Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისში მთავარი სოციალური პროექტი სოციალური საცხოვრისის მოწყობაა


ქუთაისი
ქუთაისი

მიმდინარე წელს ქუთაისის მერია სოციალური პროგრამებისთვის 4 მილიონ 21 ათას ლარს ხარჯავს. ბიუჯეტი 20 პროგრამას მოხმარდება, რომელთაგან 3 წელს პირველად ხორციელდება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს. როგორც მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი ხათუნა ხორხომელიძე განმარტავს, 2017 წელს, გასული წლების მსგავსად, პრიორიტეტულია სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მედიკამენტებითა და მგზავრობის ტალონებით უზრუნველყოფის, C ჰეპატიტით დაავადებულთა ელიმინაციის, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებისა და სოციალური საცხოვრისების კომუნალური გადასახადების პროგრამები. ხათუნა ხორხომელიძე იმ ახალ პროგრამებზეც ლაპარაკობს, რომლებმაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ხელსაყრელი გარმოს შექმნას უნდა შეუწყონ ხელი.

როგორც მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურში განმარტავენ, მიმდინარე წელს სოციალური პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი ქალაქში სოციალური საცხოვრისის შექმნას ხმარდება. გასულ წელთან შედარებით, დაფინანსება მილიონ-ნახევარი ლარით გაიზარდა საბინაო ფონდის შესაქმნელად და სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად, ჯამში, ორ-ნახევარი მილიონი ლარი იხარჯება. ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ყოფილი კავშირგაბმულობის შენობაში, სოციალური საცხოვრისის კეთილმოწყობა მიმდინარე თვეში დასრულდა და ქალაქის მერიაში საცხოვრისში განსათავსებელ ბენეფიციართა შესარჩევი კრიტერიუმების დასადგენად მუშაობენ.

ქუთაისის მერ შოთა მურღულიას განცხადებით, სოციალურ საცხოვრისში ერთოთახიანი და ოროთახიანი ბინები კრიტერიუმების მიხედვით შერჩეულ მოქალაქეებს პირობების გაუმჯობესებამდე დროებით სარგებლობაში გადაეცემათ.

ქუთაისის მერიაში მიიჩნევენ, რომ მიმდინარე წლის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზეა მორგებული. სხვაგვარად ფიქრობს საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიიდან, სამსონ გუგავა. გუგავას აზრით, საბიუჯეტო თანხებით სხვადადასხვა სახის დახმარებას ერთი და იგივე ბენეფიციარები იღებენ და, ამასთან, მათი მდგომარეობა არ უმჯობესდება. სამსონ გუგავა, ბოლო რამდენიმე წელია, ადგილობრივ თვითმმართველობას სოციალურდ დაუცველთათვის სპეციალური ფონდისა და სოციალური საწარმოს შექმნის იდეით მიმართავს. ქუთაისის მერიაში კი ამბობენ, რომ მიმდინარე წელს 20 სოციალური პროგრამისთვის 4 მილიონ 21 ათასი ლარია განკუთვნილი და პროგრამების ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG