Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რევიზიონისტებსა და სხვა რჯულის კონსპირატოლოგებზე


1978 წლის ოქტომბერში, ჟურნალ „ექსპრესთან“ ინტერვიუში, საფრანგეთიდან გაქცეული ვიშის რეჟიმის (ანუ ნაცისტებთან მოთანამშრომლე მთავრობის) ყოფილმა კომისარმა ებრაელთა საკითხებში განაცხადა, რომ „ოსვენციმში მხოლოდ ტილებს ახრჩობდნენ.“ სულ ორიოდე თვეში გაზეთ „მონდში“ გამოქვეყნდა თანამედროვე ფრანგული ლიტერატურის მასწავლებლის (და არა, ვთქვათ, ინჟინრის) სტატია იმაზე, რომ გაზის საკნების მოქმედება თუნდაც ტექნიკური თვალსაზრისით იქნებოდა შეუძლებელი. ჰოლოკოსტის, ანუ შოას ამ „სპეციალისტებს“ დღეს რევიზიონისტებს უწოდებენ.

XXI საუკუნის დასაწყისში ირანის მაშინდელმა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა რევიზიონისტები გაზის საკნებისა და, საერთოდ, შოას „არარსებობის“ დასამტკიცებლად თეირანში, საგანგებო კონფერენციაზე მიიწვია.

ამგვარად, სწორედ რევიზიონისტთა წყალობით, შეთქმულების თეორიების მოყვარულებმა, იეზუიტებთან, სიონის ბრძენებსა და მასონებთან დაკავშირებული ცნობილი ვერსიების შემდეგ მსოფლიო შეთქმულების კიდევ ერთი ვერსია მიიღეს.

ინტერნეტმა კიდევ უფრო გაუმაგრა ზურგი შეთქმულების თეორიების მოყვარულთ: 2001 წლის 11 სექტემბერი? – ის თავდასხმები ხომ მოსადმა მოაწყო! წინასწარ SMS-ითაც გააფრთხილა ებრაელები, რომ ვაჭრობის მსოფლიო ცენტრში არ მისულიყვნენ. ლეხ კაჩინსკის ავიაკატასტროფა სმოლენსკთან? – ის ხომ პუტინის მოწყობილია! (ლეხ კაჩინსკის ძმასთან ერთად ამას ამტკიცებს პოლონეთის თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრიც, რომელსაც ასევე სჯერა სიონის ბრძენთა ოქმების). „ფერადი“ რევოლუციები? – ისინი ხომ ჯორჯ სოროსის მოწყობილია, რომელსაც რუსეთის დესტაბილიზაცია სურს! ნაცისტთა გაზის საკნები? – ეს ყველაფერი ხომ ებრაელთა ლობის მონაჩმახია, რომ ისრაელის აგრესიული პოლიტიკა გაამართლოს!

შეთქმულების თეორიების მოყვარულთ დასავლეთის ქვეყნების პარლამენტარებმაც შეუწყვეს ხელი „ხსოვნის“ კანონების გამრავლებით და ზოგიერთი რევიზიონისტის გასამართლებით. (ამ ნახევარი წლის წინ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ გენოციდომანიასა და „ხსოვნის“ კანონებზე).

გაცხარებული დავა გაზის საკნების არსებობა-არარსებობაზე „ჩარაზული“ არქივების პერიოდშიც მიმდინარეობდა. მაშინ, „ცივი ომის“ დროს, საბჭოთა პროპაგანდა სიკვდილის ბანაკების ინსტრუმენტალიზებას ახდენდა (მაგალითად ამტკიცებდა, რომ ოსვენციმში ოთხი მილიონი ადამიანი გაანადგურეს). გაზის საკნების არსებობა-არარსებობა იმ დროს ნაცისტური ბანაკების ყოფილი ჯალათებისა თუ გადარჩენილ მსხვერპლთა ჩვენებებით მყარდებოდა და ზეპირსიტყვიერი ისტორიის სფეროს მიეკუთვნებოდა. სხვათა შორის, ნაცისტებმა ყველაფერი იღონეს დანაშაულის კვალის წასაშლელად: სიკვდილის ბანაკებს შორის ოსვენციმი იყო ერთადერთი, რომლის განადგურებაც მათ ვერ მოახერხეს.

მოკლედ, ისტორიკოსები არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

1945 წლის 27 იანვარს ოსვენციმის განმათავისუფლებელ წითელ არმიას ხელში ჩაუვარდა საკონცენტრაციო ბანაკის მშენებლობასთან დაკავშირებული მთელი დოკუმენტაცია. ბანაკში კრემატორიუმებისა და გაზის საკნების მშენებლობას 12 ფირმა ახორციელებდა. სამშენებლო დოკუმენტაციაში, რომელიც ისტორიკოსებისათვის ხელმისაწვდომი გახდა 90-იან წლებში, დაახლოებით 2000 გვერდს მოიცავს გაზის საკნებში გაზის შეშვებისა და იქიდან მისი ევაკუაციის, ანუ ვენტილაციის პროექტების დეტალური აღწერა; იქვე ნახავთ ხარჯთაღრიცხვას, ფირმების მიერ ჩატარებული სამუშაოების დეტალურ აღწერას, შესრულებული სამუშაოსთვის გაღებული თანხების ჩამონათვალს და ა.შ. შეგხვდებათ დოკუმენტები, სადაც ბანაკის SS-ის ხელმძღვანელობა მოახსენებს თავის უფროსს, ჰაინრიხ ჰიმლერს, როგორია თითოეული გაზის საკნის „გამტარუნარიანობა“ (ყველა ბანაკის ყველა საკნის საერთო „გამტარუნარიანობა“, დოკუმენტების თანახმად, დღეში 2650 ადამიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა სინამდვილეში „სტახანოველმა“ ესესელებმა და მათმა ხელქვეითებმა ამ მიზანს ვერ მიაღწიეს).

ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, უკვე ყოფილი გდრ-ის ქალაქებში, ვაიმარსა და ერფურტში, იმ თორმეტი ფირმიდან ერთ-ერთის არქივში ისტორიკოსები ანალოგიურ დოკუმენტაციას წააწყდნენ. მათ შორის ინახება ფირმის მიერ ვენტილაციის გამოგონების ბეჭდით დამოწმებული პატენტიც, ანუ პატენტი ხერხისა, თუ როგორ უნდა მოწამლო გაზით ის, ვინც ამას „იმსახურებს“, შემდეგ კი სხვებისთვის უვნებლად მოახდინო გაზის ნარჩენების ევაკუაცია.

ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ აღმოჩენილმა ამ დოკუმენტებმა დიდი წვლილი შეიტანა გაზის საკნების არსებობა-არარსებობის თაობაზე გაჩაღებული, ზოგჯერ სამარცხვინო ზეპირსიტყვიერი დავის დასრულებას.

წინა ბლოგში შევეცადე აღმეწერა, როგორ ჩაანაცვლა დასავლეთში შოამ (ანუ ჰოლოკოსტმა) რელიგია. ასეთი დამოკიდებულების გამოა, რომ შოას მკვლევარი ისტორიკოსები უაღრესად ფრთხილად ეკიდებიან საარქივო მასალას. ამის საუკეთესო მაგალითია დახაუს საკონცენტრაციო ბანაკი მიუნხენის მახლობლად. იქ განადგურებას გადაურჩა ჰიმლერისა და ბანაკის ექიმის, SS-ის ოფიცერ ზიგმუნდ რაშეს მიმოწერის დიდი ნაწილი. ერთ-ერთ წერილში რაშე, რომელიც პატიმრებზე ცდებს ატარებდა, ჰიმლერს სთხოვს, ადამიანზე სხვადასხვა მხუთავი გაზის გავლენის შესწავლის მიზნით, პატიმრებზე ექსპერიმენტების ჩატარების ნება დართოს. 1945 წლის 3 მაისს ჩეხმა ექიმმა ფრანტიშეკ ბლაჰამ (რომელსაც დახაუს ბანაკში გვამების გაკვეთა ევალებოდა) დაადასტურა გაზის საკნებში პატიმართა განადგურების ფაქტები. ასეთივე ჩვენება მისცა მოგვიანებით დახაუს იტალიელმა პატიმარმა ენრიკო ვანცინიმ (ვანცინი იმ საგანგებო რაზმის წევრი იყო, რომელსაც გაზით გაგუდულთა გვამები კრემატორიუმში გადაჰქონდა). მიუხედავად ფაქტობრივი მასალისა და მოწმეთა არსებობისა, შოას ისტორიკოსები დაბეჯითების ვერ ასკვნიან, რომ დახაუში გაზის საკნებს პატიმართა მასობრივი განადგურების მიზნით იყენებდნენ, რის გამოც გაზის საკნებზე გამოქვეყნებულ არც ერთ სერიოზულ ისტორიულ გამოკვლევაში დახაუს საკონცენტრაციო ბანაკი ნახსენები არ არის.

შეთქმულება, როგორც ისტორიის ერთადერთი ახსნა, სულ უფრო მეტ წონას იძენს ინტერნეტისა და სოციალური ქსელების ეპოქაში. შესაბამისად, მეტად არასახარბიელო ვითარებაში ამოჩნდნენ ისტორიკოსები: ერთი მხრივ, ისინი ცდილობენ, ახსნან დანაშაული, ისტორიული განზომილება მიანიჭონ მას, ხოლო მეორე მხრივ, „ხსოვნის“ კანონებისა თუ სასამართლოების მეშვეობით სახელმწიფო მათ აიძულებს, მოსამართლის ანაფორა მოირგონ. ამით კი სახელისუფლო ინსტიტუტები მხოლოდ ხელს უწყობენ შეთქმულების თეორიების გაღვივებას ინფანტილურ ადამიანებში, რომლებიც ნებისმიერი მოვლენის უკან „დირიჟორს“ ეძებენ და ხსოვნის კანონების მიმართ (როგორც მოზარდს მშობლისადმი), წინააღმდეგობის გრძნობა უჩნდებათ...

შეთქმულების თეორიებს დღეს მიმართავენ არა მარტო ისტორიის, არამედ ყოველდღიური მოვლენების ასახსნელადაც. მაგალითები თავსაყრელადაა:

ის, რომ საფრანგეთის კინოეკრანებზე არ გაუშვეს ანჯეი ვაიდას ფილმი კატინის ტრაგედიაზე, პუტინის „დამსახურებაა“ (ახლახან ეს საფრანგეთში პოლონეთის ელჩმაც კი განაცხადა); ხოლო არცთუ სახარბიელო ინფორმაცია საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატსა და პუტინისადმი კეთილგანწყობილ ფრანსუა ფიონზე აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს გავრცელებულია. ჩრდილში მყოფნი – იქნება ეს ვაშინგტონის სადაზვერვო უწყება თუ კრემლის უშიშროების სამსახური – სრულ ძალაუფლებას ფლობენ და ისტორიული ფაქტი (რომლის მიკვლევა ასე ჭირს), ღრმად არის ჩამარხული.

ვინ მოკლა სტალინი − ბერიამ თუ ხრუშჩოვმა? და მარტინ ლუთერ კინგი? მერილინ მონროს თუ კენედის მკვლელებმა? ბლოგები და მათი კომენტარები ფორუმებზე; ტროლები, ფსევდონიმები, მხილებისა თუ ჩირქში ამოსვრის კამპანიები ქსელში... უნდა ვივარაუდოთ, რომ კონსპირატოლოგიის „ოქროს ხანა“ ჯერ კიდევ წინ გვაქვს.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG