Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ტალახაძე − ძალოსანი


1 იანვარი, ორშაბათი

ახალი წელია... და ძალიან მიხარია! ბევრი მეგობარი და ნაცნობი მირეკავს. მილოცავენ, მეც ვულოცავ. ახალი წლის პირველი დღე გათენდა და მთელი ოჯახი ერთად ხართ. დიდი სითბო ისადგურებს, ბედნიერი ვარ.

წლევანდელი 1 იანვარი მაინც გამორჩეულია, რადგან შარშან ის ტიტულებიც შევინარჩუნე, რაც მოპოვებული მქონდა. შევინარჩუნე და ახალი რეკორდებიც დავამყარე. ჩემს სპორტულ კარიერაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი წინ. მოკლედ ეს განსაკუთრებული 1 იანვარია ჩემს ცხოვრებაშიც და ჩემს სპორტულ კარიერაშიც.

საღამოს ერთად მივუსხედით სუფრას მთელი ოჯახი. სპორტსმენი ვარ და ცხოვრების წესიც შესაბამისი მაქვს, მაგრამ 1 იანვარს, ალბათ, ყველას ეპატიება დალევა. და მეც ასე აღვნიშნავ დღესასწაულს ჩემს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. მთელი ოჯახი ერთად ვართ: ბებიები, დედა, მამა, ჩემი და, ძმა, მეკვლე და ოჯახის სხვა წევრები. ტრადიციულად სულ ასე ვხვდებით ხოლმე ახალ წელს და ძალიან ბედნიერი ვარ კიდევ და კიდევ...

2 იანვარი, სამშაბათი

დღეიდან უკვე ჩემი ჩვეული სპორტული ცხოვრება იწყება. 1 იანვარი გავიდა და შევუდექი ჩემს საქმიანობას − ვარჯიშს. დავიწყე მზადება ახალი შეჯიბრებებისთვის. ძალიან დიდი სირთულეები მელოდება წინ. ვარჯიშის დროს, ძირითადად, შეკრებებზე გვიწევს ყოფნა. სულ რამდენიმე დღე გვაქვს შესვენება, როდესაც შეკრებაზე არ ვართ. მთელი ჩვენი ცხოვრება და დღეები ვარჯიშისგან შედგება.

როდესაც დატვირთვას ვიღებთ და შეჯიბრება ახლოვდება, დღეში ხუთ, ექვს, შვიდ საათს ვვარჯიშობთ. ვვარჯიშობთ სხვადასხვა რაიონში, ქალაქში. ამ ვარჯიშში გადის ცხოვრება. საქართველოში, სამწუხაროდ, ბევრი ბაზა არ გაგვაჩნია სავარჯიშოდ, თუმცა ინვენტარი გვაქვს და ვარჯიშის პირობებიც ყოველწლიურად იცვლება უკეთესობისკენ.წარმატება გვაქვს და ეს წარმატება ნელ-ნელა ფასდება. თუმცა უფრო მეტი სავარჯიშო დარბაზი და ბაზაა საჭირო, რათა ჩვენი სპორტის სახეობა განვითარდეს, ახალგაზრდობა დაინტერესდეს და ჩაერთოს სპორტში. იმისთვის, რომ ბევრი ახალგაზრდა მოვიზიდოთ, უკეთესი დარბაზებია საჭირო. როცა დარბაზი კარგია, ამას ბავშვიც ხედავს და მშობელიც, უხარიათ შესვლა და ვარჯიში. მე ვფიქრობ, რაც უფრო მეტი დარბაზი და უკეთესი ინვენტარი გვექნება, მით უფრო მეტი ახალგაზრდა იქნება სპორტში ჩართული და სპორტის სახეობებიც უფრო სწრაფად განვითარდება.

ძალოსნობა საქართველოში ამ ბოლო ხანს მეტი პოპულარობით სარგებლობს. ამას მარტო მე არ ვამბობ, ბევრი აღნიშნავს. რიოს ოლიმპიურ თამაშებზე რომ დიდი წარმატებები გვქონდა, ასევე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, ეს ამბავი მედიამ სათანადოდ გააშუქა და როცა ამას უყურებენ ახალგაზრდები, მათი მშობლები, ნელ-ნელა ხდება ჩვენი სახეობის პოპულარიზება. შედეგმაც არ დააყოვნა: თუ ადრე 100 ბავშვი გვყავდა, ახლა 400-500 მაინც ვარჯიშობს ძალოსნობაში. ასე რომ, განვითარების გზაზე ვდგავართ.

3 იანვარი, ოთხშაბათი

ახლა შეკრებაზე არა ვარ და ჩემი დილა საუზმით იწყება. შემდეგ დარბაზში მივდივარ. უკვე განვაახლე ვარჯიში, ყოველდღიურად ვემზადებით ახალი სირთულეების დასაძლევად.

სპორტულ დარბაზში პირველად რვა წლის ასაკში შევაბიჯე. მაშინ ძალოსნობით არ ვიყავი დაინტერესებული. განებივრებული ბავშვობა მქონდა, მშობლები არაფერს მაკლებდნენ. მამაჩემი ძალოსანი იყო, მისი თხოვნითა და გადაწყვეტილებით მივედი პირველად ძალოსნობის დარბაზში, სადაც იმ დროს სავარჯიშოდ ნამდვილად არ იყო კარგი პირობები. თავიდან რამდენიმეჯერ ვივარჯიშე, შემდეგ უკვე წუწუნი დავიწყე და გამოვედი. ძალოსნობა ძალიან რთული სახეობაა და ბავშვები, ძირითადად, ამიტომ ანებებენ ხოლმე თავს. ეს ეტაპი მეც გამოვიარე. განსაკუთრებულად რთულია დასაწყისი, სანამ ისწავლი შტანგის სწორად აწევას, დაეუფლები ტექნიკას.

13-14 წლის ასაკში უკვე სერიოზულად დავუბრუნდი ძალოსნობას და ბოლომდე ჩავერთე, თუმცა მანამდე რამდენიმე სახეობა გამოვიცვალე: ფეხბურთი, ჭიდაობა... დავიწყე ვარჯიში და ჩემი პირველი მწვრთნელი მამაჩემი გახდა. 17 წლის ასაკში უკვე მივაღწიე პირველ დიდ წარმატებას საერთაშორისო შეჯიბრებაზე, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე.

შემდეგ უფრო მეტი მობილიზება მოვახდინეთ, რადგან გამოჩნდა, რომ მონაცემები მქონდა და მეც შემეძლო, დიდი სპორტსმენი გავმხდარიყავი, დიდი შტანგა ამეწია. ყველა საქმეს, მათ შორის სპორტსაც, აქვს ჩავარდნის პერიოდები, მაგრამ თუ ადამიანი მოინდომებს, ამოვა ამ განსაცდელიდან. ასეთი პერიოდი მეც მქონდა. თუმცა იქამდე კიდევ გავიმარჯვე 20 წლამდე ასაკის ძალოსანთა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, დოპინგის კონტროლის ვერგავლისთვის ორწლიანი დისკვალიფიკაცია მომცეს. ზოგი ჭირი მარგებელიაო და ამ პერიოდში უკეთესად შევძელი მომზადება, კარგი შედეგის ჩვენება. მას შემდეგ, 2015-16-17 წლებში მაქსიმალურად ვზრდიდი ამ შედეგს და ახლა ყველაფერი კარგად არის.

საღამოს სანადიროდ წავედით კახეთში. ნადირობა ჩემი ჰობია. მთელი ღამე გავათენეთ, მეგობრებიც ჩემთან ერთად იყვნენ, ძირითადად − სპორტსმენები. როდესაც ვახერხებთ ხოლმე, ერთად გავდივართ ქალაქიდან. თუ რამეს მოვინადირებთ კარგია, თუ ვერა, მაინც არ გვწყდება გული, ვინაიდან ჩვენი დიდი სამეგობროს წევრები ვიკრიბებით.

4 იანვარი, ხუთშაბათი

წუხელ ძალიან გვიან დავბრუნდით ნადირობიდან. დიდხანს გაჩერება მოგვიხდა, ვინაიდან რაღაც სირთულეები შეგვხვდა.

ჩემი წონის გამო ბევრს ვერ დავდივარ, მაგრამ არა უშავს რა, კიდეც ვიარე გუშინ და ძალიან კარგი დროც გავატარე. ჩემი სამეგობრო წრე ძალიან დიდია. ახლაც მათზე ვფიქრობ და მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა მეგობარს, რადგან ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად ვერ ვახერხებ მათთან ერთად ყოფნას. ძალიან კარგი მეგობრები მყავს, ძალიან მგულშემატკივრობენ. როდესაც თავისუფალი დრო მაქვს, მუდამ ვიკრიბებით და ათას რამეს ვიხსენებთ, განსაკუთრებით − ბავშვობას, იმ პერიოდს, რომელიც ერთმანეთთან გვაკავშირებს. ვამაყობ ჩემი მეგობრებით და მიხარია, რომ ძალიან კარგი და ღირსეული სამეგობრო წრე მყავს.

5 იანვარი, პარასკევი

დილით კარგად ვისაუზმე. როგორც სპორტის სხვა სახეობებში, ძალოსნობაშიც არის სხვადასხვა წონითი კატეგორია. ვინაიდან უმძიმეს წონით კატეგორიაში ვარ, კვების თვალსაზრისით პრობლემა არ მაქვს, უფრო სწორად, შეზღუდვა არ მაქვს. შემიძლია, მაქსიმალურადმოვიმატო წონაში, ამის საშუალებას სიმაღლეც მაძლევს, ადვილად ვითვისებ და არანაირ დისკომფორტს არ განვიცდი წონის მომატებით. ვინც დაბალ წონით კატეგორიაში გამოდის, საგანგებო დიეტის დაცვა და ზოგჯერ 7-8 კილოს დაკლება უწევს. სპეციალური რეცეპტები აქვთ, ბევრი რამ არ ეჭმებათ. ვიცი, რომ უნდა მოერიდონ ცხიმიან საკვებს, პურს და სხვა პროდუქტებს. დიდი დრო სჭირდება, მაგრამ როდესაც პურს ამოიღებენ რაციონიდან, ერთ და ორ თვეში წონა იწყებს კლებას. მე არასდროს მქონია ეს დისკომფორტი.

მივდივართ სპორტის დარბაზისკენ, სადაც ჩემი პირადი მწვრთნელი მელოდება.

2018 წელს ძალიან საპასუხისმგებლო ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები გვაქვს, ვინაიდან უკვე ვიწყებთ ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზიების მოპოვებას. 2018-19 წლების მსოფლიო ჩემპიონატების ქულები შეჯამდება და ეს გადაწყდება, გვექნება თუ არა ლიცენზია და მონაწილეობის უფლება ტოკიოს ოლიმპიადაში. ძალიან საპასუხისმგებლო იქნება ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობა. ჩემი ფიქრები და მიზნები შორს მიდის. მინდა, რამდენიმეჯერ გავიმეორო ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა და სპორტის ამ სახეობიდან გულდაწყვეტილი არ წავიდე. არ მინდა, მერე ჩემს თავს ვუთხრა, რომ უფრო მეტის გაკეთება შემეძლო.

ბევრი აღნიშნავს, რომ ძალიან თავმდაბალი ვარ, ეკლესიური. ვფიქრობ, ეს ყველაფერი შინაგანად უნდა ჰქონდეს ადამიანს. ზოგის თვალში შეიძლება უხეში ვარ, ვინმემ შეიძლება თქვას, ამას თავში აუვარდაო, მაგრამ ასე არ არის. ვგრძნობ, რომ ისევ ის ლაშა ვარ, რაც ვიყავი და ახლა უფრო მეტად ვაკონტროლებ თავს, უფრო მეტს ვითმენ, ვიდრე წინათ, რადგან საზოგადოების თვალში ყველაფერი სხვანაირად გამოჩნდება.

არ ვიცი, ჩემი წარმატებები უფრო მეტად, ალბათ, შრომისუნარიანობაზეა დამოკიდებული; მონაცემებზე, ღმერთმა რომ მიბოძა და კიდევ − ჩვენს ფედერაციასა და მწვრთნელებზე, ვინც სწორად წარმართავს ამ ყველაფერს. მალე შეკრებაზე წავალთ, უკვე სერიოზულ მზადებას ვიწყებთ ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც მარტის ბოლოს გაიმართება. მინდა, სანამ წავსულვარ, ვარჯიშთან ერთად, ჩემს მეგობრებთან მეტი დრო გავატარო. ყოველ საღამოს ვიკრიბებით, დღესაც ერთად ყოფნას ვაპირებთ.

6 იანვარი, შაბათი

ჩემთვის შაბათიც ისე იწყება, როგორც ყველა დღე: საუზმე, ვარჯიში და შემდეგ, რაკი ამ ეტაპზე ვისვენებ, მეგობრებთან ერთად ყოფნა.

2017 წელს კიდევ ერთ რამეს მივაღწიე: შევინარჩუნე საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის ტიტული, რომელიც 2016-ში მქონდა მოპოვებული. ოლიმპიურმა კომიტეტმა, სპორტულმა მედიამ ისევ მე დამასახელა წლის საუკეთესო სპორტსმენად. ესეც ძალიან დიდი სტიმულის მომცემია, მით უმეტეს, როცა ისეთ ღირსეულ სპორტსმენებთან ერთად გასახელებენ, როგორებიც არიან ჩვენი მოჭიდავეები, კალათბურთელები... ასევე აღვნიშნავ ჩვენს ძალოსანს, ქალბატონ ანასტასია გოტფრიდს, რომელიც პირველი მსოფლიო ჩემპიონი ქალია საქართველოს ძალოსნობის ისტორიაში; ასევე ზაზა ფაჩულიას, პირველ ქართველ კალათბურთელს, რომელმაც NBA-ს ჩემპიონის წოდება მოიპოვა. როდესაც ამ სპორტსმენებს შორის გასახელებენ წლის საუკეთესოდ, სიტყვებით ვერც გადმოვცემ, რასაც ვგრძნობ...

საქართველოს ჰყავს ძალიან კარგი სპორტსმენები და სამომავლოდაც ძალიან კარგი ახალგაზრდები იზრდებიან ძალოსნობაშიც და სპორტის სხვა სახეობებშიც. ალბათ, კიდევ ბევრი წარმატება გველის და სპორტის სამყაროში მომავალშიც ძალიან დიდი კონკურენცია იქნება წლის საუკეთესო სპორტსმენის დასახელების მხრივ. ვიმედოვნებ, რომ მართლაც ასე იქნება...

ამჟამად მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს გამოკითხვა წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად. მე ვხედავ, როგორ აქტიურობენ ინტერნეტის საშუალებით ჩემი მეგობრები − ქართველები თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, რამდენი ადამიანი მიჭერს მხარს. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან სასიხარულო და დიდი სტიმულის მომცემია. სტიმულია, აბა რა არის! თუკი ისე გამოვიდა, რომ ჩემი საქართველოს სახელი და ჩემი სახელიც, სხვებსაც გავაცანი და შევაყვარე, ძალიან ბედნიერი ვიქნები!

2017 წელს განსაკუთრებით დამიფასდა მონდომება და წარმატება.„არქი ჯგუფმა“ და მისმა ხელმძღვანელობამ დიდი ინტერესი გამოიჩინა ჩემ მიმართ და ბინა გადმომცეს საჩუქრად.

ჯერჯერობით საქართველოში ვრჩებით, მარტში ევროპის ჩემპიონატი გველოდება. ქვეყნიდან ჯერ, ალბათ, არც მოგვიწევს გასვლა. გვირჩევნია, აქ გავიაროთ საწვრთნელი შეკრება. ხშირად ვიმეორებ: ბევრი ქვეყანა ჩვენზე განვითარებულია ვარჯიშის პირობების მხრივ. მაგრამ, რაც მეტია წარმატება, მით უფრო მეტი ყურადღება ექცევა სპორტის ამ სახეობას. მოხარული ვიქნები, თუ საქართველოშიც მეტი საწვრთნელი ბაზა გვექნება და დარბაზებიც უკეთესად მოეწყობა.

ჩემს რაიონში, საჩხერეში, საიდანაც ვარ წარმოშობით, სულ რამდენიმე დღეში გაიხსნება ჩემი სახელობის დარბაზი. უკვე მოვინახულე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი ქვეყნისთვის სანატრელი იქნება ძალოსნობის ასეთი დარბაზი. ძალიან კარგად არის დაპროექტებული, მშენებლობა სწრაფად მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში გაიხსნება კიდეც. ამის შემდეგ, ალბათ, საჩხერეშიც მეტად განვითარდება სპორტის ეს სახეობა, რადგან ძალიან ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული.

თავისუფლების დღიურები - ლაშა ტალახაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:13:20 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG