Accessibility links

სკოლა, სადაც ქვეწარმავლები საკლასო ოთახებში არიან


სოფელ გიორგეთის სკოლა

ლაგოდეხში, სოფელ გიორგეთის სკოლაში, სასწავლო პროცესის დროს ქვეწარმავლები სარდაფიდან საკლასო ოთახებში ამოდიან. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა, თუმცა სკოლის ადმინისტრაცია შიშობს, რომ საფრთხე ჯერ კიდევ არის. მშობლები დახმარებას ითხოვენ. ამ ფონზე, რეგიონში არ არსებობს უწყება, რომელიც მოსახლეობას დახმარებას გაუწევს.

please wait

No media source currently available

0:00 0:03:53 0:00
Direct link

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთში 2016-2017 სასწავლო წლის მიწურულს, რამდენიმე დღით სასწავლო პროცესის შეწყვეტის მიზეზი ქვეწარმავლები გახდა. მშობლებმა ბავშვები სკოლაში მას შემდეგ აღარ გაუშვეს, რაც საკლასო ოთახებში, სწავლის მიმდინარეობის დროს, ქვეწარმავლები ნახეს. მათ, სკოლის შენობის სარდაფებისა და საკლასო ოთახების იატაკების დათვალიერების შემდეგ, ათეულობით გველი იპოვეს. მშობლებმა, შესაბამისი უწყებებისგან დახმარება მაშინვე მოითხოვეს.

„ყველა მშობლის სახელით მივმართავ მას, ვისაც ხელეწიფება და ვისი მოვალეობაც არის, რომ მოგვაქციოს ყურადღება და პრობლემა დროულად მოაგვარონ“.

გიორგეთის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ მაისურაძე გვეუბნება, რომ პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა და სკოლის პირველ სართულზე, იმ ოთახებში, სადაც ქვეწარმავლები ნახეს, ბეტონის საფარი დაგებულია, „თუმცა კიდევ რჩება სივრცეები, მათ შორის, სპორტული დარბაზი, რომელიც დამუშავებას საჭიროებს“.

„სამუშაოები სრულყოფილად იქნა შესრულებული. საკლასო ოთახების სივრცე დამუშავდა, მაგრამ დარჩა სპორტ-დარბაზი, რომელიც საჭიროებს დამუშავებას, რათა საშიშროება მთლიანად აღმოიფხვრას. რეალურად,ამჟამად ქვეწარმავლები აღარ გამოჩენილან, მაგრამ არის კიდევ საშიშროება იმისა, რომ შეიძლება სადმე რამე გამოჩნდეს“.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი თინაძე გვეუბნება, რომ გიორგეთის სკოლის პრობლემა მათთვისაც ცნობილია და გარკვეული სამუშაოები ჩატარებულია. მისივე თქმით, სამინისტრო სკოლის სრულ რეაბილიტაციას 2018 წელს გეგმავს.

„რაზეც იყო საუბარი, რომ სარდაფიდან გველები ამოდიოდნენ, წესით, ეს პრობლემა გადაწყვეტილია. იქ ბეტონის იატაკია დაგებული. შემდგომში კი ჩვენ სკოლის რეაბილიტაციას ვგეგმავთ და პრობლემა სრულად ამ დროს მოგვარდება“.

გიორგეთის სკოლაში რომ ქვეწარმავლები ნახეს, ადმინისტრაციამ 112-ში დარეკა. სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მოთხოვნით, სკოლაში „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ თანამშრომლები ჩავიდნენ. მათ რამდენიმე ათეული ქვეწარმავალი დაიჭირეს და სკოლის სარდაფები სპეციალური ხსნარებით შეწამლეს. ჩვენ დავინტერესდით, ვის უნდა მიმართოს მოქალაქემ, რომელიც საცხოვრებელ სახლში ან ეზოში ქვეწარმავალს ნახავს? თუმცა აღმოჩნდა, რომ კახეთში არ არსებობს უწყება, რომლისგანაც მოსახლეობა დახმარებას მოითხოვს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, დედაქალაქის მერიის დაფინანსებით, მხოლოდ თბილისში მუშაობს და მათი ვიზიტი გიორგეთის სკოლაში გამონაკლისს წარმოადგენდა. კომენტარისთვის ამ სააგენტოს დავუკავშირდით, თუმცა მას შემდეგ, რაც ოპერატორმა გაიგო, რომ ჩვენ მას კახეთიდან ვუკავშირდებოდით, ასე გვიპასუხა:

„სამწუხაროდ, კახეთის რეგიონს ჩვენი სამსახური არ ემსახურება. სამწუხაროდ, ჩვენ ვერანაირ დახმარებას ვერ გაგიწევთ. მართალია, ქვეწარმავლების კუთხითაც ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენი სამსახური არის თბილისის მერიის დაქვემდებარებაში და აქედან გამომდინარე, მხოლოდ თბილისს ვემსახურებით“.

კახეთში გიორგეთის საჯარო სკოლა არ არის ერთადერთი, სადაც ქვეწარმავლები ნახეს. მიმდინარე წელს ანალოგიური პრობლემა იყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროშიც. რეგიონში ერთადერთი პროცედურა, რასაც დაზარალებულ მოსახლებას სთავაზობენ, ეს არის აცრა, რომელიც გველის ნაკბენის შემდეგ კეთდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG