Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის დგება სანქციების დრო


საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი

არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტზე კონსულტაციებმა საქართველოს პარლამენტიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაინაცვლა. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ერთობლივ რეზოლუციაში სანქციების საკითხი სხვა სახელმწიფო უწყებებთანაც შესათანხმებელია, ოპოზიცია კი, თავის მხრივ, შიშობს, რომ სანქციების ნაწილის გარეშე რეზოლუცია ფარატინა ქაღალდად იქცევა. რას მოიტანს სანქციების დაწესება საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ და რატომ აქამდე არ მიმართა ამ გზას საქართველოს პარლამენტმა?

როდის დგება სანქციების დრო
please wait

No media source currently available

0:00 0:03:47 0:00
გადმოწერა

დამცირებას ადგილი აქვს იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა, როგორც ჩანს, ისეთია, რომ აბსოლუტურად უარს ამბობს სეპარატისტთა მიმართ რაღაც სადამსჯელო ღონისძიებებზე, რომლებსაც ახორციელებენ ხოლმე სპეცსამსახურები, რაც ხორციელდებოდა, როგორც ჩანს, საკმაოდ ეფექტურად სააკაშვილის ხელისუფლების დროს, იმიტომ რომ მაშინ ვერ ბედავდნენ მსგავს რაღაცებს სეპარატისტები...
თორნიკე შარაშენიძე

​გავრცელებული ცნობით, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მომავალ კვირაში განიხილავს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე შექმნილი რეზოლუციის პროექტს. მმართველი პარტიისა და „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილი რეზოლუციის ორი პროექტი, რომელთა შესაჯერებლადაც კონსულტაციები რამდენიმე დღეა გრძელდება, ძირითადად ერთი სულისკვეთებისაა და პასუხისმგებლობას არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილზე რუსეთის ფედერაციას აკისრებს. განსხვავება პროექტებს შორის სანქციების ნაწილს შეეხება - კერძოდ, ოპოზიცია ითხოვს შედგეს და გამოქვეყნდეს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმისა და დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენელთა, ასევე მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებთა მიერ საქართველოს მოქალაქეთა გატაცებაში, მათთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში ეჭვმიტანილი და მსჯავრდებული პირების სია, ეგრეთ წოდებული „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ აშშ-სა და ევროპაში მოქმედი „მაგნიტსკის სიის“ პრინციპებით იქნებოდა შექმნილი. ამ სიაში შესულ პირებს, ინიციატივის თანახმად, უნდა აღეკვეთოთ მოგზაურობის, საბანკო ოპერაციების შესრულების ან საქართველოს მიერ დაწესებული შეღავათებით სარგებლობის საშუალება. მთავრობა ვალდებული იქნება ასევე დააყადაღოს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ პირთა ის ქონება, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობისთვის. „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული პროექტით, მთავრობამ პარტნიორებს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილი პირებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების თხოვნითაც უნდა მიმართოს.

თუ რაღაცა არ მოხდა ან ვერ მოხდა თავის დროზე, არ არის არგუმენტი იმისთვის, რომ ეს ნაბიჯები არც ახლა გადაიდგას...
გიგა ბოკერია

მაშინ, როდესაც რუსეთის მიმართ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებში საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის მიმართ რუსეთის მხრიდან გამოვლენილი აგრესიული და დესტრუქციული ქმედებები საფრთხედაა შეფასებული, მმართველი პარტიის გარდა, ექსპერტთა ერთ ნაწილშიც ჩნდება კითხვა, არსებობს თუ არა ამ ეტაპზე საქართველოს პარლამენტის რეზოლუციით სანქციების სრულფასოვნად ამოქმედების შესაძლებლობა და სათანადოდ მხარდაჭერილი აღმოჩნდება თუ არა ეს საკითხი იმავე პარტნიორების მიერ. საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას მმართველი პარტიისა და ოპოზიციური სპექტრის პოზიციების დაახლოებასა და მთავრობის პროაქტიულობას ანიჭებს. რუსეთის განგრძობადი აგრესიის პირობებში კი საქართველოს პარლამენტს აქამდე სანქციებზე არასდროს უმსჯელია. ამას, პოლიტიკური ექსპერტის, თორნიკე შარაშენიძის, შეფასებით, თავისი ახსნა აქვს. იგი ფიქრობს, რომ კონკრეტულ მომენტში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ სანქციებზე მეტად არის პასუხი იმ მკვლელობებსა და გატაცებებზე, რომელთაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს. იგი ამბობს, რომ ბოლო წლებში საქართველო დამცირებულად გამოიყურება:

“დამცირებას ადგილი აქვს იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა, როგორც ჩანს, ისეთია, რომ აბსოლუტურად უარს ამბობს სეპარატისტთა მიმართ რაღაც სადამსჯელო ღონისძიებებზე, რომლებსაც ახორციელებენ ხოლმე სპეცსამსახურები, რაც ხორციელდებოდა, როგორც ჩანს, საკმაოდ ეფექტურად სააკაშვილის ხელისუფლების დროს, იმიტომ რომ მაშინ ვერ ბედავდნენ მსგავს რაღაცებს სეპარატისტები. და, როგორც ჩანს, ეხლა კვლავაც ისეთი პოლიტიკა გაგრძელდება, რომ ვერაფერს გავუბედავთ. ერთადერთი, გვრჩება სანქციებზე მსჯელობა და სიებზე მსჯელობა“.

შორენა ლორთქიფანიძე
შორენა ლორთქიფანიძე

შორენა ლორთქიფანიძე კი, პოლიტოლოგი, „თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს“ წარმომადგენელი, ფიქრობს, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებდა პოლიტიკური მოცემულობის, პარტნიორებთან პოლიტიკური შეთანხმების კარნახით, რაც გამწვავების თავიდან არიდებას, გარკვეულწილად ჩრდილში ყოფნასაც გულისხმობდა. შესაბამისად, მაშინ სწორედ ამიტომ არ გახდა აქტუალური რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკასთან სანქციების გზით დაპირისპირება:

“სააკაშვილის ხელისუფლება ისედაც მძიმე მდგომარეობაში იყო 2008 წლის ომის შემდეგ. იმ წუთში გამოსავალი ამ მდგომარეობიდან იყო დონორების შეთანხმება, დაპირება და ის ძალიან დიდი ფინანსური რესურსი, რომელიც რომ არ მიეღო ქვეყანას, ფაქტიურად, იმ ჭრილობებს ვერ მოვიშუშებდით - სწრაფად დევნილების საკითხის ავად თუ კარგად მოგვარება. პრინციპში, ადვილად გამოვძვერით და ვფიქრობ,რომ რაღაცა პოლიტიკური თამაშის ნაწილი იყო მაშინაც“.

შორენა ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ რუსეთთან სანქციების ენით ლაპარაკი არ შედიოდა არც ახალი ხელისუფლების ინტერესებში, ის პოლიტიკური ზეგავლენის ამ ინსტრუმენტს მხოლოდ ყველაზე ბოლოს, ყველაზე კრიტიკულ მომენტში გამოიყენებდა . შესაბამისად, ამ მიმართულებით პოლიტოლოგისთვის გასაგებია, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რატომ აქამდე არ დადგა რუსეთთან სანქციების საკითხი დღის წესრიგში. თუმცა, როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, „თუ რაღაცა არ მოხდა ან ვერ მოხდა თავის დროზე, არ არის არგუმენტი იმისთვის, რომ ეს ნაბიჯები არც ახლა გადაიდგას“.

გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

“საერთაშორისო ვითარება იცვლება. უკრაინის აგრესიამდე საერთაშორისო ვითარება რუსეთის მიმართ იყო განსხვავებული. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ სადღაც 2004, 2005 წლების შემდეგ რუსეთის პოზიციები, სამწუხაროდ, ძლიერდებოდა საერთაშორისო ასპარეზზე, სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო. და უკრაინაში აგრესიამდე ჩვენი დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, ჩემი აზრით, იყო მცდარი. ანუ არ ხდებოდა ამ საფრთხის ადეკვატური შეფასება. არც ეხლა არის სტრატეგია თავისუფალი სამყაროსი, ჩემი აზრით, საკმარისად ეფექტური, მეტის გაკეთება შეიძლება და არის კიდეც საჭირო მეტის გაკეთება, მაგრამ შედარებაც კი არ შეიძლება 2014 წლამდელ ვითარებასთან დღევანდელი ვითარების“.

გიგა ბოკერია ამბობს, რომ დღეს რუსეთი არის იზოლირებული, მის წინააღმდეგ საქართველოს პარტნიორების , თავისუფალი სამყაროს, ევროატლანტიკური სივრცის მიერ დაწესებულია სანქციები და შექმნილია ვითარება, როდესაც ჩვენი პრობლემები უნდა წამოვწიოთ.

თუმცა უმრავლესობისა და ოპოზიციის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტების შეჯერების და რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების მიმართ სანქციების დაწესების ოპტიმიზმი ოპოზიციისთვის გარკვეულწილად გაფერმკთალდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, 9 მარტის მიმართვის ფონზე. არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხზე რუსეთის ხელისუფლებისადმი მორიგ მიმართვაში პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან პოლიტიკური ნორმალიზაციის შენარჩუნების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება:

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

„მიმდინარე წლის 2008 წლის ომიდან ათი წელი შესრულდება. ამ დრამატულმა მოვლენამ ღრმა კვალი დატოვა ქართველი ხალხის ცნობიერებასა და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში. გაწყვეტილია დიპლომატიური კავშირები. მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ, ფაქტობრივად, ჩიხში მოაქცია ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დამყარების პერსპექტივა. ამჟამად ჩვენს წინაშეა არჩევანი: აღნიშნულ თარიღს შევხვდეთ ურთიერთბრალდებებითა და მწვავე განცხადებებით, რომელთა ნაკლებობა ამ წლების განმავლობაში ნამდვილად არ იყო, ან გადავდგათ გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯები ამ მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობების გამოსაყვანად“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც გამოთქმულია ჟენევის დისკუსიებში პირადად პრემიერ-მინისტრის ჩართვისა და აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგის წარმოების მზაობა, რისთვისაც, პრემიერ-მინისტრის თანახმად, მისასალმებელი იქნებოდა რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა.

რუსეთის მხრიდან რეალურად კონსტრუქციულობის მოლოდინი არ აქვს და ხელისუფლებას ამ მიმართულებით არათანმიმდევრული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს ოპოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საქართველო რუსეთს, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, სანქციების ენით უნდა ელაპარაკოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG