Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლუბი - მომავალ პარასკევამდე...


ავტორი: ქეთი კაპანაძე

კლუბებში სტუმრობა, ანუ როგორც დღეს იტყვიან, „კლუბური ცხოვრება“, უკვე ტრადიციად იქცა ქართველი ახალგაზრდებისათვის. მათთვის ეს არა მარტო კარგი მუსიკის მოსმენისა და განტვირთვის საშუალებაა, არამედ ახალი ნაცნობების შეძენის საუკეთესო გზა. თბილისის კლუბურ ცხოვრებას ქეთი კაპანაძე აკვირდებოდა.

კლუბი - მომავალ პარასკევამდე...
please wait

No media source currently available

0:00 0:03:43 0:00
გადმოწერა

ხმამაღალი მუსიკა, განტვირთვა,პრობლემების დროებით გადავიწყება, ცეკვა და ცოტა სასმელიც – აი, ამისთვის დადის კლუბში ახალგაზრდობა.

სიტყვა „ქლაბერმა“ უკვე დაიმკვიდრა ადგილი ახალგაზრდების ყოველდღიურ საუბარში. ადრე ამ სიტყვას, შესაძლოა, „აკრძალული“შინაარსი ჰქონოდა, რაღაც უცხოსი, ჩვენთვის რომ არ არის, ისეთის. ახლა კი ეს ახალი თაობის ყოველდღიური ცხოვრებისა და ყოფის ნაწილია.

აკრძალულის გარდა, კლუბურ ცხოვრებას გარკვეული ელიტური ელფერი ჰქონდა ხოლმე ბევრის აღქმაში, განსხვავებულთა თავშეყრის ადგილად მიიჩნეოდა, მაგრამ ახლა ეს დისტანცია აღარ არსებობს და თბილისის კლუბებში ყველა სოციალური წრის წარმომადგენელს შეხვდებით, სხვადასხვა შეხედულებებისა და ცხოვრების წესის ახალგაზრდებს.

ნუკა 23 წლის ბუღალტერია, რომელიც უკვე წელიწად-ნახევარია, რაც ელექტრონული მუსიკის მოყვარულია და აქტიურადაა ჩართული ღამის ცხოვრებაში. მას მიაჩნია, რომ დღეს კლუბი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა:

„დღეს საქართველოში ძალიან განვითარებულია ელექტრონული მუსიკა და ნელ-ნელა უფრო და უფრო ვითარდება, უფრო მაღალ სტანდარტებს ვაღწევთ. გაიხსნა ძალიან ბევრი კლუბი და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია პარასკევი და შაბათი გაატაროს ისე, როგორც მას უნდა, და მოუსმინოს ხარისხიან მუსიკას“.

მაგრამ რამდენად ხელმისაწვდომია თბილისის ღამის კლუბები ნებისმიერი მსურველისათვის?

კლუბების ხშირი სტუმარი მაკა ვაჩეიშვილი ფიქრობს, რომ დღეს ქართულ ბაზარზე ფასის მიხედვით კლუბების ფართო არჩევანია და რომ ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა დატვირთული კვირის შემდეგ თავისთვის სასურველ გარემოში განიტვირთოს:

„ჩამი აზრით, დღევანდელ საქართველოში კლუბური ცხოვრება შეძლებისდაგვარად ხელმისაწვდომია - არის სხვადასხვა ფასის კლუბები, არის ცოტა მაღალფასიანი და ისეთფასიანი, რომელზედაც ყველას ხელი მიუწვდება“.

აღსანიშნავია, რომ 14 ივლისს ინტერნეტში გამოქვეყნდა მსოფლიოში 20 საუკეთესო კლუბის ჩამონათვალი, რომელშიც პირველი ადგილი ერთ-ერთ ცნობილ ქართულ კლუბს უჭირავს. მხოლოდ ამის შემდეგ არის ჩამოთვლილი ბერლინი, ამსტერდამი და იბიცა, საქვეყნოდ ცნობილი კლუბური ქალაქები. ცხადია, ეს ამბავი უფრო პოპულარულსა და მიმზიდველს ხდის საქართველოს უცხოელი ტურისტებისათვის.

დიჯეი გიორგი გორგიძე ამბობს:

„ჩემი დაკვირვებით, კლუბური ცხოვრება ბოლო 3 წლის მანძილზე ძალიან განვითარდა, დაეწია ევროპის წამყვან ქვეყნებს და შემიძლია ვთქვა, რომ წამყვან პოზიციაზეც ვართ, შეიძლება ტოპ 3-შიც ვიყოთ უკვე შესულები. პლუს ძალიან აიწია კლუბების ცნობადობამ მსოფლიოს მასშტაბით ევროპის ყველა ქვეყანაში. ბევრი ტურისტი ჩამოდის, რომ ნახონ (საქართველო), გაეცნონ და ვინც ნახულობს, ყველა კმაყოფილია და ნანახი მოლოდინს ყოველთვის აჭარბებს ხოლმე“.

კლუბში ჯერ კიდევ ბნელა, გარეთ კი თენდება, ერთი დიჯეი მეორეს ცვლის... მუსიკა არ წყდება. უკვე შეფხიზლებული ახალგაზრდები ნელ-ნელა იშლებიან. ზოგი კი არ ნებდება და ცეკვას აგრძელებს. ხვალიდან ცხოვრების ჩვეული რიტმი დაიწყება... მაგრამ მხოლოდ პარასკევამდე. პარასკევს ისინი კვლავ კლუბში შეხვდებიან ერთმანეთს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG