Accessibility links

საქართველოს კონსტიტუციის მომავალი: კონსენსუსის ილუზია თუ კონსენსუსი?


საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს შეხვედრას სადავო საკონსტიტუციო საკითხების განხილვის მიზნით. შეხვედრა მიმდინარე კვირაში უნდა გაიმართოს. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რას შესთავაზებს მმართველი გუნდი ოპოზიციურ სპექტრს და იქნება თუ არა შეთავაზებებს შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების (ერთჯერადად) უბარიეროდ ჩატარების ინიციატივა, რის შესახებაც ინფორმაცია ბოლო დღეებში მედიის საშუალებით ვრცელდებოდა. ოპოზიციური სპექტრის ძირითადი ნაწილი და ანალიტიკოსები თვლიან, რომ ხელისუფლება, ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან 6 სექტემბრისთვის დაგეგმილი გაფართოებული შეხვედრის წინ ცდილობს ოპოზიციური ძალების მხარდაჭერის მოპოვებასა და ამით საკონსტიტუციო საკითხების გარშემო კონსენსუსის არსებობის დემონსტრირებას. საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი საარჩევნო ბარიერის საკითხის ცალკე განხილვის წინააღმდეგია.

please wait

No media source currently available

0:00 0:06:26 0:00
Direct link

მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიებს ერთად შეკრებასა და საშემოდგომო სესიამდე დარჩენილ დროში პოლიტიკური დიალოგის გამართვას სთავაზობს. 15 აგვისტოს საგანგებო ბრიფინგზე ეს მოწოდება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გაახმაუარა:

არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

„შესაბამისად, ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობთ, მიმდინარე კვირაში შევიკრიბოთ და განვაახლოთ მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო. საქართველოში ჩვენ წარმოვადგენთ პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა საზღვარგარეთ ყველანი წარმოვადგენთ საქართველოს - ამიტომ მნიშვნელოვანია სტრასბურგში შეხვედრამდე კიდევ ერთხელ განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი“.

სტრასბურგის შეხვედრა, რომელიც არჩილ თალაკვაძემ ახსენა, 6 სექტემბერს უნდა გაიმართოს და ეს გადაწყდა მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ სადავო საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ერთგვარად შუამავლის როლის შესრულება იტვირთა და ამის შესახებ ქართულ მხარეს 31 ივლისს გამოგზავნილი წერილით აცნობა. სტრასბურგში ელოდებიან როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს.

იმ ფონზე, როდესაც ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ გამოხატა საკმაოდ მწვავე უკმაყოფილება საკონსტიტუციო რეფორმის გარშემო კონსენსუსის არარსებობის გამო და ქართულ პოლიტიკურ სპექტრს დიალოგისკენ მოუწოდა, ანალიტიკოსების აზრით, მმართველ გუნდს გაუჩნდა იმის აუცილებლობა, რომ გარკვეული კონსენსუსის მიღწევაზე იზრუნოს. ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი „ქართული ოცნების“ კონკრეტულ შეთავაზებებს ელოდება და ამის შემდეგ გადაწყვეტს, თუ როგორ იმოქმედოს.

მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ოპოზიციურ სპექტრს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ბუნებრივი ბარიერით, ანუ უბარიეროდ, ჩატარებას სთავაზობს, სკეპტიკურად უყურებს როგორც არასაპარლამენტო, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის უდიდესი ნაწილი. მაგალითად, როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, უთხრა რადიო თავისუფლებას, ახალი კონსტიტუციის პროექტში ძალიან ბევრი რამ არის სადავო და მათ შორის - პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებაც. ხოლო რაც შეეხება საკუთრივ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ სეგმენტს, თუკი „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ გააუქმებს მაჟორიტარული წესით არჩევნებს, ყველაფერ დანარჩენზე ლაპარაკს უბრალოდ აზრი ეკარგება:

„აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ ხელისუფლება (რომელი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს) სარგებლობს მაჟორიტარული სისტემით და გარანტირებულად უდევს მაჟორიტარული მანდატები ჯიბეში. შესაბამისად, ძალიან დაბალია შანსი იმისა, რომ არსებული სისტემით სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს არჩევნები. ამიტომ უბარიერო სისტემის შემოთავაზება თვალებში ნაცრის შეყრაა და მეტი არაფერი“.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ერთ-ერთ ძირითად სადავო საკითხს სწორედ საარჩევნო სისტემა წარმოადგენს. მმართველი პარტია მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2024 წლიდან აპირებს, ოპოზიციური სპექტრი და არასამთავრობო სექტორი კი კვლავაც მოითხოვს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულოს თავისი უწინდელი დანაპირები და მაჟორიტარული არჩევნები უკვე მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის (2020 წლისთვის) გააუქმოს. იმის გამო, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტი ორი მოსმენით უკვე დამტკიცებულია, ოპოზიციური ფლანგი პროექტის გამოთხოვას და მასში არსებითი ცვლილებების შესატანად სულ ცოტა მეორე მოსმენაზე დაბრუნებას მოითხოვს.

პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველო“ იმედოვნებს, რომ საქართველოში არ გამოჩნდებიან ე.წ. სატელიტური პოლიტიკური ძალები, რომლებიც არჩევნების, ერთჯერადად, უბარიეროდ ჩატარების შემოთავაზებით დაკმაყოფილდებიან და ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს გადააყოლებენ სახელმწიფოს ინტერესებს.

უბარიერო სისტემის შემოთავაზება არაფერია იმასთან შედარებით, რა პრობლემებიც დღეს დგას. ბარიერის საკითხი - ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი მთელი ამ საარჩევნო სისტემის; მნიშვნელოვანია, როგორი სისტემით ჩატარდება არჩევნები, როგორ დაკომპლექტდება საარჩევნო კომისიები, როგორ გადაწყდება ბლოკების შექმნის თემა...
ზურაბ ხარატიშვილი

იმ პარტიების წარმოდგენა, რომლებიც მხოლოდ ბარიერთან დაკავშირებული შეთავაზებით დაკმაყოფილდებიან, უჭირს "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის" თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ბარიერის საკითხი განსახილველი თემების მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია და ის ცალკე არ უნდა იქნეს განხილული:

„უბარიერო სისტემის შემოთავაზება არაფერია იმასთან შედარებით, რა პრობლემებიც დღეს დგას. ბარიერის საკითხი - ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი მთელი ამ საარჩევნო სისტემის; მნიშვნელოვანია, როგორი სისტემით ჩატარდება არჩევნები, როგორ დაკომპლექტდება საარჩევნო კომისიები, როგორ გადაწყდება ბლოკების შექმნის თემა... ეს ყველაფერი უნდა იყოს პაკეტში და კომპლექტში. ადამიანის შეფასება არ შეიძლება მარცხენა ფეხის ნეკით, ადამიანი მთლიანად უნდა შეფასდეს... რაღაც თითქოს ვაჭრობას ცდილობენ, მაგრამ ისიც - ძალიან უნიჭოდ და ძალიან არაპროფესიონალურად“.

ხელისუფლების პოლიტიკური ტაქტიკა სრულიად აშკარაა ანალიტიკოს გია ხუხაშვილისთვის. ის თვლის, რომ ჩიხში აღმოჩენილი „ქართული ოცნება“, რომლის საკონსტიტუციო რეფორმამ უკმაყოფილო დატოვა საერთაშორისო თანამეგობრობა, ახლა გამოსავლის ძიებაშია:

„საარჩევნო ბარიერი და ასე შემდეგ, ეს არის, უბრალოდ, ძვალი, რომელიც საინტერესო შეიძლება იყოს იმ პარტიებისთვის, რომლებსაც პულსი საერთოდ არ ესინჯებათ და რომლებიც ვერც 5 %-იან ბარიერს ლახავენ, ვერც 3 %-იანს და სადღაც 0,1 %-ის ფარგლებში ტრიალებენ... ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ გარკვეული პოლიტიკური პერსპექტივის მქონე პარტიები ამ წინადადებაზე არ დათანხმდებიან და ხელისუფლების ამოცანა ამ შემთხვევაში არის ის, რომ შექმნას კონსენსუსის ილუზია ასეთ ერთკაციან პარტიებთან ასეთი უცნაური გარიგების ხარჯზე... პოლიტიკური თამაშები სახელმწიფოს ხარჯზე არ მთავრდება კარგად არავისთვის“.

კონსენსუსის გარეშე ორი მოსმენით დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებები კატეგორიულად მიუღებელია არასამთავრობო სექტორისთვის, რომელმაც ამის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო თანამეგობრობა. წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციით, ბარიერის საკითხის გარშემო შეთანხმება ბევრს ვერაფერს შეცვლის, რადგანაც მთავარი პრობლემა უკავშირდება საარჩევნო სისტემის მაჟორიტარულ ნაწილს, რომელიც მხოლოდ ხელისუფლებისთვის არის ხელსაყრელი და ის აუცილებლად უნდა გაუქმდეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG