Accessibility links

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები, რომელსაც კენჭი 22 აპრილს უყარეს, არ ასახავს ქვეყნის საჭიროებებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო კომისიაში შემავალი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აპირებენ წინადადებით მიმართონ ვენეციის კომისიას, ოპოზიციური პარტიების ნაწილი კი აპირებს დაიწყოს კამპანია, პირობითი სახელწოდებით - „გადავარჩინოთ კონსტიტუცია“.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებით, კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში განხორციელებული ცვლილებები არ ასახავს ხალხის ინტერესებს, ის მხოლოდ ერთი პარტიის ინტერესებს შეესაბამება და ამიტომ ცვლილებები არსებული სახით ძალაში არ უნდა შევიდეს. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, დავით ბაქრაძის, თქმით, ხელისუფლებამ კონსტიტუციაში ცვლილებები ერთპიროვნულად შეიტანა და ის არ არის მორგებული ქვეყნის ინტერესებზე:

„ნებისმიერი კონსტიტუცია უნდა იყოს პოლიტიკური კონსენსუსის პროდუქტი, მას უნდა ეთანხმებოდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების უმრავლესობა და და სწორედ ასეთ შემთხვევაში ხდება კონსტიტუცია სტაბილური პოლიტიკური სისტემის საფუძველი. ძალიან ვწუხვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს ვერ გაიაზრა და მათ პრაქტიკულად ერთპარტიულ კომისიაში წარმოადგინეს და მიიღეს კონსტიტუციის ის ვარიანტი, რომელიც დღეს გვაქვს. ამიტომ ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება უცხოელი პარტნიორების პოზიციას, მათ შორის -ვენეციის კომისიის პოზიციას“.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, სადავო საკითხებზე მსჯელობა საყოველთაო სახალხო განხილვების დროსაც გაგრძელდება. ამასთან, ხელისუფლება აუცილებლად გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის შენიშვნებსაც, ამბობს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი:

„საკმაოდ არგუმენტირებული მოსაზრებები წარმოადგინა პარლამენტის თავმჯდომარემ, თუ როგორ უნდა ჩატარდეს პარლამენტის და პრეზიდენტის არჩევნები, როგორ მტკიცდება მთავრობა. ჩვენ არ ვაპირებთ არგუმენტირებული შენიშვნების გარეშე, მათ შორის, ევროკავშირის შენიშვნების გარეშე, ვენეციის კომისიის ფორმატში, და საზოგადოებასთან ფართო განხილვების გარეშე რაიმე საბოლოო ვარიანტის მიღებას“.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საარჩევნო სისტემა იყო და ზუსტად ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მე ვაღიარებ, რომ მართლა ბევრი რამ იქნა გათვალისწინებული, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა შეეცვალათ...
ეკა გიგაური

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ოპოზიციურ პარტიებს ისიც უსაყვედურა, რომ რამდენიმეთვიანი განხილვის პროცესში ისინი მხოლოდ რამდენიმე საკითხის გარშემო გამოდიოდნენ ინიციატივით, მათ შორის ეს შეეხებოდა საარჩევნო სისტემას, მაშინ როცა, ჩუგოშვილის თქმით, კონსტუტუციაში სხვა მრავალი მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა, რომელთა ირგვლივაც ოპოზიციას მოსაზრებები არ გამოუთქვამს. ამასთან, როგორც დეპუტატი გიორგი კახიანი ამბობს, ოპოზიცია ცდილობს საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს მთლიანად შემუშავებული საკონსკუტუციო ვარიანტის მიმართ არსებობდეს უარყოფითი დამოკიდებულება:

„ოპოზიციის დამოკიდებულება შეიძლება ისე იყოს აღქმული საზოგადოების მხრიდან, რომ ის პროექტი, რაც შეიმუშავა კომისიამ, მთლიანად ამ პროექტის შესახებ არსებობს უარყოფითი დამოკიდებულება, რომ თითქოს საზოგადოებას წაერთვა პრეზიდენტის არჩევის უფლება და ა.შ. პრეზიდენტის პირდაპირი ან ირიბი წესით არჩევა კი არ არის საზოგადოების მიზანი, საზოგადოების მიზანი არის, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ისეთი კონსტიტუცია და ისეთი კონსტიტუციური სისტემა იყოს დამკვიდრებული, რომელიც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს“.

მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მნიშვნელოვნად იყო ჩართული, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თამჯდომარე ეკა გიგაურის თქმით, საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით ხელისუფლების დაყოლიება ვერ მოხერხდა, თუმცა სამოქალაქო სექტორმა აქტიური გავლენა იქონია საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების კუთხით განმარტების ჩაწერაზე, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის უზრუნველყოფის თვალსაზრისით და სხვა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საარჩევნო სისტემა იყო და ზუსტად ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მე ვაღიარებ, რომ მართლა ბევრი რამ იქნა გათვალისწინებული, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა შეეცვალათ და სადაც უფრო სამართლიანად გაეწერათ, მაგალითად, გადაუნაწილებელი მანდატების საკითხები“.

შესაბამისად, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აპირებენ ვენეციის კომისიას რეკომენდაციით მიმართონ მანამ, სანამ პარლამენტი კონსტიტუციას კენჭს უყრის. კენჭისყრამდე კი - სავარაუდოდ, მაისის თვეში - საყოველთაო სახალხო განხილვები დაიწყება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG