Accessibility links

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალ ტერმინალს შპს „ანაგი“ ააშენებს. კომპანიასა და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. როგორც მასშია აღნიშნული, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 26.4 მლნ ლარია, მაშინ როცა, სატენდერო პირობების მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 23.3 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო „ანაგის“ მიერ, ტენდერის ფარგლებში, შეთავაზებული თანხა 22.43 მლნ ლარამდე იყო.

ხელშეკრულება 2019 წლის 31 იანვრამდეა ძალაში. ტენდერის პირობებით, კონსტრუქციულ ნაწილზე საგარანტიო პერიოდად განსაზღვრულია, არანაკლებ, 20 წლისა, ხოლო სამუშაოს შესრულების ვადად – ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 კალენდარული დღე.

ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობისთვის ტენდერი 26 ივლისს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი 17 აგვისტოს დასრულდა.

შპს „ანაგის“ გარდა, ტენდერში მონაწილეობდნენ ასევე შპს „დაგი“ და „თავმშენებლობა საქართველო და კომპანია ბლექ სი გრუპი“, თუმცა, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, მათი დისკვალიფიკაცია მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის ფოტოები სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა.

ალბათ, აღარავისთვისაა სიახლე, რომ ქუთაისის აეროპორტს საქართველოში იაფი საერთაშორისო გადაზიდვების ნიშა უკავია და საკმაო წარმატებითაც. საერთაშორისო გადაზიდვების სტატისტიკა ყველა აეროპორტში, განსაკუთრებით კი ქუთაისში, მგზავრთნაკადის მუდმივ ზრდაზე გვაუწყებს, კერძოდ:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ მონაცემებით, 2017 წლის შვიდ თვეში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად, გადაყვანილ იქნა 2 მლნ 129 121 მგზავრი, რაც 48.37%-ით (694 153 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (1 მლნ 434 968 მგზავრი). 2015 წლის შვიდი თვის მონაცემებთან შედარებით კი, ზრდის მაჩვენებელი 81.89%-ია (958 577 მგზავრით მეტი).

2017 წლის შვიდი თვის მანძილზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 503 636 მგზავრით მეტს მოემსახურა (სულ 1 მლნ 658 366 მგზავრი), ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში, შესაბამისად, მგზავრთნაკადის ზრდის მაჩვენებელმა 43.62% შეადგინა;

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 86.48%-ით არის გაზრდილი. თუ 2016 წლის შვიდ თვეში აეროპორტი 124 826 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს – 232 775 მგზავრს, 107 949 მგზავრით მეტს;

გასული თვეების განმავლობაში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 233 992 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 52.32% ით (80 369 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (153 623 მგზავრი).

მონაცემები ცხადყოფს, რომ, დიდი მოთხოვნის პირობებში, ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობების ზრდა მეტად მნიშვნელოვანია. სიახლე, რომელიც აეროპორტის გაფართოებასა და მის მშენებლობას უკავშირდება, პირველ რიგში, სწორედ ამ თვალსაზრისით არის საინტერესო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG