Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რესპუბლიკელთა“ წასვლა-დარჩენის პერსპექტივები


შიდაპოლიტიკურ სარბიელზე გაკეთებული კომენტარები და შეფასებები სულ უფრო ამყარებენ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტია დამოუკიდებლად იყრის კენჭს. ასეთ პერსპექტივასთან დაკავშირებით „რესპუბლიკელებს“ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით კვლავ არ გაუხმაურებიათ, თუმცა მუდმივად განმარტავენ, რომ ისინი კოალიცია „ქართული ოცნების" დატოვებას არ აპირებენ. რამდენად შედეგიანად შეძლებენ რესპუბლიკელები დამოუკიდებლად მოქმედებას და შესაძლებელია თუ არა ისინი საზოგადოებამ ახალ პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად იხილოს?

რესპუბლიკურ პარტიას ჯერ ისევ არ გაუხმაურებია გადაწყვეტილება, რომელიც პარტიის წიაღში რამდენიმე დღის წინ მიიღეს და რომელმაც უნდა განსაზღვროს, თუ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას ეს პოლიტიკური ძალა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. არ სახელდება მიზეზი, რის გამო ჭიანურდება უკვე მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის საზოგადოებისთვის გაცნობის პროცესი. სამაგიეროდ, არსებობს დაპირება, რომ ეს რამდენიმე დღეში მოხდება და არსებობს ასევე რესპუბლიკელთა ლიდერების განმარტებები იმის თაობაზე, რომ ისინი კოალიცია „ქართულ ოცნებას“ არ დატოვებენ. სწორედ კოალიციის არდატოვებისა და პოზიციათა არდათმობის ჩანაფიქრზე ლაპარაკობს რესპუბლიკელი დეპუტატი ლევან ბერძენიშვილიც:

„კოალიცია არ დაიშლება ჩვენი მიზეზით, პარლამენტის თავმჯდომარე არ გადადგება, ჩვენი სამი მინისტრიდან არც ერთი არ გადადგება, არც ერთი თანამდებობის პირი, არსად – არც პარლამენტში, არც ქალაქის საკრებულოში, არც რაიონებში – არც ერთი არ აპირებს დაკავებული თანამდებობიდან გადადგომას“.

„ჩვენ გვქონდა მთავარი საკითხები, რომლებშიც ვეთანხმებოდით ერთმანეთს – ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის საგანგებო მნიშვნელობის საკითხები“ – 29 მარტს წარსულ დროში გააკეთა მედიასთან კომენტარი საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა გია ვოლსკიმ და იქვე განმარტა, რომ არ გამორიცხავს,პოზიციათა შეცვლის, შეჯერებისა თუ ვერშეჯერების შედეგად, პოლიტიკურ სუბიექტებს წინასაარჩევნო პერიოდში სულ სხვა გეგმები და მოსაზრებები ამოძრავებდეთ. „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში გაკეთებული განცხადებების თანახმად, სადაც ასევე მიანიშნა, რომ არ მოსწონს, მაგალითად, თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის ცალკეული გამონათქვამები, გია ვოლსკიმ საარჩევნო ბლოკის პერსპექტივები ასე განმარტა:

„მთავარი პოზიციები უნდა გამოიკვეთოს: სად გვაქვს ერთიანობა და სად შეგვიძლია, რომ კომპრომისების მეშვეობით შესაძლოა დავუშვათ ერთიანობა... თუ ეს კომპრომისები არ არის შესაძლებელი, ვერ იქნება ერთიანი ბლოკი წინასაარჩევნოდ“.

ის, რომ „ქართული ოცნება“, შესაძლოა, ვეღარ იყოს ლიდერი ამ მთლიან პოლიტიკურ სპექტრში, საკმაოდ მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება თავად „ქართული ოცნებისთვის“... ჩვენ გვექნება ჭრელი პარლამენტი და ამ ჭრელ პარლამენტში, შესაძლოა, ძალთა გადანაწილება არ იყოს ისეთი, როგორიც ეს „ქართულ ოცნებას“ უნდა...
ვახტანგ ძაბირაძე

რამდენად წარმატებული იქნება რესპუბლიკელებისთვის დამოუკიდებლად მონაწილეობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში?– ამ შეკითხვაზე არაერთგვაროვანი პასუხები არსებობს. თუკი ერთნი ფიქრობენ, რომ დამოუკიდებლად კენჭისყრის პირობებში რესპუბლიკელები ბარიერის გადალახვასაც ვერ მოახერხებენ ანდა, უკეთეს შემთხვევაში, პარლამენტში მცირე წარმომადგენლობას თუ გაიყვანენ, მეორენი ვარაუდობენ, რომ ცალკე კენჭისყრის შემთხვევაში რესპუბლიკელები ამომრჩეველთა ხმებს წაართმევენ სხვა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს საქართველოში და რომ ასეთ ნაბიჯს, შესაძლოა, კოალიცია „ქართული ოცნება“ წინასწარ გამიზნულადაც დგამდეს.

თუკი კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს შეეკითხებით, მას არარეალისტურად მიაჩნია ვარაუდი, რომ ცალკე მოთამაშე რესპუბლიკური პარტია არჩევნებზე მნიშვნელოვან კონკურენციას გაუწევს სხვა პროდასავლურ ძალებს. გარდა ამისა, როგორც ექსპერტმა უთხრა რადიო თავისუფლებას, რესპუბლიკელების დამოუკიდებლად მოქმედება ჩრდილს მიაყენებს კოალიციის მთლიანობისა და სიძლიერის იდეას და ეს, თავის მხრივ, ძალიან დააზარალებს კოალიცია „ქართულ ოცნებას“:

„ის, რომ „ქართული ოცნება“, შესაძლოა, ვეღარ იყოს ლიდერი ამ მთლიან პოლიტიკურ სპექტრში, საკმაოდ მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება თავად „ქართული ოცნებისთვის“... ჩვენ გვექნება ჭრელი პარლამენტი და ამ ჭრელ პარლამენტში, შესაძლოა, ძალთა გადანაწილება არ იყოს ისეთი, როგორიც ეს „ქართულ ოცნებას“ უნდა, იმიტომ რომ კოალიცია მაინც მუშაობდა ამომრჩეველზე და ძლიერი პოლიტიკური ცენტრის იმიჯს ქმნიდა“.

რესპუბლიკელების სავარაუდო ჩანაფიქრს, რომ კოალიციისგან დამოუკიდებლად იყარონ კენჭი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, წნეხის შედეგად, იძულებით მიღებულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს პოლიტოლოგი გია ნოდია. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხილული იყო ასეთი წნეხის ნიშნები:

„ჩემი აზრით, გარკვეული მორალური ზეწოლის ქვეშ მოხვდნენ... იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის კეთილი ნების გამო არიან საერთოდ პარლამენტში და ზედმეტი პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეთ, ამას ხშირად ახსენებენ (და, ჩემი აზრით, სამართლიანად ეუბნებიან ამას) და რესპუბლიკელებს უნდათ, რომ რაღაცნაირად ამისგან თავი დაიცვან. ეს სავსებით ლოგიკური ნაბიჯია ამ თვალსაზრისით და დროა უკვე, რომ ყველა პარტიამ გაბედოს ცალკე გასვლა არჩევნებზე, მაგრამ რამდენად წარმატებას მიაღწევენ, ეს უკვე სხვა საკითხია“.

თუ არა კოალიცია „ქართული ოცნების“ რიგებში, მაშინ ვისთან ერთად შეიძლება იხილოს საარჩევნო ბლოკში საზოგადოებამ რესპუბლიკური პარტია 2016 წლის არჩევნებისთვის?

ამ შეკითხვაზე ანალიტიკოსების უმრავლესობას, უპირველეს ყოვლისა, მკვეთრად პროდასავლური პოლიტიკური ძალა, „თავისუფალი დემოკრატები“, ახსენდება, თუმცა ამ პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ასეთი პერსპექტივის არსებობა უარყო.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG