Accessibility links

ქუთაისის მერიის სამსახურებიდან და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციებიდან რეორგანიზაციის შედეგად 50-მდე ადამიანის დათხოვნას ვარაუდობენ. 2017 წელი ქალაქის ადგილობრივ თვითმმართველობაში ადმინისტრაციული ხარჯისა და თანამშრომლების შემცირებით დაიწყო. დასაქმებულთა 25 % გათავისუფლდა მერიას დაქვემდებარებული ქუთაისის ბოტანიკური ბაღიდან. რეორგანიზაციის შედეგად ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში გაუქმდა 4 შტატი და სამსახური დატოვა 10-მა თანამშრომელმა. გათავისუფლდნენ დირექტორის მოადგილე, ორი მოლარე, სამეცნიერო მიმართულების სპეციალისტები და მებაღე.

ბოტანიკური ბაღის დირექტორის, თემურ ჩეჩელაშვილის, განცხადებით, რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით მიიღო და ეცადა პროცესი თანამშრომლებისთვის მტკივნეული არ ყოფილიყო.

ქუთაისის ბოტანიკური ბაღის პარალელურად, საშტატო და საბიუჯეტო ცვლილებები შეეხო მერიას დაქვემდებარებულ სხვა დაწესებულებებსაც, თუმცა შტატების შემცირებას არ აპირებენ ქალაქის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში, რომელშიც 13 ფილიალი შედის. გაერთიანების ხელმძღვანელის, ნინო უჩაძის, განცხადებით, გაერთიანების ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, საბიუჯეტო თანხების შემცირების მიუხედავად, მწვრთნელებისა და პედაგოგების შტატები არ შემცირდება. ნინო უჩაძისავე განცხადებით, ცვლილებები შეეხება გაერთიანებისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვით ნაწილს და მიმდინარე წელს არ დაფინანსდება სამივლინებო ხარჯები და სპორტსმენების ტურნირებში მონაწილეობა.

შემცირებული საბიუჯეტო სახსრებით - 700 ათასი ლარით - უწევს ფუნქციონირება წელს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკასაც. 2016 წელთან შედარებით 35 ათასი ლარით ნაკლები დაფინანსების მიღების მიუხედავად, ბიბლიოთეკაში განმარტავენ, რომ თანხები ისე გადაანაწილეს, რომ თანამშრომელთა რაოდენობა და მათი ხელფასი არ შემცირდეს, თანხის ეკონომიას კი იმ მასალებზე გასწევენ, რომელთა გარეშეც ბიბლიოთეკა მნიშვნელოვნად არ დაზარალდება.

საშტატო და საბიუჯეტო ცვლილებები არ იგეგმება მერიას დაქვემდებარებულ ბაგა– ბაღების გაერთიანებაში, რომელშიც 37 ფილიალი ფუნქციონირებს. როგორც სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში განმარტავენ, გაერთიანების ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია გასულ წელს განხორციელდა.

რეორგანიზაცია შეეხება მერიის რამდენიმე სამსახურს და იმ ორგანიზაციებს, რომლებშიც თანამშრომლები კონკურსის წესით არ არიან შერჩეულნი. რეორგანიზაციის შემდეგ კი, საერთო ჯამში, შესაძლოა, 50-მდე ადამიანი გათავისუფლდეს.

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობასა და მის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებში მიმდინარე საშტატო და საბიუჯეტო ცვლილებების შესახებ საჯარო ინფორმაცია გასულ კვირაში გამოითხოვა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“. ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის კოორდინატორ ლელა მოწონელიძის განცხადებით, გამოთხოვილი ინფორმაცია ჯერჯერობით არ მიუღიათ. ამასთან, ამ დრომდე ორგანიზაციისთვის არ მიუმართავს სამსახურიდან დათხოვნილ არც ერთ პირს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კოორდინატორის ინფორმაციით, თუ ადამიანები სამსახურიდან გათავისუფლებას უკანონოდ მიიჩნევენ, შეუძლიათ მიმართონ ორგანიზაციას და იურისტები მათ ადვოკატირებას გაუწევენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG