Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქლორით მოწამლულები საავადმყოფოებში რჩებიან


სამაშველო სამსახური ლილოში
სამაშველო სამსახური ლილოში
უკანასკნელი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ კიდევ 7-მა ადამიანმა მიმართა, ინტოქსიკაციის ნიშნებით, საავადმყოფოს. მათ გამოკვლევა უტარდებათ. ქლორის გაჟონვის შედეგად მოწამლული 30-ზე მეტი ადამიანი კვლავ საავადმყოფოში რჩება, მათ შორის 11 ბავშვია. კრიტიკულად მძიმეა 18 წლის ყმაწვილის მდგომარეობა. ის ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 3 ივლისის ღამით ლილოს დასახლებაში ”გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” კონტრაქტორი კომპანიის, ”კრისტალის” კუთვნილი ავზიდან ქლორის 2-ჯერ გაჟონვის გამო მოწამლული 80-მდე ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა. ცნობილია, რომ დაკავებულია ”კრისტალის” ხელმძღვანელი, სხვა თანამშრომლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკითხავს. მოწამლულები 3 ივლისის ღამით საავადმყოფოში საქართველოს პრეზიდენტმა და ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულეს. ცნობილია, რომ მათი მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო იტვირთავს. გარემოს დაცვის სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ინციდენტის ადგილას გარემო უსაფრთხოა.

ლილოს დასახლებაში ქლორის გაჟონვის შედეგად მოწამლულთაგან კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება 18 წლის ყმაწვილი. მისი ბებია ინგოროყვას სახელობის კლინიკის ფოიეში რადიო თავისუფლებას თავისი შვილიშვილის ამბავს უამბობს:

”ავტობუსით მოდიოდა ბავშვი. რაღაც აფეთქდა, სუნი იყო. გაიღო კარი, შევიდა სუნი ავტობუსში. ასთმიანი იყო, ბრონქებზე სპაზმები ჰქონდა ისედაც და, როგორც ჩანს, ვერ გადაიტანა.”
ქლორის აირები შესუნთქულ ჰაერთან ერთად ხვდება ორგანიზმში. პირველად იწვევს ხველას, რისი მიზეზიც არის ბრონჰოსპაზმი, მაგრამ საკმაოდ ადვილი დასაძლევია, თუ ქლორის აირების ზემოქმედების ექსპოზიცია ადამიანზე, ანუ მოქმედების ხანგრძლივობა, არ არის ძალიან დიდი, მაღალ კონცენტრაციებში...
ბაადურ მოსიძე

დღის განმავლობაში ჯერ კიდევ საავადმყოფოებში რჩებოდა მოწამლული პაციენტების ნახევარი. დაზარალებულები 3 ივლისის ღამით პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მოინახულეს. მინისტრის ინფორმაციით, ყველა პაციენტის მკურნალობის ხარჯს სახელმწიფო აანაზღაურებს. ექიმების განმარტებით, მოწამლულთა სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ინგოროყვას სახელობის მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი, პროფესორი ბაადურ მოსიძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ, დროული ჩარევის შემთხვევაში, ქლორით ინტოქსიკაცია ადვილად ექვემდებარება მკურნალობას:

”ქლორის აირები შესუნთქულ ჰაერთან ერთად ხვდება ორგანიზმში. პირველად იწვევს ხველას, რისი მიზეზიც არის ბრონჰოსპაზმი, მაგრამ საკმაოდ ადვილი დასაძლევია, თუ ქლორის აირების ზემოქმედების ექსპოზიცია ადამიანზე, ანუ მოქმედების ხანგრძლივობა, არ არის ძალიან დიდი, მაღალ კონცენტრაციებში. აქ ვინაიდან ეს იყო ღია ატმოსფეროში და არ იყო დახურულ შენობაში, ზემოქმედების დროც ხანმოკლე იყო, ამიტომ დადებითად დამთავრდა ყველასათვის.“

ოფიციალური ინფორმაციით, 3 ივლისს ქლორმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორი ფირმის, ”კრისტალის” კუთვნილი ქლორის ავზიდან გაჟონა იმის გამო, რომ ავზის ტრანსპორტირებისას ონკანი დაზიანდა. თბილისის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ხელმძღვანელის თემურ გიორგაძის ინფორმაციით, დღის 2 საათისთვის ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდა, ავზი უსაფრთხო ადგილას გადაიტანეს და გარემო უსაფრთხოა. ის იმის შესახებ ჰყვება, თუ რამ გამოიწვა ქლორის გაჟონვა:
თემურ გიორგაძე
თემურ გიორგაძე

”ავზი უნდა დაედოთ მანქანაზე და დადების პროცესში ქლორიან ავზს მოსძვრა საკეტი და იქიდან დაიწყო გაჟონვა. დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოვრჩით ყველაფერს და იდეალური მდგომარეობაა, კარგი მდგომარეობაა.”

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია "კრისტალის" ხელმძღვანელი, რომელიც დილიდან პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, დააკავეს. კომპანიის სხვა წარმომადგენლები ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფებიან.

არსებული ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 288-ე მუხლებით, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
”კრისტალს” აქამდე სამჯერ ჰქონდა განხორციელებული თხევადი ქლორის ტრანსპორტირება და ამ ბოლო შემთხვევამდე მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა...
ჯილდა მაჭავარიანი

”კრისტალი” გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორი ფირმა იყო. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ჯილდა მაჭავარიანის ინფორმაციით, შპს ”კრისტალმა” 2012 წლის 3 იანვარს გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. 8 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს "კრისტალს" ეტაპობრივად უნდა განეხორციელებინა 50 ტონა თხევადი ქლორის მოწოდება შესაბამისი კონტეინერით:

”კონტრაქტის მიხედვით, ტრანსპორტირებაზე, უსაფრთხოებაზე და ქლორის ხარისხზე პასუხისმგებლობა ეკისრება შპს ”კრისტალს”. მას აქამდე სამჯერ ჰქონდა განხორციელებული თხევადი ქლორის ტრანსპორტირება და ამ ბოლო შემთხვევამდე მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა.”

ჯილდა მაჭავარიანის განცხადებით, მომხდარი ინციდენტიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული შპს ”კრისტალთან” კონტრაქტი გადაიხედოს. მისივე სიტყვებით, მომხდარის გამო რეგიონების მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება არ შეფერხდება.
ყველაფერი გაიოლებულია, გაუქმებულია. წესები არ არსებობს, ვთქვათ, როგორ უნდა მიმდინარეობდეს წარმოება და მაკონტროლებლებიც აღარ არსებობენ და, თუ არსებობენ, ძალიან სუსტები არიან...
ქეთი გუჯარაიძე

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, ვინ არის პასუხისმგებელი მავნე და სახიფათო ნივთიერებებთან მომუშავე კომპანიების კონტროლზე. როგორც გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალერნატივის” ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე ამბობს, 2005 წელს ამოქმედებული ლიცენზიების და ნებართვების შესახებ კანონი მკაცრად არეგულირებდა საფრთხის შემცველი საწარმოების საქმიანობას. მაგრამ, 2011 წელს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების თანახმად, სამინისტროების უფლებამისილება განაწილდა - ინსპექტირების ფუნქცია დაეკისრა როგორც ენერგეტიკის, ასევე გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს; გაუქმდა გარემოს დაცვის ინსპექცია, რომელსაც ადრეც ძალიან ცოტა ფუნქცია ჰქონდა და ძირითადად ბუნებრივი რესურსებით სარგებლობას აკონტროლებდა.
ქლორით მოწამლულები საავადმყოფოში
ქლორით მოწამლულები საავადმყოფოში

”ყველაფერი გაიოლებულია, გაუქმებულია. წესები არ არსებობს, ვთქვათ, როგორ უნდა მიმდინარეობდეს წარმოება და მაკონტროლებლებიც აღარ არსებობენ და, თუ არსებობენ, ძალიან სუსტები არიან. ამ ყველაფრის შედეგია მერე ის, რაც ხდება. ამ ყველაფერს შეიძლება დავარქვათ ინვესტიციებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა?”

რადიო თავისუფლებასთან საუბარში გარემოს დაცვის, ენერგეტიკის და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არსებობს უსაფრთხოების ნორმები და, მათ შორის, მავნე ნივთიერებების ტრანსპორტირების წესიც, მაგრამ ამ წესის დაცვაზე მონიტორინგის ფუნქციები მათ არა აქვთ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG