Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის გამოკითხვა გრძელდება


საოკუპაციო გამყოფი ზოლი, ერგნეთი
საოკუპაციო გამყოფი ზოლი, ერგნეთი

ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა- მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში დღეს კიდევ ერთხელ გამოცხადდნენ. დღესვე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ. 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე 11 მარტს დღის მეორე ნახევარში გადმოვიდნენ.

მათთან ერთად ახალგორიდან მათი დედებიც დაბრუნდნენ. იოსებ პავლიაშვილის დედა აცხადებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოულოდნელად დაუძახეს, საბუთები გადასცეს და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება მისცეს. 2 კვირაზე მეტია, ქუტაშვილი და პავლიაშვილი ახალგორიდან გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ, რადგან საბუთები ჰქონდათ ჩამორთმეული.

ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის გამოკითხვა გრძელდება

  • ქუტაშვილისა და პავლიაშვილის გამოკითხვა მცხეთის პოლიციაში 11 მარტს დღის მეორე ნახევარში დაიწყო.
  • მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ.
  • 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე 11 მარტს დღის მეორე ნახევარში გადმოვიდნენ.

ქუტაშვილისა და პავლიაშვილის გამოკითხვა მცხეთის პოლიციაში 11 მარტს დღის მეორე ნახევარში დაიწყო. მცხეთაში ჩავიდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებმაც ახალგაზრდების მდგომარეობის შესახებ პირველი კომენტარები გააკეთეს. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ გათავისუფლებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და გარეგნული დათვალიერებისას ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა თქვა, რომ ქუტაშვილისა და პავლიაშვილისგან მიიღო ინფორმაცია დაკავებისა და მათი ცხინვალში გადაყვანის გარემოებათა შესახებ, მაგრამ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ამბავზე მეტის თქმა არ ისურვა.

მინისტრების შემდეგ ჟურნალისტებთან სასაუბროდ მივიდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე, თუმცა ისიც მცირედი კომენტარით შემოიფარგლა. სისხლის სამართლის საქმე 108-ე და 143-ე მუხლებით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. ამ საქმეში კი მთავარი მოწმეები ქუტაშვილი და პავლიაშვილი არიან.

გამოძიება გრძელდება და გათავისუფლებულების დაკითხვა მცხეთის პოლიციაში კიდევ გაგრძელდება. არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ცხინვალიდან გადმოსვენების საკითხი კი კვლავ ღიად რჩება. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ, ცხინვალიდან გავრცელებული ინფორმაციით კი, ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის მიღებას, შესაძლოა, კიდევ 2 კვირა დასჭირდეს.

არჩილ ტატუნაშვილი
არჩილ ტატუნაშვილი

არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში 22 თებერვალს დააკავეს. 23 თებერვალს ტატუნაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო ხელისუფლებამ გაავრცელა. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა, თუმცა დაღუპულის ოჯახს ამ ვერსიისა არ სჯერა. მათი თქმით, არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს და ცხედრის გადმოცემა კვალის დასაფარად ჭიანურდება. საქართველოს ხელისუფლების არაერთი თხოვნისა და მოთხოვნის მიუხედავად, დე ფაქტო ხელისუფლება გარდაცვლილის ცხედარს ოჯახს ამ დრომდე არ უბრუნებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG