Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო საერთაშორისო ანგარიშებში, რეზოლუციასა და განცხადებაში


გიორგი კვირიკაშვილი 13 არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენელს შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილი 13 არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენელს შეხვდა

გასული კვირის ორშაბათს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 13 არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენელს შეხვდა. ინტერპარტიულმა ჯგუფმა საარჩევნი კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი მოამზადა და პარლამენტში შესატანად 200 ათასი ხელმოწერაც შეაგროვა. კომისიის წევრები მოითხოვენ, არჩევნების მაჟორიტარული წესი 2016 წლის არჩევნებამდე სამხარეო პროპორციული წესით შეიცვალოს. ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვენ, ამ საკითხის განსახილველად რიგგარეშე სესია დანიშნოს. ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ კანონის შეცვლა არჩევნებამდე ვერ მოესწრება. ამ საკითხზე 25 იანვარს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, ხოლო არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი, საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. კვირიკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომხელისუფლებამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგა და მათ შორის სპეცუბნების გაუქმების გადაწყვეტილება ახსენა. შეხვედრაზე კი გადაწყდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც საარჩევნო სისტემის კრიტიკულ საკითხებზე იმუშავებს და რომელსაც თავად გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს. პრემიერმა განაცხადა, რომ დროა ამ საკითხზე კონფრონტაციული რეჟიმიდან ხელისუფლება და ოპოზიცია საუბრის რეჟიმზე გადავიდნენ.

26 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მესამე სექტორის ჩართულობა „კრიტიკულად მნიშვნელოვანია“.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივას 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით, მთავრობამ რაც შეიძლება სწაფად უნდა გაატაროს ინსტიტუციური რეფორები, მათ შორის, მართლმსაჯულების სფეროში:

„პრემიერ-მინისტრი დამეთანხმა, რომ სასამართლო ხელისუფლება საჭიროებს ძალიან მაღალი დონის ყურადღებას და რომ იქ პრობლემები არის. ხაზი გავუსვი იმას, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც ხელისუფლება გადადგამს სასამართლოს მიმართულებით, ორი ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულების სწორ ბალანსს უნდა ემყარებოდეს: ერთი მხრივ, არ უნდა შეილახოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და, მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულების სწორად უზრუნველყოფა, იმიტომ რომ სასამართლოც ხელისუფლების შტოა და ისიც ანგარიშვალდებული უნდა იყოს კანონის და კონსტიტუციური პრინციპების წინაშე“.

ანა ნაცვლიშვილმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრს ასევე ურჩიეს გააგრძელოს რეფორმები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში.

გასული კვირის სამშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს შეეხებოდა, პასუხისას განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ღრმა გამყინვარებიდან გამოდის, რაც სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობასაც ქმნის, თუმცა ეს საკითხი ტერორიზმთან და პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებასთან დააკავშირა. „საქართველოს მიერ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, ჩვენ იძულებული გავხდით გაგვეუქმებინა უვიზო რეჟიმი (საქართველოსთან) და, სხვათა შორის, ასევეგაგვემკაცრებინა სავიზო რეჟიმი... და ეს, დიდწილად, იმის გამო გავაკეთეთ, რომ პანკისის ხეობიდან მომავალი ტერორისტული საფრთხე არ გამქრალა... სხათა შორის, ამჟამადაც მოდის ცნობები იმის შესახებ, რომ ამ ძნელად მისადგომ ტერიტორიას იყენებენ „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლები, რათა ივარჯიშონ, დაისვენონ და შეივსონ მარაგები… მაგრამ ბოლო დროს ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი ავსახეთ სავიზო რეჟიმის არსებით გამარტივებაში და, უფრო სწორად, გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღებაში“.

თუმცა ლავროვის სიტყვებში ფაქტობრივი შეცდომაა:რუსეთმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა 2001 წელს გაუუქმა და არა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როცა ქვეყნებს შორის დიპლომატიური კავშირი გაწყდა. 30 იანვარს პანკისში საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა და ადგილობრივებსა და უხუცესებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში სრული სიმშვიდეა და უხუცესებთან საუბრისას ისიც თქვა, „ბატონი ლავროვიც ხომ არ დავპატიჟოთ აქ ჩამოსასვლელადო“.

გასულ კვირაში საქართველო მოხვდა სამ ანგარიშში. „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ 27 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში („თავისუფლება მსოფლიოში – 2016“) საქართველო კვლავაც „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების ჯგუფში დასახელდა, თუმცა ეს ფაქტი არ გაჰკვირვებია „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ აღმასრულებელ დირექტორს ზვიად დევდარიანს და ამის შესაძლო მიზეზად „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებული პოლემიკაც დაასახელა:

„მიუხედავად იმისა, რომ, მათ შორის, შარშან არაერთი რეფორმის განხორციელება დაიწყო, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში, სასამართლო ხელისუფლებაში, ფაქტია, რომ ამ რეფორმების ძალიან დიდი ნაწილი არ არის ბოლომდე მიყვანილი... და როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები თავიანთ განცხადებებში, რეზოლუციებში აკეთებდნენ აქცენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ მართლმსაჯულების გამოყენება ხდებოდა გარკვეული პოლიტიკური მიზნებისთვის და ოპონენტების წინააღმდეგ გარკვეული აქტივობების განხორციელებისთვის“.

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში შეფასებულია ასევე საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობა – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ტერიტორიებად არიან მოხსენიებული. 2015 წლის მონაცემების თანახმად, მდგომარეობა არც ამ რეგიონებში შეცვლილა: აფხაზეთს კვლავაც „ნაწილობრივ თავისუფალთა“ კატეგორიაში ვხვდებით, ხოლო სამხრეთ ოსეთი ისევ „არათავისუფალთა“ შორისაა.

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ (Human Rights Watch) ყოველწლიური ანგარიშის საქართველოს შესახებ თავში აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ვითარება 2015 წელს ქვეყანაში არამდგრადი იყო.

ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური დევნა, სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოუძიებლობა, მედიაპლურალიზმისთვის ხელის შეშლა, „რუსთავი 2“-ის საქმე, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული და ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის, მკვლელობასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი - ეს ის თემებია, რომლებიც მოხვდა "ჰიუმან რაიტს უოჩის"​ ახალ, 27 იანვარს გამოქვეყნებულ, ყოველწლიურ ანგარიშში.

როგორც "ჰიუმან რაიტს უოჩის"​ დირექტორი სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგია აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში, ამ წლის ანგარიშში ყველაზე მწვავედ საქართველოში მედიის შევიწროების მხრივ არსებული ვითარება შეფასდა:

„მედიის თავისუფლების მხრივ არსებული გამოწვევები წელს უფრო მწვავედ დგას ანგარიშში, ვიდრე ადრე. ეს იმანაც განაპირობა, რომ დიდი ყურადღება იყო მიპყრობილი „რუსთავი 2“-ის საქმისკენ, დაიხურა რამდენიმე მნიშვნელოვანი თოკშოუ. ამ საკითხს იმიტომაც გაესვა წელს ხაზი ასე მკვეთრად, რომ ჯანსაღი მედიაგარემო, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, არის მეტად მნიშვნელოვანი“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ 27 იანვარს გამოქვეყნებული კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მიხედვით კი,2015 წლის მონაცემებით, მსგავსად წინა, 2014, წლისა, საქართველო 168 ქვეყანას შორის, 52 ქულით (100 შესაძლებელი ქულიდან), 48-ე ადგილს იკავებს. გასულ წელს ქვეყანაში არც მნიშვნელოვანი უკუსვლა დაფიქსირებულა და არც პროგრესი, თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ აცხადებენ, რომ ქვეყანაში ელიტური კორუფციის საფრთხე ისევ არსებობს.

გასული კვირის პარასკევს - 38 მომხრით 28-ის წინააღმდეგ - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დამცველების როლსა და მათი დაცვის გაძლიერების თაობაზე. საპარლამენტო ასამბლეამ გაიზიარა „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა, რომლის თანახმად,ზოგიერთ წევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც, უფლებადამცველების დაცვის კუთხით ვითარების გაუარესების ნიშნები შეიმჩნევა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მოითხოვდნენ ტექსტში სხვა ქვეყნების გვერდით არ ჩაწერილიყო საქართველო, მაგრამ საპარლამენტო ასამბლეამ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ ვითარება გაუარესდა აზერბაიჯანში, რუსეთსა და თურქეთში. რეზოლუციის თავდაპირველ ვერსიაში საქართველო საერთოდ არ იყო მოხსენიებული, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოს უფლებადამცველი ორგანიზაციების სახელით განაცხადა, რომ მათ ექმნებათ სერიოზული პრობლემები მუშაობისას და რომ ეს რეზოლუციაში აღნიშნული უნდა ყოფილიყო. საქართველოს დელეგაციის წევრმა, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ დებატების დროს მოითხოვა ამოეღოთ საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან, სადაც, რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ირღვევა უფლებადამცველების უფლებები, და განაცხადა, რომ რეზოლუციაში უფლებადამცველებზე ზეწოლის არც ერთი კონკრეტული ფაქტი მოყვანილი არ არის. მანამდე, სიტყვით გამოსვლისას, მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამცველებს ყველა პირობა აქვთ მუშაობისათვის, ხელისუფლება კი მჭიდროდ თანამშრომლობს მათთან.საბოლოოდ, ასამბლეამ მხარი რეზოლუციის შესწორებულ ვარიანტს დაუჭირა, სადაც საქართველოცაა ნახსენები.

ფატუ ბენსუდა
ფატუ ბენსუდა

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ თანხმობა მისცა პროკურორს გამოიძიოს 2008 წლის აგვისტოს ომში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები.პროკურორ ფატუ ბენსუდას მოთხოვნისა და მის მიერ წარდგენილი მასალების შესწავლის შემდეგ, წინასასამართლო პალატამ დაასკვნა, რომ არსებობს შესაბამისი საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში მოქცეული დანაშაულებები მოხდა აგვისტოს ომის წინ, მისი მიმდინარეობისას და დამთავრების შემდეგ. გამოძიება 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ჰააგის პროკურორს დამატებით ინფორმაციას 1 თვის ვადაში მიაწვდის.

29 იანვარს გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო დაინტერესებულია დეტალურად გამოიძიოს, მართლაც იყვნენ თუ არა საქართველოს წარმომადგენლები იმ სამხედროებს შორის, რომლებსაც ბრალად ედებათ ბავშვებზე სექსუალური ძალადობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. საუბარია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ზეიდ რაად ალ-ჰუსეინის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, შესაძლოა ქართველი, ფრანგი და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც მიეკუთვნებოდნენ იმ მშვიდობისდამცველებს, რომლებიც ბავშვებზე ძალადობდნენ 2014 წელს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

„ჩვენი პოზიციაა, - როგორც შეიარაღებული ძალების, ასევე მთავრობის, ასევე თავდაცვის სამინისტროს, - რომ მსგავსი ქმედება, ვინც უნდა ჩაიდინოს ის, არის დასასჯელი და ის პირი - არ აქვს მნიშვნელობა არც მის ქვეყანას, არც წარმომავლობას, არც სამხედრო წოდებას - უღირსად იქცევა. ამჟამად ჩვენი მიზანია განვახორციელოთ დეტალური გამოძიება. ამ ამოცანით ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა შესაბამის ორგანოსა და უწყებებთან. ყველა ზომას ვიხმართ, რათა დადგინდეს სიმართლე და ის პირი, თუკი დადასტურდა აღნიშნული ფაქტები, დაისაჯოს შესაბამისი სასჯელით“.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიის ფარგლებში მოქმედი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ შესაძლო სექსუალურ ძალადობაზე საუბარი გასული წლის გაზაფხულზე ფრანგულ მედიაში დაიწყო. საფრანგეთის მედია, თვითმხილველებსა და სხვა წყაროებზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ ცენტრალური აფრიკის მცხოვრებლები იძულებით გადაადგილებულ მცირეწლოვნებზე ქართველი და ფრანგი მშვიდობისმყოფელების სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ ჰყვებიან. მედიის ინფორმაციით, ბავშვები სექსუალური ძალადობის შესახებ საუბრისას 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის ივნისამდე პერიოდს ასახელებენ.

იმ დროს ქართული და ფრანგული სახელმწიფო უწყებები აცხადებდნენ, რომ ქართველი ჯარისკაცები ვერ იქნებოდნენ დასახელებული ფაქტების მონაწილე, ვინაიდან მაშინ ისინი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არ იმყოფებოდნენ.

28 იანვარს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში ორი პოლიტიკური ძალის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და კოალიცია „ქართული ოცნების“ - კანდიდატები მონაწილეობდნენ.

ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად,გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში ხმების 70,15 %-ით გაიმარჯვა კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გოჩა ჯამარაულმა. მისმა ერთადერთმა კონკურენტმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“კანდიდატმა ბესიკ კახაბრიშვილმა, არჩევნებში მონაწილეთა ხმების 29,85 % მიიღო.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG