Accessibility links

„თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია“ - ჯანსუღ ჩარკვიანის „ჰიმნი თავისუფლებას“ კომუნისტებმა მიტინგის წინა საკონცერტო პროგრამაში შეიტანეს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მიკროავტობუსებით ჩამოსული კომუნისტები და სტალინისტები იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმთან შეიკრიბნენ. კომუნისტების ლიდერმა ალეკო ლურსმანაშვილმა თავიდანვე დააანონსა, რომ დღეს პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებდა და მიტინგი მხოლოდ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მიეძღვნებოდა, თუმცა ერთი მთავარი მოთხოვნა მაინც დააფიქსირა, რაც სტალინის მონუმენტის ხელახლა დადგმას უკავშირდება.

წინა წლებისგან დღევანდელი მიტინგი იმით განსხვავდებოდა, რომ კომუნისტებმა საბჭოთა სიმბოლიკასთან ერთად საქართველოს ხუთჯვრიანი დროშაც გამოიტანეს, ავთანდილ მარგიანმა კი განაცხადა, რომ საქართველოს ხსნა ახლა სოციალიზმშია.

კომუნისტებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს, მთავარ მოედანზე, სადაც ერთ დროს სტალინის მონუმენტი იდგა, იქ შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ მოითხოვეს ძეგლის დადგმა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ, წინა წლისგან განსხვავებით, ადმინისტრაციული შენობის ფასადზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გამოფინა, გორის მერიამ კი ომის ვეტერანებს საბრძოლო დიდების მუზეუმთან უმასპინძლა და საჩუქრები გადასცა. გორის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის 20 ვეტერანია დარჩენილი. შოთა ქობლიანიძე 1943 წელს 18 წლისა რეზერვში გაიწვიეს. იხსენებს, რომ მაშინ წინა ხაზზე გასვლა ძალიან უნდოდა, მაგრამ ამის ნება არ დართეს.

მსვლელობა გორში
მსვლელობა გორში

ქალაქის ცენტრში კომუნისტები მიტინგს ატარებდნენ, გორის უნივერსიტეტის დარბაზში კი ევროპის დღეებს აღნიშნავდნენ. ორდღიანი კამპანიის მიზანი დემოკრატიული ღირებულებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ამ ფასეულობების ირგვლივ საზოგადოების გაერთიანებაა. საინიციატივო ჯგუფმა ამ იდეას შარშან ჩაუყარა საფუძველი. ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ რუსული ოკუპაციის პირობებში დუმილი და უმოქმედობა საქართველოს დემოკრატიულ ინტერესებს აზიანებს. ასეთ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებასა და ჰუმანური ფასეულობების ირგვლივ მოქალაქეთა კონსოლიდაციის ხელშეწყობას. ფორუმზე, რომლის სახელწოდებაა „ევროინტეგრაცია - გამოწვევები და პერსპექტივები“, ფილოლოგმა ლევან გიგინეიშვილმა მოხსენება მერაბ მამარდაშვილის შესახებ წაიკითხა. მისი თქმით, თუ საზოგადოება ფხიზლად არ იქნება, ტოტალიტარიზმის საფრთხე მუდამ იარსებებს.

ევროპის დღეების საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლები მოითხოვენ სწრაფად შეიკრიბოს კომისია, რომელიც ტოტალიტარული სიმბოლიკის დადგენაზე იმუშავებს და ზუსტად განსაზღვრავს, ირღვევა თუ არა საქართველოში კანონი თავისუფლების ქარტიის შესახებ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG