Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოუხელთებელი ივანე და ზურაბი


„ფორსმაჟორულმა სიტუაციამ“ საქართველოში და „სასწრაფო მივლინებამ“ უკრაინაში ამჯერადაც არ მისცა შესაძლებლობა საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს, რომ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ მისულიყვნენ პარლამენტის „სამთავრობო საათზე“ და მათთან საუბარს მონატრებული ყოფილი კოლეგების შეკითხვებზე პასუხი გაეცათ. ცხადია, ამ მიუსვლელობაში ტრაგიკული არაფერია. ჰა, ჰა, კიდევ ერთ ისეთ ხმაურიან პოლიტიკურ შოუს ვნახავდით, რომელიც რეალურად არაფერს შეცვლიდა არც ხელისუფლების და მმართველი პარტიის და არც ოპოზიციის მიდგომებში.

უბრალოდ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საკანონმდებლო ორგანო და ხალხის რჩეულთა კრებული აღმასრულებელ ხელისუფლებას საქართველოში იმაზე უფრო ჰკიდია ფეხებზე, ვიდრე ეს ჩვენ, საქართველოში დემოკრატიის არსებობაში ჯერ კიდევ დარწმუნებულ მოქალაქეებს წარმოგვიდგენია.

არადა, ივანე მერაბიშვილიც და ზურაბ ადეიშვილიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკანონმდებლო ორგანოდან გადავიდნენ და, წესით, კარგად უნდა ესმოდეთ, თუ რამდენად არაადეკვატურად და უპასუხისმგებლოდ წარმოაჩენს ნებისმიერ მინისტრს ხალხის მიერ არჩეული საკანონმდებლო ორგანოს უგულებელყოფა. ამ უგულებელყოფაში იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უდავო ჩემპიონია - იგი 8-წლიანი მინისტრობის განმავლობაში ტრიბუნაზე საანგარიშო მოხსენებით ვერც ერთი მოწვევის პარლამენტარებმა ვერ გაიხსენეს. ივანე მერაბიშვილმა კი სადღაც 2005 თუ 2006 წლებს შორის ერთხელ დასდო პატივი ხალხის რჩეულებს.

თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ერთი მუჭა ოპოზიციონერი დეპუტატების რისხვა ძირითადად თავს დაატყდა მერაბიშვილსა და არა ადეიშვილს. ამ უკანასკნელმა დროულად დაიჭირა თადარიგი და, ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში გაუჩინარდა მივლინებით. ვანო მერაბიშვილი კი ჯერ დაჰპირდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ აუცილებლად გასცემდა პასუხებს დეპუტატების შეკითხვებს, მაგრამ ბოლო მომენტში „ფორსმაჟორული სიტუაცია“ მოიმიზეზა და საკანონმდებლო ორგანოში მისი მოადგილე ეკატერინე ზღულაძე მიავლინა.

ეს „ფორსმაჟორული ვითარება“ მრისხანედ ჟღერს, თუმცა, ქალბატონ ეკა ზღულაძეს არ აუხსნია, თუ რა უბედურება ხდება ან ვანო მერაბიშვილის ანდა საქართველოს თავს ისეთი, რომ უძლიერესმა მინისტრმა და ქვეყნის უსაფრთხოების მთავარმა გარანტმა თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო და სულ „მხდალი“ და „მშიშარა“ აძახებინა საპარლამენტო ოპოზიციას.

ისე, საქმე საქმეზე თუ მიდგა, „კაცურ ამბავში“ არც ოპოზიციის იმ წევრების საქციელს აქვს გამართლება, რომლებმაც მოუხელთებელი მერაბიშვილის მიუსვლელობის გამო პროტესტის ნიშნად დატოვეს პარლამენტის სხდომათა დარბაზი და ზურგი შეაქციეს პარლამენტის ტრიბუნაზე მდგარ ორ ქალს - თინათინ ბურჯალიანს და ეკატერინე ზღულაძეს, რომელთა „დანაშაული“ მხოლოდ ისაა, რომ მათი ბოსების გადამკიდეს ასეთ „ფორსმაჟორულ“ ვითარებაში უხდებათ მუშაობა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG