Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიმპიური თამაშები საბერძნეთიდან ბრაზილიამდე


120 წლის წინ ბარონ პიერ დე კუბერტენის მიერ აღდგენილი ოლიმპიური თამაშები კაცობრიობის თანამედროვე ისტორიის „კონდენსირებული“ ვერსიაა: დაწყებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობით, დამთავრებული ქალთა ბრძოლით საკუთარი უფლებებისათვის, აქ შეხვდებით ყველა იმ ფენომენს, რომელმაც კვალი დაამჩნია განვლილ ასწლეულს.

თანამედროვე ოლიმპიადების ისტორიაში ჩეხები, სლოვაკები, უნგრელები, პოლონელები, ფინელები, ალბათ, პირველნი იყვნენ მათ შორის, ვინც თამაშებს პოლიტიკური მოთხოვნები დაუკავშირა. ამ ერებმა (მიუხედავად იმისა, რომ იმხანად ავსტრია-უნგრეთისა თუ რუსეთის იმპერიების შემადგენლობაში შედიოდნენ), მოითხოვეს, რომ 1912 წლის სტოკჰოლმის ოლიმპიადაში მონაწილეობა მიეღოთ არა ჰაბსბურგების ან რომანოვების, არამედ საკუთარი ეროვნული დროშების ქვეშ.

მალე ხმა აღიმაღლეს ქალმა სპორტსმენებმა და გაასაჩივრეს წესი, რომლის თანახმად, ოლიმპიადა მამაკაცთა ექსკლუზიურ კლუბად მოიაზრებოდა (ოლიმპიადაში ქალებისმონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე თავად კუბერტენი იყო).

ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ არსებობის პირველივე წლებიდან, ოლიმპიური ასპარეზი პოლიტიკური სარბიელიც იყო.

„ძალისხმევის კულტი და რაინდობა“ – ფრანგი ბარონის აზრით, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ოლიმპიზმის კრედო. პიერ დე კუბერტენისგან განსხვავებით, ნაცისტები, ფაშისტები და კომუნისტები მალევე მიხვდნენ, რა დიდ პოლიტიკურ პოტენციალს წარმოადგენდნენ ხალხთა მასები და ოლიმპიური მოძრაობა საკუთარი კულტის აღზევებისთვის გამოიყენეს. შესაბამისად, სპორტული რეკორდების დამყარების სარბიელთან ერთად, ოლიმპიური თამაშები არაერთხელ ქცეულა დიქტატორთა პოლიტიკური „რეკორდების“ ვიტრინად. ასე იყო 1936 წელს ბერლინში, 1980 წელს მოსკოვში, 2012 წელს პეკინში, 2014 წელს სოჭში (კომუნიზმის ეპოქაში გაზრდილი მოსკოველები დღესაც ღიმილით იხსენებენ 1980 წლის ზაფხულს, როცა სასურსათო მაღაზიების დახლები სავსე იყო ძეხვეულითა და სხვა დეფიციტური ნაწარმით).

რაც შეეხება რაინდულ ფასეულობებს, კუბერტენი აქაც მწარედ შეცდა: სპორტსმენები ანტიკურ ხანაშიც თაღლითობდნენ (ამის შესახებ ანტიკურ ტექსტებში მრავალი საბუთი არსებობს), და ხშირად დღესაც არ ამბობენ უარს აკრძალული ხერხების გამოყენებაზე. როგორც ბოლოდროინდელმა მოვლენებმაც დაადასტურა, ავტოკრატულ ქვეყნებში დოპინგი ხშირად სახელმწიფო სისტემის ნაწილია. მაგრამ, მიუხედავად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკის) მესვეურებსა და დიქტატორებს შორის არსებული „განსაკუთრებული ურთიერთობისა“ (გავიხსენოთ თუნდაც ევერი ბრანდიჯისა და ჰიტლერის, ხუან ანტონიო სამარანჩისა და კრემლის ლიდერების, თომას ბახისა და პუტინის „ახლობლობა“), სოკი ზოგჯერ მაინც ახერხებდა საკუთარი ფასეულობების დაცვას. მაგალითად, 1936 წელს მან ჰიტლერი აიძულა, ბერლინის ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება მიეცა გერმანელი ებრაელი სპორტსმენებისთვის; ხოლო 50-იან და 60-იან წლებში, მაშინ ორად გაყოფილ გერმანელებს მოსთხოვა, თამაშებზე გაერთიანებული გუნდით, საერთო ოლიმპიური დროშით გამოსულიყვნენ.

ოლიმპიადების პოლიტიკურმა შემადგენელმა ახალ იმპულსი შეიძინა 1952 წელს, როცა თამაშების მონაწილეთა შორის საბჭოთა კავშირიც გამოჩნდა. ამ დროიდან მოყოლებული, კრემლმა ისეთი იდეოლოგიური ცეცხლი შეუნთო ოლიმპიურ ასპარეზს, რომ ვაშინგტონისა და მოსკოვის პაექრობა ხშირად სპორტსაც კი ჩრდილავდა. გავიხსენოთ თუნდაც 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადა, რომელსაც (ავღანეთში საბჭოთა ჯარის შეჭრის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად) ბოიკოტი გამოუცხადა 50-ზე მეტმა ქვეყანამ. ოთხი წლის შემდეგ კრემლმა „რევანში“ აიღო და არა მარტო თავად თქვა უარი ლოს-ანჯელესის თამაშებში მონაწილეობაზე, არამედ კიდევ 17 ქვეყანაც დაიყოლია. 1984 წლის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიის რეპორტაჟისას ამერიკელმა კომენტატორმა ნახევრად ხუმრობით მადლობაც კი გადაუხადა საბჭოთა კავშირის ლიდერ კონსტანტინ ჩერნენკოს იმ „დახმარებისთვის“, რომლის წყალობით ამერიკელებმა 174 მედალი მოიპოვეს (მათგან 83 ოქროსი).

უფროსი თაობის წარმომადგენლებს ემახსოვრებათ „ცივი ომის“ პერიოდის ყველაზე დრამატული სპორტული მომენტებიც; მაგალითად, 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადის ფინალური მატჩი აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის კალათბურთელთა ნაკრებ გუნდებს შორის (მაშინ ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ საქართველოს წარმომადგენლები ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია). მსაჯობით გაწბილებულმა ამერიკელებმა არ აღიარეს ის მარცხი და უარი თქვეს ვერცხლის მედლებზე. ლოზანაში, სოკის შტაბბინაში, დღემდე ინახება ამერიკელთა მიერ უარყოფილი ის ვერცხლის მედლები...

არანაკლებ დრამატული იყო 1980 წელს ამერიკელთა თავისებური რევანში ლეიკ-პლესიდის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც სტუდენტებით დაკომპლექტებულმა აშშ-ის ჰოკეისტთა ნაკრებმა დაამარცხა ტურნირის აშკარა ფავორიტი – საბჭოთა კავშირის გუნდი.

თუ ისევ 1972 წელს დავუბრუნდებით, უნდა აღვნიშნოთ, რომ მიუნხენის ოლიმპიადა ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ტრაგიკული და სისხლიანი თამაშები. მაშინ შეიარაღებული პალესტინელი ტერორისტები ოლიმპიურ სოფელში შეიჭრნენ და მძევლად აიყვანეს, შემდეგ კი მოკლეს ისრაელის მოჭიდავეთა გუნდის ცხრა წევრი. „The Games must go on“ – განაცხადა ამ ტრაგიკული ეპიზოდის შემდეგ სოკის მაშინდელმა პრეზიდენტმა და ჰიტლერის თაყვანისმცემელმა ევერი ბრანდიჯმა და თამაშებიც ისე გაგრძელდა, თითქოს არაფერი მომხდარიყო...

იდეოლოგიურ დაპირისპირებასა თუ დოპინგთან დაკავშირებულ სკანდალებთან ერთად რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე თამაშებზე ჩაცმულობით გამოწვეული გაუგებრობის მოწმენიც გავხდით: კოპაკაბანაზე მისული მაყურებელი გაწბილებული დარჩა, როცა ეგვიპტის პლაჟის ფრენბურთელ ქალთა გუნდი, ბიკინის ნაცვლად, ჰიჯაბებში გამოწყობილი გამოვიდა სათამაშოდ.

გერმანიისა და ეგვიპტის პლაჟის ფრენბურთელ ქალთა შეხვედრის მომენტი
გერმანიისა და ეგვიპტის პლაჟის ფრენბურთელ ქალთა შეხვედრის მომენტი

ოლიმპიური თამაშები ოდითგანვე ღმერთების სადიდებლად ორგანიზებული სპორტულ-რელიგიური დღესასწაული იყო, რომლის დროსაც ბერძენი არისტოკრატები ერთმანეთს ეპაექრებოდნენ. ძალიან მალე დიდგვაროვნები პროფესიონალებმა ჩაანაცვლეს, ხოლო ტრიბუნებზე გადასული ელინი არისტოკრატებისთვის თამაშები მალე დიპლომატიური მოლაპარაკებების ადგილად იქცა. მოგვიანებით ბერძენთა თამაშებით რომაელებიც მოიხიბლნენ და ოლიმპიური პაექრობა რომაელ იმპერატორთა განდიდების ერთ-ერთი საშუალება გახდა (ამის თაობაზე ვრცლად წერს რომაელი ისტორიკოსი სვეტონიუსი). ასე გაგრძელდა დაახლოებით 1200 წელიწადს, ვიდრე მეოთხე საუკუნის მიწურულს ქრისტიანმა იმპერატორმა არ აკრძალა თამაშები. შემდეგ კი, 1500-წლიანი ძილის მერე, ფრანგმა დენდიმ და ბარონმა, პიერ დე კუბერტენმა აღადგინა ოლიმპიური თამაშები, როგორც ევროპელი არისტოკრატების სპორტული კლუბი.

სულ მალე სპორტის მოყვარულ არისტოკრატთა ეს ექსკლუზიური კლუბი გადაიქცა პროფესიონალი სპორტსმენებისა და პოლიტიკოსების პაექრობის სარბიელად. ასე ნელ-ნელა, მიხვეულ-მოხვეული გზებით, 27 საუკუნის მერე დაუბრუნდა ბერძნული თამაშები საკუთარ ფესვებს...

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG