Accessibility links

ქალების არჩევას გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე წინააღმდეგობები ხვდება


ქუთაისი

ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული წარმომადგენლობებისა და პოლიტიკურ პროცესებს მიღმა დარჩენილ ქალთა შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტის გამგებლები კაცები არიან, საკრებულოების 362 წევრიდან კი 44 –ია ქალი და 60 კომისიიდან მხოლოდ 9-ს ხელმღვანელობს ქალი. ამასთან, 75 ფრაქციის ხელმძღვანელს შორის რეგიონის საკრებულოებში 6 ქალია. ქუთაისის მერიაში გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე ქალები წარმოდგენილნი საერთოდ არ არიან და 13-ვე თანამდებობა კაცებს უჭირავთ: ქალაქის მერი, მისი სამი მოადგილე და 9 სამსახურის ხელმძღვანელი კაცია. ქალთა სასარგებლოდ გენდერულად შედარებით დაბალანსებულია თვითმმართველობებში სპეციალისტების თანამდებობაზე მომუშავეთა რაოდენობა. კვლევის მიხედვით, ქუთაისის მერიაში 160 ქალი და 175 მამაკაცი მუშაობს, 25-წევრიან საკრებულოში კი 3 ქალია და სამივე მაჟორიტარული წესითაა არჩეული, რასაც მნიშვნელოვან გარემოებად მიიჩნევს საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი, ყოფილი რესპუბლიკელი, ნატო ქათამაძე. მისი განცხადებით, ქალებმა მამაკაცებს ღირსეული კონკურენცია გაუწიეს და დამსახურებულად მოიპოვეს საკრებულოს დეპუტატის მანდატი. ნატო ქათამაძისავე შეფასებით, მაჟორიტარ დეპუტატებად ქალების არჩევა დადებითი ფაქტია, რადგან ქუთაისის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი 2 ქალი პარტიული სიით იყო არჩეული. ნატო ქათამაძე, რომელიც გენდერული კვოტის შემოღებას აუცილებლად მიიჩნევს, აცხადებს, რომ პოლიტიკოს ქალებს ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა უწევთ.

გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე ქალთა სიმცირეს გენდერული ნიშნით ხელის შემშლელი ფაქტორებით ხსნის ლელა სებუა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ქუთაისის 49-ე ოლქში.

პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისთვის ქალების მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალი და არჩევანის თავისუფლების“ ხელმძღვანელი, ლია გვენეტაძე. იგი სხვადასხვა დროს სხვადასხვა არჩევით თანამდებობაზე იყრიდა კენჭს.

ქუთაისის საკრებულოს წევრის, პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ამირან ძოწენიძის შეფასებით, ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში და გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე მათი არჩევა ან დანიშვნა ქალთა აქტიურობამ უნდა განაპირობოს. ამირან ძოწენიძე გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე მათი არჩევისა და პოლიტიკაში ჩართვისთვის გენდერული კვოტის შემოღებას ხელოვნურ გზად მიიჩნევს.

გენდერული კვოტის შემოღების მომხრეები კი აცხადებენ, რომ ბოლო ათწლეულია პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელი არ იზრდება. ამასთან, კვლევები აჩვენებს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში მეტი ქალი იღებს განათლებას, ვიდრე ვაჟი, თუმცა გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებს ძირითადად კაცები იკავებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG