Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესამე სექტორის საერთაშორისო განგაში: საქართველოში საფრთხე ექმნება დემოკრატიას


წერილში, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას გაეგზავნა, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ ხელისუფლების განზრახვას - ახალი კონსტიტუცია თავის სასარგებლოდ მოირგოს და მოახდინოს „განსხვავებული მოსაზრებების სრული იგნორირება“. წერილის ადრესატები არიან: ევროკავშირის საბჭო, ევროკომისია, ევროპარლამენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროსაბჭოს ვენეციის კომისია. არასამთავრობო სექტორი საერთაშორისო თანამეგობრობისგან სწრაფ და მკაფიო რეაგირებას ითხოვს, რათა საქართველოში რეალური საფრთხე არ შეექმნას დემოკრატიას, რაც შემდეგ ძალიან ცუდი მაგალითი იქნება რეგიონის ქვეყნებისთვის.

„გიგზავნით ამ წერილს, რათა შეგატყობინოთ საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტიის მეტად საზიანო ქმედებების შესახებ, რომლებსაც აუცილებლად უარყოფითი ზეგავლენა ექნება ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე და რაც, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაციის საშიშ მცდელობას წარმოადგენს“ - ვკითხულობთ არასამთავრობო სექტორის მიერ 27 ივნისს გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც უკვე გაიგზავნა ბრიუსელში, სტრასბურგსა და ვაშინგტონში. ტექსტის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესი თავიდანვე არაერთ შეკითხვასა და ეჭვს ბადებდა, მაგრამ გაწბილების კულმინაცია იყო ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო კომისიის მიერ დამტკიცებული და ვენეციის კომისიაში გაგზავნილი ვარიანტი პარლამენტში შეიცვალა. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არ შეასრულა 2020 წლისთვის მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება და ცვლილებების დანერგვა 2024 წლამდე გადადო:

„მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა უგულებელეყო არა მარტო ვენეციის კომისიისგან მიღებული პასუხი, არამედ ასევე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის მთელი პროცესი, სამოქალაქო საზოგადოებისა და ყველა პოლიტიკური პარტიის შეხედულებები და, არსებული ყველა მოლოდინისა და პროექტის თავდაპირველი ვარიანტის საწინააღმდეგოდ, ცვლილებების დანერგვა საარჩევნო სისტემაში გადადო 2024 წლამდე (მომდევნო არჩევნების შემდგომ მორიგ ან რიგგარეშე საყოველთაო არჩევნებამდე). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "ქართულმა ოცნებამ" თავიდან კი განაცხადა, რომ არსებული საარჩევნო სისტემა რეფორმირებულ უნდა იქნეს, რათა უფრო სამართლიანი გახდეს, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა, შეენარჩუნებინა იგი, მოქალაქეებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის მიცემული დაპირებების, მათ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კომისიის რამდენიმეთვიანი მუშაობის მიუხედავად და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ; ეს ყველაფერი გაკეთდა მხოლოდ ერთადერთი მიზნით - მმართველ პარტიას ძალაუფლების შენარჩუნება სურს“.

ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

„ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს პრაქტიკულად კონსტიტუციაზე მუშაობის მთელ პროცესს და ემიჯნება საზოგადოებას, რაც ძალიან ცუდი მესიჯია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გაგზავნილი წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი ორგანიზაციის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი. არასამთავრობო სექტორი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, რომ მომხდართან დაკავშირებით „მკაფიო და ძლიერი გზავნილები“ მიაწოდონ ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას. ანა ნაცვლიშვილი მოელის, რომ რეაგირება იქნება და ამას არაერთი საფუძველი აქვს:

„მიუხედავად არაერთი შიდა პრობლემისა და გამოწვევისა, საქართველო ითვლებოდა და დღემდე ითვლება რეგიონის ლიდერად. თუ რეგიონში ლიდერის ცუდ ქცევაზე, არასწორ, არადემოკრატიულ ნაბიჯზე არ იქნება შესაბამისი სწორი და ადეკვატური რეაგირება, რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოებას შემდეგ ძალიან გაუჭირდება ჰქონდეს თანმიმდევრული და სამართლიანი პოლიტიკა რეგიონის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში... არ შეიძლება ამ პრეცედენტის დაშვება, რომ კონსტიტუცია შეიძლება მანიპულაციებით დაიწეროს და საბოლოოდ ერთი პარტიის ნებას დაერქვას კონსტიტუცია... რისკი, რომ რეგიონის ქვეყნებზეც ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს ამ პრეცედენტმა, არის მაღალი“.

უახლოეს დღეებში საქართველოში ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაციას ელოდებიან. თუმცა მანამდე -კერძოდ, 26 ივნისს - კომისიის ხელმძღვანელ პირებს სტრასბურგში შეხვდნენ საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები, სადაც ისინი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მონაწილეობენ. როგორც ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის შემდეგ უთხრა ჟურნალისტებს, კონსენსუსის საკითხი პრობლემურია, მაგრამ პასუხისმგებლობა ოპონენტებმაც უნდა გაიზიარონ:

კიდევ ერთი შეხვედრა შედგება - ამჯერად უკვე ვენეციის კომისიის პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის - და მოგვიანებით, ოქტომბერში, ჩვენ გვექნება ასევე შესაძლებლობა, რომ ვენეციის კომისიის საბოლოო შეფასებას გავეცნოთ...
თამარ ჩუგოშვილი

„რაც შეეხება კონსენსუსს, ეს იქნა ნახსენები, ანუ ის, რომ პოლიტიკური ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე იქნა ეს დოკუმენტი მიღებული, თუმცა ვენეციის კომისია კონსენსუსის მიუღწევლობაში ხედავს ყველა მხარის პასუხისმგებლობას და ეს ძალიან მკაფიოდ ითქვა... კიდევ ერთი შეხვედრა შედგება - ამჯერად უკვე ვენეციის კომისიის პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის - და მოგვიანებით, ოქტომბერში, ჩვენ გვექნება ასევე შესაძლებლობა, რომ ვენეციის კომისიის საბოლოო შეფასებას გავეცნოთ“.

პასუხისმგებლობის გაზიარებისკენ ოპონენტებს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, ასევე სტრასბურგში მყოფი ეკა ბესელიაც მოუწოდებს. მისი თქმით, დისკუსიის პროცესი კვლავაც ღიაა მათთვის, ვისაც სურს კონსტრუქციული თანამშრომლობა და ახალი კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტის შეჯერება, ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად.

მართალია, ანა ნაცვლიშვილისთვის გაუგებარია, თუ რა სახის თანამშრომლობაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როცა თავის დროზე მათი აქტიურობა სრულად იქნა იგნორირებული და კონსტიტუციის პროექტი უკვე ორი მოსმენით დაამტკიცა პარლამენტმა, მაგრამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე მაინც იტოვებს იმედს, რომ ხელისუფლება გაიაზრებს უკვე გადადგმულ „საშიშ ნაბიჯებს“, შეცვლის ტაქტიკას და შეეცდება არ დარჩეს საზოგადოებასთან დაპირისპირებულ მდგომარეობაში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG