Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

უმრავლესობა ქუთაისის საკრებულოში კოალიციურად მუშაობას აპირებს


ქუთაისი
ქუთაისი

ქუთაისის საკრებულო მრავალპარტიულია. 25-წევრიან საკრებულოში 18 დეპუტატი, მათ შორის, 10 მაჟორიტარი, უკვე დაშლილი კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია, ოპოზიციურ სპექტრს ქალაქის საკანონმდებლო ორგანოში 7 ადამიანი წარმოადგენს. მათ შორის, 4 დეპუტატია „ნაციონალური მოძრაობიდან“, „ნინო ბურჯანაძე -ერთიან ოპოზიციას“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ კი თითო-თითო წარმომადგენელი ჰყავთ ქუთაისის საკრებულოში.

კონსერვატორებს, „ეროვნული ფორუმის“ და „მრეწველთა პარტიის“ წევრებს საკრებულოში ფრაქციები აქვთ შექმნილი და კომისიის თავმჯდომარეების თანამდებობები უჭირავთ, რასაც ამ დრომდე ინარჩუნებენ. ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია არა აქვს და მხოლოდ ორი წევრით არის წარმოდგენილი რესპუბლიკური პარტია. პარტიის წევრები არც ერთ კომისიას არ ხელმძღვანელობენ. როგორც საკრებულოს წევრი რესპუბლიკელი ნატო ქათამაძე ამბობს, საკრებულოში მუშაობის თითქმის ორწლიან პერიოდში ის არ ერიდებოდა კრიტიკული შენიშვნების დაფიქსირებას, რიგ საკითხებზე უმრავლესობას არ ეთანხმებოდა და მუშაობის გაგრძელებას საკუთარი შეხედულებისამებრ გეგმავს მომავალშიც, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კოალიციაში შემავალ სუბიექტებს უპირისპირდება.

განსხვავებული აზრისაა საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესიკ ბრეგაძე. მისი თქმით, კოალიციის დაშლის შემდეგ უმრავლესობის მიერ შეთავაზებული ფორმატით მუშაობა შეუძლებელია.

საკრებულოში წარმომადგენელი აღარ ჰყავს „თავისუფალ დემოკრატებს“. მას შემდეგ, რაც პარტიამ უმრავლესობა დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა, მისმა წარმომადგენელმა ლელა ქელბაქიანმა პარტია დატოვა და დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩა. „თავისუფალი დემოკრატების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი ხაზარაძის აზრით, როცა პარტია კოალიციას და, შესაბამისად, უმრავლესობას ტოვებს, მმართველი გუნდის ოპონირება უნდა შეძლოს.

კოალიციის არც ერთი წევრი პარტიის წარმომადგენელი მაღალ თანამდებობას არ იკავებს ქუთაისის მერიაში. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ადგილობრივ ორგანიზაციაში კი ახალი თავმჯდომარე, დაახლოებით, ერთი თვის წინ აირჩიეს. პარტიის ადგილობრივ ოფისს გიორგი ჭიღვარია ხელმძღვანელობს, რომელიც, ამავე დროს, იმერეთის ვიცე-გუბერნატორია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG