Accessibility links

უნდა შეიცვალოს თუ არა კონსტიტუციის 94-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, ახალი გადასახადის შემოსაღებად ან გადასახადის განაკვეთის ზედა ზღვრის გასაზრდელად რეფერენდუმის გამართვაა საჭირო - ამ საკითხზე იმსჯელეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით 18 აპრილს თბილისში გამართულ კონფერენციაზე, რომლის მსვლელობისას გამოითქვა აზრი, რომ კონსტიტუციის ეს მუხლი ზღუდავს პარლამენტის, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს, უფლებას განსაზღვროს ქვეყნის განვითარება, თუმცა კონფერენციის მსვლელობისას ასევე გამოითქვა არაერთი საპირისპირო აზრი.

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის მეოთხე პუნქტში ვკითხულობთ:

„საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. რეფერენდუმის დანიშვნის ინიცირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას“.

გადასახადის ახალი სახის შემოსაღებად ან გადასახადის ზედა ზღვრის გასაზრდელად რეფერენდუმის დანიშვნის აუცილებლობა, კონსტიტუციასთან ერთად, ასევე განსაზღვრულია 2011 წელს მიღებული ორგანული კანონით ეკონომიკური თავისუფლების შესახებ. ამ კანონისა და საგადასახადო კოდექსის თანახმად, საქართველოში შემდეგი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები არსებობს: საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) და იმპორტის გადასახადი. სწორედ ამ გადასახადების განაკვეთის ზედა ზღვრის შეცვლა არ შეიძლება რეფერენდუმის გამართვის გარეშე, რაც მავნებლობად მიაჩნია სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს, დეპუტატ გია ჟორჟოლიანს, რომლის თქმითაც, აღნიშნული მუხლი ზღუდავს სახელმწიფოს შეიმუშაოს და განავითაროს პოლიტიკა.

ბევრი კონსტიტუცია შეიცავს ჩანაწერს, რომ არ შეიძლება საგადასახადო საკითხებზე რეფერენდუმის გამართვა. თუ ვინმე იტყვის, რომ არის რამდენიმე ქვეყანა, სადაც საგადასახადო საკითხები რეფერენდუმით წყდება, მაშინ უნდა ვუპასუხოთ, რომ ამ ქვეყნებში საგადასახადო რეფერენდუმის გამართვის წესი და პირობები ჩვეულებრივი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და არა კონსტიტუციით, რაც მნიშვნელოვანი სხვაობაა...
ვაკო ნაცვლიშვილი

„ეს არის ნაბიჯი პლებისციტარული დემოკრატიისაკენ, ავტორიტარიზმისაკენ... სინამდვილეში არავითარი ხალხი ამას არ მართავს. ეს ბელადმა უნდა დაუძახოს ხალხს და ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თუ მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი რეფერენდუმზე უნდა გავიდეს, მაშინ ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელსაც პარლამენტი იხილავს, ასევე რეფერენდუმზე უნდა გავიდეს. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ პარლამენტი ზედმეტია. არადა, პარლამენტის უმთავრესი ფუნქციაა განსაზღვროს სახელმწიფოს ხარჯები და განახორციელოს პოლიტიკა, რისთვისაც სჭირდება ინსტრუმენტები“, უთხრა რადიო თავისუფლებას გია ჟორჟოლიანმა, რომლის თქმით, საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ თანამედროვე განვითარება შეუძლებელია აქტიური სახელმწიფოს გარეშე, მას კი სჭირდება სათანადო ინსტრუმენტები, რომელთა ხელმისაწვდომობასაც ზღუდავს კონსტიტუციის 94-ე მუხლი. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვაკო ნაცვლიშვილი ასევე იშველიებს საერთაშორისო გამოცდილებას და ამბობს, რომ არ არსებობს არც ერთი კონსტიტუცია, სადაც გადასახადების განაკვეთი დაცული იყოს კონსტიტუციური გარანტიით:

„მეტსაც გეტყვით, ბევრი კონსტიტუცია შეიცავს ჩანაწერს, რომ არ შეიძლება საგადასახადო საკითხებზე რეფერენდუმის გამართვა. თუ ვინმე იტყვის, რომ არის რამდენიმე ქვეყანა, სადაც საგადასახადო საკითხები რეფერენდუმით წყდება, მაშინ უნდა ვუპასუხოთ, რომ ამ ქვეყნებში საგადასახადო რეფერენდუმის გამართვის წესი და პირობები ჩვეულებრივი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და არა კონსტიტუციით, რაც მნიშვნელოვანი სხვაობაა. როგორც არ უნდა იყოს, დღეს ჩვენ არ ვითხოვთ ზოგადად გადასახადების განაკვეთების ზრდას. ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ნორმა კონსტიტუციიდან იყოს ამოღებული. და იმ ქვეყნებში, სადაც გადასახადებზე რეფერენდუმი არსებობს, ასევე არსებობს პირდაპირი დემოკრატიის ტრადიცია - მაგალითად, შვეიცარია, რომელიც არის პირდაპირი დემოკრატიის ქვეყანა, სადაც არა მარტო საგადასახადო საკითხები გადის რეფერენდუმზე, არამედ საჯარო ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი სხვა საკითხები“.

საზოგადოების კვლევის ცენტრის წარმომადგენელი თორნიკე ჩივაძე კი ამბობს, რომ კრიტიკას ვერ უძლებს 94-ე მუხლის დამცველთა ის არგუმენტი, რომლის მიხედვითაც, ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია დაბალი გადასახადები, ხოლო კონსტიტუციის 94-ე მუხლის ამოღებამ შეიძლება შეამციროს მოზიდული ინვესტიციების მოცულობა. თორნიკე ჩივაძე ამბობს, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, ბიზნესისთვის დამაბრკოლებელ ფაქტორთა რიგითობა ასეთია:

„პირველ ადგილზეა კვალიფიციური სამუშაო ძალის ნაკლებობა, მეორე ადგილზეა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ინფლაცია - მესამე ადგილზე, შემდეგ მოდის არაეფექტური სახელმწიფო ბიუროკრატია, შემდეგ - შეუსაბამო ინფრასტრუქტურა, ინოვაციების დაბალი დონე, ეკონომიკური პოლიტიკის სიმყიფე, სამუშაო ძალის დაბალი შრომის ეთიკა და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის საგადასახადო განაკვეთი, რომელიც საკმაოდ დაბალ დამაბრკოლებელ ფაქტორად მიიჩნევა“.

კონფერენციის მსვლელობისას კონსტიტუციის 94-ე მუხლის მოწინააღმდეგეებმა ისიც თქვეს, რომ მუხლი აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ დამფუძნებელი პაატა შეშელიძე, რომლის თქმითაც, მსოფლიო ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყნები უფრო მეტად მდიდრებიც არიან, ეკონომიკური თავისუფლების მთავარი კომპონენტი კი არის დაბალი საგადასახადო ტვირთი, დაბალი რეგულირებები და სახელმწიფოს ნაკლები ხარჯები.

პაატა შეშელიძე
პაატა შეშელიძე

„შესაბამისად, თუ ჩვენ წარმოვიდგენთ ასე, რომ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი გულისხმობს მთავრობის შეზღუდვას, რომ მან ნებელობითი გადაწყვეტილება არ მიიღოს და არ გაუზარდოს საგადასახადო ტვირთი გადასახადების გადამხდელებს, ლოგიკურად უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. მეორე საკითხია, რომ მთავრობას მაინც რჩება საშუალება, რომ გადახედოს ამ მიდგომას რეფერენდუმის გზით, ანუ ხალხს უნდა ჰკითხოს, შეიძლება თუ არა მათზე მეტი ტვირთი იყოს დაკისრებული. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ ამ მუხლის მიმართ ყურადღება არის მხოლოდ ერთი მიზეზის გამო: სინამდვილეში ხელისუფლება ხედავს, რომ მას არ ექნება მხარდაჭერა ხალხისგან, ის არ წარმოადგენს ხალხს. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტი ხალხის წარმომადგენელია, არის სრული ტყუილი“, უთხრა პაატა შეშელიძემ რადიო თავისუფლებას.

ამასთან, კონსტიტუციის 94-ე მუხლის თანახმად, რეფერენდუმის დანიშვნის ინიცირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას, რომელიც, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრებისგან განსხვავებით, არ ითხოვს აღნიშნული მუხლის ამოღებას. პარლამენტისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში მაქსიმალურად იქნება დაცული ბალანსი სოციალური სახელმწიფოს პრინციპსა და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპს შორის:

„ამ ორ პრინციპს ეფუძნება საქართველოს კონსტიტუცია. ეს პირდაპირ არის აღნიშნული კონსტიტუციის პრეამბულაში და დაგეგმილია კონსტიტუციაში იმგვარი ცვლილებების შეტანა, რომლებიც ამ ორი პრინციპის რეალიზებისათვის სათანადო გარანტიებს შექმნის და ამ ყველაფრის აწონ-დაწონის საფუძველზე გაგრძელდება დისკუსია კონსტიტუციის შესაბამის ჩანაწერებთან დაკავშირებით“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG