Accessibility links

უსაფრთხოება - კვიპროსის გაერთიანების მთავარი დაბრკოლება


მუსტაფა აკინჯი (მარცხნივ), ანტონიო გუტერეში (ცენტრში), ნიკოს ანასტასიადისი

გაერომ წარმატებული უწოდა ექსპერტების დონეზე გასულ კვირაში გამართულ მოლაპარაკებას კვიპროსის შესაძლო გაერთიანების თაობაზე. იმ დროს, როცა საერთაშორისო ორგანიზაცია საიდუმლოდ ინახავს ამ მოლაპარაკების დეტალებს, ცნობილია დაპირისპირებული მხარეების არგუმენტები, რაც, შესაძლოა, გადაულახავ დაბრკოლებად იქცეს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულის გაერთიანების გზაზე.

შვეიცარიის ალპების საკურორტო ქალაქ მონ პერელინში 19 იანვარს გამართულ მოლაპარაკებებში, თურქეთის, საბერძნეთისა და ბრიტანეთის ხელისუფლების ოფიციალური დელეგაციების გარდა, საკუთრივ სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ კვიპროსის წარმომადგენლები, ანუ კვიპროსელი ბერძნებისა და თურქების ლიდერებიც მონაწილეობდნენ.

გაეროს შუამავლობით მიმდინარე ორდღიანი მოლაპარაკების მთავარი მიზანი იყო ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელმაც წერტილი უნდა დაუსვას მსოფლიოში არსებულ ყველაზე უფრო ხანგრძლივ პოლიტიკურ კრიზისს.

ვენს მთავარ მიზანს წარმოადგეს ისეთი საბოლოო გადაწყვეტილების მიღწევა, რაც სრულიად შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას... ამისათვის კი არ გვჭირდება არავითარი მესამე ქვეყანა, როგორც გარანტორი, და არავითარი სხვა ქვეყნის ჯარების ყოფნა ამა თუ იმ სავარაუდო ეთნიკური ჯგუფის დასაცავად ...
ნიკოს ანასტასიადისი

აღსანიშნავია, რომ 19 იანვრის შეხვედრას წინ უძღოდა წელიწადნახევრიანი მოლაპარაკება კვიპროსელი ბერძნების პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისსა და მის თურქ კოლეგა მუსტაფა აკინჯის შორის. მოლაპარაკების მთავარი საკითხები იყო შესაძლო ფედერაციული მოწყობა, ძალაუფლების განაწილება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კვიპროსელი თურქების ლიდერი, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებლად მიიჩნევს რამდენიმე წლით თურქეთის სამხედრო ძალის კუნძულზე დარჩენას კვიპროსის გაერთიანების პროცესში.

ნიკოს ანასტასიადისი კი მხარს უჭერს თურქეთის სამხედრო ძალების უპირობო გაყვანას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას საერთაშორისო პოლიციური ძალებით. მიუხედავად იმისა, რომ 19 იანვრის შეხვედრაზე მხარეები ამ საკითხში ვერ შეთანხმდნენ, ანასტასიადისი იმედს იტოვებს, რომ, გარანტი ქვეყნების აქტიურობით, ბოლოს და ბოლოს, შეთანხმებას მაინც მიაღწევენ. თუმცა უფრო თავშეკავებულ ოპტიმიზმს გამოხატავს მუსტაფა აკინჯი, კვიპროსელი თურქების ლიდერი, რომელიც აცხადებს, კუნძულის მოსახლეობის ერთი ნაწილის უსაფრთხოება არ შეიძლება მეორის ხარჯზე იქნეს მიღწეულიო. თურქი სამხედროების ჩრდილოეთ კვიპროსიდან გასვლას ეწინააღმდეგება ერთ-ერთი შუამავალი მხარე, თურქეთი, რომელიც დაჟინებით აცხადებს, თუ გასვლაზე მიდგება საქმე, მაშინ თურქ სამხედროებთან ერთად კვიპროსი ბერძნებმა ჯარისკაცებმაც უნდა დატოვონო. ასეთ ვითარებაში კონსენსუსამდე მისვლა სათუო ჩანს და მოლაპარაკებები კვიპროსის გაერთიანებაზე, შესაძლოა, კიდევ მრავალ წელს გაგრძელდეს.

არადა, ყველა ვადა თითქოს ამოწურულია.

მრავალწლიანი გეოპოლიტიკური დაპირისპირებისა და კატაკლიზმების შემდეგ, კუნძული კვიპროსი 1974 წელს გაიყო. სამხედრო გადატრიალების შედეგად საბერძნეთის სათავეში მოსულმა ხუნტამ გადაწყვიტა კვიპროსი საბერძნეთისთვის მიეერთებინა. ათენის ამ ნაბიჯის პასუხად ანკარამ ჯარი გადასხა და ჩრდილოეთ კვიპროსის ანექსია მოახდინა. იმ დროიდან მოყოლებული, კვიპროსი ორ ნაწილად არის გაყოფილი. ძირითადად ეთნიკური ბერძნებით დასახლებულ სამხრეთ-დასავლეთ კვიპროსის, დაახლოებით, 60 %-ს კვიპროსის რესპუბლიკა, ეთნიკურად თურქებით დასახლებულ 38 %-ს კი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა აკონტროლებს. ეს უკანასკნელი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მხოლოდ თურქეთის მიერ არის აღიარებული, მაშინ როცა კვიპროსის რესპუბლიკა 2004 წლიდან ევროკავშირის წევრია.

კუნძულ კვიპროსის 4 % წარმოადგენს ე. წ. ბუფერულ ზონას, რომელიც გაეროს მფარველობის ქვეშაა. თავის მხრივ, კუნძულზე ორ სამხედრო ბაზას ფლობს ბრიტანეთი, რომლის კოლონიაც იყო კვიპროსი 1925-1960 წწ-ში.

ამჟამად თვითგამოცხადებულ ჩრდილოეთ კვიპროსში თურქეთის 35 ათასი ჯარისკაცი იმყოფება. კვიპროსელი თურქები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ თურქეთის სამხედრო კონტინგენტის ყოფნას შეუძლია თავიდან ააცილოს მათ ძალადობა კვიპროსელი ბერძნების მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ სამშვიდობო შეთანხმება დაირღვევა. კვიპროსელი ბერძნები კი, პირიქით, შიშობენ, რომ სწორედ თურქეთის სამხედრო ყოფნა წარმოადგენს მთავარ ინსტრუმენტს გაყოფილ კუნძულზე ანკარის გავლენის შესანარჩუნებლად. ბერძნები დაჟინებით იმეორებენ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არ უნდა იდგნენ იმ ქვეყნის სამხედროები, რომელიც თავად არ არის ევროკავშირის წევრი.

სამუშაო ჯგუფმა წარმატებით შეასრულა მასზე დაკისრებული მანდატი. კერძოდ, გამოიკვეთა უსაფრთხოების გარანტიასთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემები და ინსტრუმენტები, რომლებითაც ეს საკითხები უნდა გადაიჭრას...
ესლენ ბარტ ეიდე

„ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგეს ისეთი საბოლოო გადაწყვეტილების მიღწევა, რაც სრულიად შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას... ამისათვის კი არ გვჭირდება არავითარი მესამე ქვეყანა, როგორც გარანტორი, და არავითარი სხვა ქვეყნის ჯარების ყოფნა ამა თუ იმ სავარაუდო ეთნიკური ჯგუფის დასაცავად“, - განაცხადა მოლაპარაკების დასრულების შემდეგ კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 19 იანვრის შეხვედრა - ეს იყო მხარეების პირველი მცდელობა ემსჯელათ უსაფრთხოების გარანტიაზე კვიპროსის შესაძლო გაერთიანების კონტექსტში. "სამუშაო ჯგუფმა წარმატებით შეასრულა მასზე დაკისრებული მანდატი. კერძოდ, გამოიკვეთა უსაფრთხოების გარანტიასთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემები და ინსტრუმენტები, რომლებითაც ეს საკითხები უნდა გადაიჭრას“, - განაცხადა კვიპროსის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარგზავნილმა ესლენ ბარტ ეიდემ კონსულტაციების დასრულების შემდეგ.

უფრო მეტის თქმა, ცხადია, გაეროს წარმომადგენელს არ შეეძლო, არა მარტო იმიტომ რომ ასე მოითხოვს პროტოკოლი, არამედ იმიტომ რომ ჯერჯერობით მეტი არაფერია სათქმელი. დაპირისპირებულ მხარეებს და სამშვიდობო მოლაპარაკების მთავარ საერთაშორისო გარანტებს - თურქეთს, საბერძნეთსა და ბრიტანეთს - ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ იმისათვის, რომ გადალახონ წინააღმდეგობა და საბოლოოდ დაუსვან წერტილი ევროპაში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე უფრო გაჭიანურებულ პოლიტიკურ კონფლიქტს, რომლის ერთ მხარეზე ნატოს წევრი თურქეთი იმყოფება, მეორეზე კი - ევროკავშირის წევრი კვიპროსის რესპუბლიკა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG