსეთისგან.

გადმოწერა

რაც შეეხება ინფორმაციაში ნახსენებ ქარხანა „იუზმაშს“, უკრაინული სარაკეტო კორპორაციის ხელმძღვანელობამ ასევე უარყო ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო, კოსმოსურ თუ თავდაცვით სფეროში რაიმე სახის თანამშრომლობა და „პროვოკაციული“ უწოდა გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც ეფუძნება „არაკომპეტენტური ექსპერტების მოსაზრებას“.

როგორც გაირკვა, „ნიუ-იორკ ტაიმსის“ მიერ ხსენებული კვლევითი ორგანიზაციის, ლონდონში არსებული სტრატეგიული სწავლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის, ანგარიშის ავტორია მაიკლ ელემანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ, დიდი ალბათობით, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დნიპროში მდებარე რაკეტების ქარხანა „იუზმაშია“ იმ სარაკეტო ძრავების წყარო, რომლებმაც ჩრდილოეთ კორეას შესაძლებლობა მისცა განევითარებინა საკონტინეტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები.

ელემანის ანალიტიკური ანგარიშის თანახმად, „იუზმაში“ ჩრდილოეთ კორეასთან ამ გარიგებაზე, სავარაუდოდ,დათანხმდა იმ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, რომელშიც უკრაინული ქარხანა ბოლო წლების ეკონომიკური კრიზისისა და რუსეთთან კონფლიქტის გამო აღმოჩნდა.

თუმცა მოგვიანებით, როდესაც „ნიუ-იორკ ტაიმსის“ პუბლიკაციას დიდი ხმაური მოჰყვა უკრაინაში, ექსპერტმა არ გამორიცხა, რომ სარაკეტო ტექნოლოგია ჩრდილოეთ კორეას შეეძინა ასევე რუსეთის კომპანია „ენერგომაშისგან“, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ქარხანაა.

ზემოხსენებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქარხანა „იუზმაში“ მდებარეობს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების კონტროლირებადი დონბასის სიახლოვეს, ხოლო საომარი მდგომარეობის ქაოსით აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორია ნამდვილი სამოთხეა იარაღით არალეგალური ვაჭრობისათვის. ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც თემის სენსიტიურობის გამო ანონიმურად დარჩენა ამჯობინა, წარსულში არ გამორიცხა უკრაინის კონტროლირებადი სარაკეტო ქარხნის პროდუქციით არალეგალური ვაჭრობა, თუმცა დასძინა, რომ ბოლო ხანებში იარაღის კონტრაბანდა უკრაინიდან მნიშვნელოვნად შეიზღუდა.

სტატიას გამოეხმაურა უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსანდრე ტურჩინოვი, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინას არასოდეს მიუწოდებია სარაკეტო ძრავები ან სხვა სახის სარაკეტო ტექნოლოგია ჩრდილოეთ კორეისათვის. „დარწმუნებული ვართ, რომ ეს ანტიუკრაინული კომპანია აგორებულია რუსეთის სპეცსამსახურების მიერ, რომლებსაც სურთ ამით გადაფარონ თავიანთი მონაწილეობა ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებში“, - განაცხადა ალექსანდრე ტურჩინოვმა.

თუმცა მოსკოვს ტურჩინოვის ამ ბრალდებებზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG