Accessibility links

1 მაისს 100 წელი შეუსრულდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას, რომელიც წლების განმავლობაში ევროპული ყაიდის ერთადერთ სამუსიკო სასწავლებლად რჩებოდა ამიერკავკასიაში. მრგვალ თარიღს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია შეხვდა საიუბილეო ფესტივალით, რომელიც 15 ღონისძიებას მოიცავს, მათ შორის - საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მთავარ ღონისძიებას: 26 მაისს საქართველოს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი კონსერვატორიის საიუბილეო გალა-კონცერტს უმასპინძლებს.

შეუძლებელია გრიბოედოვის ქუჩის N8-სთან მოხვედრილი ადამიანის ყურადღება არ მიიქციოს რენესანსულ-ბაროკული არქიტექტურის ელემენტებით აშენებული თეთრი, ოთხსართულიანი შენობის სილამაზემ და მისი ფანჯრებიდან გადმოღვრილმა მუსიკის ჰანგებმა, ვიოლინოსა და ფორტეპიანოს მელოდიებმა, პედაგოგების მკაცრმა შენიშვნებმა და კონსერვატორიის სტუდენტების დაუღალავმა მეცადინეობამ.

კონსერვატორიის შენობა
კონსერვატორიის შენობა

თუმცა კონსერვატორიამდე იყო სამუსიკო სასწავლებელი, რომლის დასაარსებლადაც დაიწყო სახსრების შეგროვება 1891 წელს საქვეყნოდ ცნობილმა პიანისტმა ანტონ რუბინშტეინმა თბილისში გამართული საქველმოქმედო კონცერტით. შეგროვილი თანხითა და შემოწირულებებით, მათ შორის, ძმები ზუბალაშვილების მნიშვნელოვანი თანადგომით, აიგო შენობა, რომელიც ასი წლის წინ, 1917 წლის 1 მაისს, გადაეცა კონსერვატორიას. სასწავლებლის საუკუნოვანი ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი ექსპონატების ნახვა შესაძლებელია კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში, რომლის დამაარსებელი და ხელმძღვანელი, მარინე ჩიხლაძე, მუზეუმში დაცულ მდიდარ ფოტომასალას გვიჩვენებს:

„ამ ფოტოებზე არიან წარმოდგენილი ის პირები, რომლებმაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას დაარსებიდან, ანუ 1917 წლიდან, და მანამდეც, ვიდრე სახელმწიფოს სტატუსს მიიღებდა, ჰქონდა ძალიან საინტერესო ისტორია და ამ ფოტოებზეც ის ადამიანები არიან წარმოჩენილი, რომელთა ღვაწლი წარმოუდგენლად დიდია. სწორედ ასეთმა ადამიანებმა, კონსერვატორიაში მათმა მოღვაწეობამ - როგორც საშემსრულებლომ, ასევე პედაგოგიურმა - ითამაშა გადამწყვეტი როლი“.

კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში ინახება ალოიზ მიზანდარის ოჯახის ინსტრუმენტი - კაბინეტის როიალი „ბეკერი“, რომელზეც ქუთაისში მოწაფეობის წლებში თვით ზაქარია ფალიაშვილი უკრავდა.

რეზო კიკნაძე
რეზო კიკნაძე

ზაქარია ფალიაშვილი ორჯერ იყო კონსერვატორიის რექტორი. სხვადასხვა დროს სასწავლებელს ხელმძღვანელობდნენ დიმიტრი არაყიშვილი, ვანო გოკიელი, ოთარ თაქთაქიშვილი, სულხან ცინცაძე, ნოდარ გაბუნია და სხვები. 2011 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორია მუსიკოსი რეზო კიკნაძე:

„არ აქვს მნიშვნელობა 99 წლისაა კონსერვატორია თუ 101-ის, კონსერვატორიის მთავარი გამოწვევაა ის, თუ როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ტრადიცია და ეზიაროს აქტუალობას. ეს არის ყველაზე დიდი დილემა, რომელიც არსებობს ხელოვნებისთვის და კონსერვატორია არ არის გამონაკლისი, რადგანაც კონსერვატორიაში წვრთნიან სწორედ იმისთვის, რომ ხელოვნება იყოს თავის სიმაღლეზე, შეინარჩუნოს ეს სიმაღლე და არ დაეშვას მასობრივი კულტურის სხვადასხვა გამოვლინების დონეზე. ამიტომ კონსერვატორია ყოველთვის იდგება ძველის სადარაჯოზე, მაგრამ ასევე იქნება ახლისკენ გზის გამკვალავი“.

ნახევარი საუკუნის წინ, 1969 წელს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ, მომღერალმა, ხალხური სიმღერების შემკრებმა და საგუნდო დირიჟორმა ანზორ ერქომაიშვილმა, რომელიც სიყვარულით იხსენებს კონსერვატორიაში გატარებულ წლებსა და თავის პედაგოგს, გივი ლორთქიფანიძეს.

ანზორ ერქომაიშვილი
ანზორ ერქომაიშვილი

„მან გამზარდა, მის შესახებ პატარა მოგონებაც დავწერე - „გივი მასწავლებელი“. ეს იყო უბრწყინვალესი პიროვნება, რომელმაც მთელი თაობა აღზარდა. მაშინ არ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ამეცადინებს და ფასს ახდევინებს და ა.შ. არა! თავის ოჯახში დავყავდით და იქ გვამეცადინებდა. სოფლიდან ვიყავით ჩამოსული... თან გადაგვყვა, ყველაფერი გაგვიკეთა. ძალიან გვიჭირდა. გვეხმარებოდა. გვაჭმევდა და გვასმევდა, თან გვამეცადინებდა. არა მარტო დაამთავრებინა მთელ თაობებს კონსერვატორია, არამედ ფეხზეც დააყენა. საერთოდ, პედაგოგის ამაგი განუზომელია და მთელი ცხოვრება გზას უნათებს ადამიანს“, უთხრა ანზორ ერქომაიშვილმა რადიო თავისუფლებას.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური სიმღერის ფაკულტეტი და ასპირანტურა აქვს დამთავრებული თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტს, თეიმურაზ გუგუშვილს, რომელიც დიდწილად კონსერვატორიისა და მისი პედაგოგების დამსახურებად მიიჩნევს ბევრი კურსდამთავრებულის წარმატებას:

„უდიდესი ჩვენი მომღერლები, ჩვენი პიანისტები, რომლებსაც დღეს დაპყრობილი აქვთ მსოფლიო, ყველა ქვეყანა და მხარე - ეს ყველაფერი არის ჩვენი კონსერვატორიის დამსახურება. ქართველი მომღერლები მღერიან მეპტროპოლიტენში, ლა სკალაში... გვარების დასახელება შორს წაგვიყვანს, თან ისედაც ყველამ ყველაფერი კარგად იცის. მერე, ვინც კი ჩამოდის, ყველა კონსერვატორიაში მოდის - ამ ბრწყინვალე დარბაზში, ულამაზესში. სრული დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ ანალოგია ჩვენი კონსერვატორიის დიდი დარბაზისა არ მეგულება. განსაკუთრებით ორგანი, რომელიც შეკეთების შემდეგ მწყობრშია და სასწაული ჟღერადობა აქვს“.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მხოლოდ თბილისის კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში ინახება რახმანინოვის მუსიკალური ინსტრუმენტი, სხვას არავის გააჩნია...
მარინე ჩიხლაძე

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში დამონტაჟებული საქართველოში ერთადერთი საკონცერტო ორგანი 1963 წელსაა დამზადებული პოტსდამში, საქვეყნოდ ცნობილ გერმანულ ფირმა ALEXANDER SCHUKE-ში. 2014 წელს წვიმის წყლით დაზიანებული ინსტრუმენტი ძირეულად შეკეთების შემდეგ კვლავინდებურად აოცებს მსმენელს თავის უნიკალური ჟღერადობით, ისევე როგორც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კიდევ ერთი ძვირფასი მუსიკალური ინსტრუმენტი და რელიკვია - სერგეი რახმანინოვის „ბეხშეინის“ როიალი. კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმის ხელმძღვანელის, მარინე ჩიხლაძის, თქმით, რახმანინოვი საგასტროლო ტურნეების ფარგლებში თბილისში, არტისტული საზოგადოების სცენაზე, 1911-1915 წლებში გამოდიოდა. ამასთან, თბილისში ყოფნისას სერგეი რახმანინოვი ყოველთვის ჩერდებოდა ცნობილი მეცენატის, სტეფანე მირზოევის, სახლში. სწორედ მირზოევმა სთხოვა მუსიკოსს მისთვის მიეყიდა ინსტრუმენტი.

„1915 წელს რახმანინოვი დათანხმდა და, რომ არ ეტარებინა ეს როიალი და, ალბათ, ფიქრობდა კიდევ თბილისში რამდენჯერმე ჩამოსვლას, მიჰყიდა მირზოევს. 1925 წელს კი, იცოდა რა ეს ამბავი რიჰარდ კერერმა, რომელიც იყო ძალიან ცნობილი პიანისტი და ანა თულაშვილის მოწაფე, შესთავაზა კონსერვატორიას, შეეძინათ ეს ინსტრუმენტი. ეს შეთავაზება 1925 წელს წარმატებით დასრულდა. ეს ის პერიოდია, როცა გასაბჭოების შემდეგ რახმანინოვმა დატოვა რუსეთი, მისი ყველა მუსიკალური ნივთი, რომლებიც პეტერბურგსა და მოსკოვში ჰქონდა, გადაყარეს და გაანადგურეს. ჩვენთან კი შემთხვევის წყალობით აღმოჩნდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მხოლოდ თბილისის კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში ინახება რახმანინოვის მუსიკალური ინსტრუმენტი, სხვას არავის გააჩნია“, უთხრა მარინე ჩიხლაძემ რადიო თავისუფლებას.

მერაბ კოკოჩაშვილი
მერაბ კოკოჩაშვილი

დღეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 400-მდე სტუდენტი სწავლობს, პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა 19 სრული და 80-ზე მეტი ასოცირებული პროფესორი. კონსერვატორიის დიდი და მცირე საკონცერტო დარბაზები კი საქართველოს საკონცერტო ცხოვრების ცენტრია. კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის თქმით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თავისი ასწლოვანი ისტორიით, განსაკუთრებული სიამაყის საგანია:

„საქართველო ერთ-ერთი უნიკალური ქვეყანაა, სადაც მრავალხმიანობასთან ერთად ასევე არსებობს კავკასიაში პირველი კონსერვატორია. მუსიკა კი არის კულტურის გამორჩეული, უნიკალური დარგი, რადგანაც ინფორმაციის პირდაპირი მიწოდების გარეშე, გრძნობის საშუალებით, გაძლევს იმის შეგრძნებას, რომ ხარ ადამიანი, მშვენიერება შეგიძლია შეიგრძნო, სიყვარული და სხვა გრძნობები გებადება. ამისთანა ხელოვნება, რომელიც გრძნობაზე მუშაობს და ამაღლებს ადამიანს, სხვა არ არსებობს. მადლობა კონსერვატორიას, რომ ამას აკეთებს ასი წელი“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG