Accessibility links

კონსტანტინ სტალინსკი ინტერნეტის განვითარების გამოწვევებზე


15 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო კონსტანტინ სტალინსკი, ინტერნეტმედიის სპეციალისტი. მან ილაპარაკა საქართველოში ინტერნეტის განვითარებაზე. 14 ნოემბერს "ფრიდომ ჰაუსმა" გამოაქვეყნა მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების შესახებ ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში ინტერნეტი თავისუფალია და 24 ქულით არის შეფასებული (100 ქულა - ყველაზე არათავისუფალს, 0 ქულა კი ყველაზე თავისუფალს ნიშნავს). ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ინტერნეტის მისაწვდომობა იზრდება (მოსახლეობის 50%) და გამოარჩევენ რამდენიმე გამოწვევას: ინტერნეტსერვისის მაღალ ფასს, არაადეკვატურ ინფრასტრუქტურასა და ინტერნეტის დაბალ სიჩქარეს. კონსტანტინ სტალინსკიმ ილაპარაკა ამ პრობლემების მიზეზებზე და ერთ-ერთად ინტერნეტბაზარზე კონკურენციის ნაკლებობა დაასახელა. "დილის საუბრების" სტუმარმა ახსნა ისიც, თუ რაში ხედავს ის სახელმწიფოს როლს ინტერნეტიზაციის ხელშეწყობაში და რაში ჩარევას თვლის არასაჭიროდ, აზრსმოკლებულად. კონსტანტინ სტალინსკიმ ილაპაკარა აგრეთვე იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანად იყენებენ ინტერნეტს მედია და სახელმწიფო სტრუქტურები აუდიტორიისთვის ინფორმაციისა და სერვისების მიწოდებისთვის. მართალია, ინტერნეტზე წვდომა რაოდენობრივად იზრდება, თუმცა, ერთ-ერთ გამოწვევად საქართველოში რჩება ინტერნეტით სოფლის ტიპის დასახლებების მოცვა. საუბრის დასასრულ, კონსტანტინ სტალინსკიმ აღნიშნა, რომ ხედავს შესაძლებლობას და ისურვებდა - საქართველო იქცეს სატელეკომუნიკაციო რეგიონული ბაზრის კვანძად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG