Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თათია სამხარაძე − ჟურნალისტი


7 იანვარი, კვირა

გაღვიძება არცთუ ისე სასიამოვნო პროცესია, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. ძილიდან გამოფხიზლებულს ყოველთვის საშინელი უკმაყოფილება მიპყრობს, რომ გაშლილი ფანტაზიების და ფერადი სიზმრების სამყაროდან, სადაც არ არსებობს დრო ან ტკივილი, უკან, საათებისა და აუხდენელი ოცნებების სრულიად მოსაწყენ სამყაროში მიწევს ხოლმე დაბრუნება. ხშირად მიფიქრია, რომ სამყარო მშვენიერზე მეტად ქაოსური მოულოდნელობების ერთობლიობა უფროა. არასოდეს იცი, რას უნდა ელოდო ადამიანი. მე კი მძულს სიურპრიზები. კარგიც და, მით უმეტეს, ცუდიც. არადა, ახალი დღე ყოველთვის კარგი და სასიხარულო როდია.

ხანდახან მგონია, რომ ჩემი ჯოჯოხეთი სწორედ ასეთი უსასრულოდ გაწელილი გაურკვევლობებით და უიმედობით აღსავსე გზაა. ზუსტად ისეთი, როგორითაც ბოლო ორი წელი საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად მომიწია სიარული. სადღაც წავიკითხე, ყველაზე რთული დასამტკიცებელი სიმართლეაო. მწარედ დამამახსოვრდა. იმდენ ხანს ვიცხოვრე ჰაერში გამოკიდებულმა და ბურუსით მოცულმა, რომ ახლაც მიჭირს დავიჯერო საქალაქო სასამართლოს მიერ, ჩემ სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება.

საახალწლო განწყობა საერთოდ არ მქონია. ნაძვის ხეც გვიან და უგულოდ მოვრთე. გასულმა ორმა წელმა და ამდენმა ნერვიულობამ, დიდი გამოცდილების გარდა, დიდი სევდაც მომიტანა. ისეთი ფარული სევდა, პირდაპირ თვალებში რომ იბუდებს და ვერანაირი ხარისხიანი კოსმეტიკით რომ ვერ დაფარავ. წაგებისა და მოგების ათასობით ან ათიათასობით შესაძლო ვარიაცია მქონდა ტვინში წარმოდგენილი. დასაძინებლად დაწოლილს, სასამართლოს ბოლო დღეზე ფიქრი უკვე ჩვევად მექცა. მეგონა, ზუსტად ვიცოდი, რას ვიგრძნობდი ნებისმიერი გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში, მაგრამ ის გრძნობა, რომელიც ცხადში დამეუფლა, სრულიად წარმოუდგენელი და აქამდე განუცდელი იყო.

გადაწყვეტილების გამოცხადებას სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა. მოსამართლემ დარბაზი დატოვა. მე ფეხზე წამოვდექი და დავინახე დარბაზში შემოვარდნილი დედაჩემი, რომლის მავედრებელ სახესაც, ალბათ, ვეღარასოდეს წავშლი მეხსიერებიდან.

„მოვიგეთ, მოვიგეთ!“ − ყვირის ბაია და დედაჩემის თვალებიდან სიხარულის ცრემლების კოკისპირული თქეში იღვრება. გახარებული დედა ბაიას ეხუტება. მე კი ვხვდები, რომ ტვინში ამ დოზით აჭრილ ადრენალინს თავისუფლად შეუძლია, ადამიანი გათიშოს. თვალებში მიბნელდება და მაგიდას ვეკიდები, რომ ნელ-ნელა ჩავიმუხლო. ჩაკუზული გაურკვეველი წარმოშობის სრულიად პირველყოფილ ბგერებს გამოვცემ. რამდენიმე წუთში თვალებს ვახელ და გარემო ახალი კაშკაშა სხივით ნათდება. ვერ ვიჯერებ, მაგრამ აშკარად ვგრძნობ, რომ გასული ორი წლის მანძილზე პირველად ჩავისუნთქე ჰაერი თავისუფლად. სხეულში ჩაბუდებული ყველა სიმძიმეც, სამშობიარო ტკივილებივით, სადღაც გაქრა. აღარც ტანჯვით გავლილი გზა მეჩვენება ისეთი გრძელი, და აღარც მეშინია. ჩამუხლული პოზიციიდან სხვანაირი სითამამით ვსწორდები. ბეჭებში აქამდე მყარად ჩარჭობილი ნემსებიც იატაკზე ცვივა და წელში ამაყად ვიმართები.

სასამართლო დარბაზში იმ დღეს ოთხი ქალი ვტიროდით. ყველა − გამარჯვებული. გარეთ იანვრისთვის უჩვეულოდ თბილი დღე იდგა. ცა კი მანამდე არასოდეს, არასოდეს ყოფილა ასეთი კამკამა. ან იქნებ ყოფილა კიდეც და მე იმდენად დიდი ხანია, ცაში აღარ ამეხედა, რომ აღარც კი მახსოვდა, რა ლამაზი ფერია ცისფერი.

8 იანვარი, ორშაბათი

დილას ზურგიდან ავაზაკივით შემოპარული სიცივე მაღვიძებს. გვერდს ვიცვლი და ვცდილობ, სიცივის წყარო საბნის შემოკეცვით ამოვქოლო. შობის ღამეს ანაკოსთან დავრჩი. ეს ტახტი არცთუ ისე კომფორტულია ძილისთვის, მაგრამ ერთად დალეული დილის ყავის სიხარული ყოველგვარ დისკომფოტს აბათილებს.

ანაკო ჩემი რუმია. მე − მისი შამს თაბრიზი. ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში გავიცანით, კურსელები ვიყავით. იქიდან მოყოლებული მოვდივართ დღემდე ასე. ხან კარგად, ხან ცუდად, ხან − იმაზე უარესადაც, ვიდრე, უბრალოდ, ცუდია. მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ არ ვჩერდებით. ჩვენ ერთნაირ სიზმრებს ვხედავთ და შეგვიძლია დღეები ვიცხოვროთ ერთ სივრცეში ისე, რომ ხმა არ გავცეთ ერთმანეთს. როგორც მეფე მღეროდა: „ხანდახან სიტყვები სათქმელს ვერ ამბობენ“. არადა, სათქმელი იმდენია, რომ ორივემ ვიცით, ასე გაჩუმება ჯობია. მერე თამარა მერლანიც გაჩნდა, რომელზეც მე ყოველ ჯერზე ვიბრალებ, რომ სახელი, ჩემ პონტში დაარქვეს. ალბათ ეგრე არაა, მაგრამ მე მაინც ჩემებურად მჯერა. თან ვინ ოხერი გაბედავს და მეტყვის, სახელი შენი კი არა, თამარ მეფის, ან დიდი ბებიის დედის პატივსაცემად ჰქვიაო. და, რომც მითხრან, მე მაინც არ დავიჯერებ.

შობის ღამეს კუბრიკის „კოსმოსური ოდისეა: 2001“-ს ჩავუჯექით. ანაკოს სადიპლომო კუბრიკის ფილმებზე ჰქონდა, ამიტომ წაიღო ტვინი თავისი კომენტარებით. ჩემი ტვინი არა, სხვების. მე, უბრალოდ, მეღიმებოდა და მახსენდებოდა, რომ ბავშვობაში იყო ერთი ასეთი თამაში. უცებ ვინმე ბავშვებით სავსე ოთახში იტყოდა: „იყო ერთი სპილო, იმან მოჯვა ასი კილო; იყო ერთი მელა, იმან გაათხელა. ვინც ეხლა ხმა ამოიღოს, ენა აუსვას ყველამ.“ და ოთახშიც სამარისებური სიჩუმე ისადგურებდა. მერე ვისხედით ხოლმე ასე დიდხანს და ველოდებოდით, როდის დაძრავდა ვინმე უნებისყოფო კრინტს, რომ სიცილის ქოქოლა მიგვეყარა. რა მაგარი და სახალისო ყოფილა ბავშვობა! რა ცუდია, რომ გვიან მივხვდით.

შობის ღამეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ კუბრიკიც და კლარკიც მომავლის ადამიანები იყვნენ. გადავწყვიტეთ, ტრადიციად ვაქციოთ და შობის ღამეს ყოველთვის, თუნდაც ცალ-ცალკე, ყველამ ეს ფილმი ვნახოთ. სიბერეში მოვუყვები შვილიშვილებს, რომ წლებია, ყოველ 7 იანვარს მეგობრები, ტრადიციულად, „კოსმოსურ ოდისეა: 2001“-ს ვუყურებთ-მეთქი.

ამ ფილმში არის ერთი მომენტი. ასტრონავტი დეივი ჭადრაკს ეთამაშება ხელოვნურ ინტელექტ ჰელს. გამახსენდა, რომ წელს ჭადრაკის შესახებ ასობით წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა, „გუგლის“ ხელოვნურმა ინტელექტმა გაშვებიდან ზუსტად ოთხ საათში ისწავლა და შემდეგ ისე გააფართოვა, რომ ჭადრაკის დიდოსტატები ახლაც სხედან და სტრატეგიების ანალიზს აკეთებენ. ცოტა შემეშინდა. შემეცოდა ადამიანი, კომპიუტერთან შესაძლო უთანასწორო ჭიდილისთვის.

9 იანვარი, სამშაბათი

ავად ვარ. ძლივს მოშორებული ვირუსული ანგინამ, რომელსაც მთელი კვირა ვყავდი ლოგინზე ამირანივით მიჯაჭვული, შემიბრუნა და ახლაც საკუთარ ნახველში ვიხრჩობი. მგონი, ბრონქიტი მაქვს. სიცხეს არ გავიზომავ, უბრალოდ ლოგინში ვიწვები. ფილმებს ვნახავ, საინტერესო ადგილას შეწყვეტილ ბეროუზის „ჯანკის“ კითხვას გავაგრძელებ და მუსიკას მოვუსმენ. სულ არ არის ურიგო ავად ყოფნა, როცა სამსახური არა გაქვს და ოჯახი ზურგზე არ გაწევს. თან სახლიდან არგასასვლელად მყარი არგუმენტიც მაქვს.

ამ ბოლო ხანს საერთოდაც აღარ მინდა მუშაობა და სამსახური. მგონია, რომ მე და სახლის კატა ზუსტად ერთნაირი ცხოვრებისთვის ვართ შექმნილი. ან ასეა და კატის რეინკარნაცია ვარ, ან ესეც ჩემი ქრონიკული დეპრესიის ერთ-ერთი სიმპტომია და კიდევ დიდხანს მომიწევს ფსიქოლოგთან სიარული.

საღამოს ლუკა მოვიდა. „Black Mirror“-ის ახალი სეზონის ყურება დავიწყეთ, მაგრამ ამ ბიჭთან ერთად ფილმების ყურება შეუძლებელია. როგორც კატას, ზუსტად ისე მაწვალებს. ერთი სერია ძლივს ვნახეთ. დიდი ვერაფერი იყო. მერე ბევრი ვილაპარაკეთ. ამაზე, იმაზეც. როცა გვიან გავაცილე, იმაზე დავიწყე ფიქრი, რა მაგარია, გჯეროდეს მეორე ნახევრის კონცეფციის. ფიქრობდე, რომ სადღაც, ვიღაც, სწორედ შენთვის არის შექმნილი. სამუდამოდ! ამაზე ფიქრმა Café de Flore-ი გამახსენა. რა მაგარი ფილმია! თავიდან უნდა ვნახო.

10 იანვარი, ოთხშაბათი

ისევ ავად ვარ. დილით გავიღვიძე და სკროლვისას შემთხვევით ვაკანსიას წავაწყდი. საერთაშორისო სარეკლამო სააგენტო კოპირაიტერს ეძებს. იქნებ მეცადა. იქნებ კი არა, აუცილებლად უნდა ვცადო!

მაინც რა ჯანდაბაა, რომ ვერაფრით მოვიშორე ეს საშინელი შიში თუ კომპლექსი, რომ სათანადოდ კარგი, განათლებული, ლამაზი, ჭკვიანი, მაღალი, ერთი სიტყვით, საკმარისი არ ვარ. დიქოტომიურ თვითშეფასებასაც ვერაფერს ვუხერხებ. უფრო მეტი უნდა ვიმუშაო საკუთარ თავზე. უარის და მარცხის შიშით თვეები ვარ ხოლმე შებოჭილი მელანქოლიით. არადა, ვინც კარგად არ მიცნობს, ჩემს თავდაცვით მექანიზმს თავისუფლად დაარქმევს კუდაბზიკობას.

საღამოს ლუკა მოვიდა და საჩუქრები მომიტანა. მგონი, ჩაცმის სპორტულ სტილზე უნდა გადამქაჩოს. თვითონ ისე იცვამს, მგონი თავი შავკანიანი რეპერი ჰგონია. დიდხანს ვისხედით სამზარეულოში. ნასვამმა ავთომ ისევ აგინა მთელ მთავრობას და შოუბიზნესს.

ნეტა როდემდე უნდა ვიყო ავად? წიგნსაც ვერ ვკითხულობ. კონცენტრაცია მიჭირს. სამსახური თუ არ ვიპოვე, ჯობია სულ ავად დავრჩე, თორემ ბენზინის ფულიც აღარ მაქვს, სახლიდან გასვლა რომ მომინდეს.

11 იანვარი, ხუთშაბათი

საღამომდე ისევ ლოგინში ვეგდე. საღამოს ისევ ლუკამ იმარჯვა და ძალით გამათრია საჭმელად. „რატომ არასოდეს არ არის ჩინურში მაგიდა?!“ − ვწუწუნებდი მე და ამასობაში „დაუნთაუნში“ ამოვყავი თავი. მთლიანი პიცა ვჭამე. მადას ნამდვილად არ ვუჩივი. ლუკა მეღადავება, ერთ ჭამაზე ორ კილო ფარშს ჭამო. ისე, ბურგერის ჭამის დროს სულ მიკვირს, როგორ გახდა ჩემი და ვეგეტარიანელი. ხორცზე გემრიელი მე მაინც არაფერი მგონია.

სანამ ჩვენ კაფეში ვისხედით გათოვდა. ლუკა მეხვეწა, კუს ტბაზე მაინც ავიდეთ მანქანით, თოვლი ვნახოთო. მე ფანჯრიდანაც გადასარევად ვხედავ თოვლს-მეთქი, გამოვუცხადე. სხვისი თქმის გარეშეც ზუსტად ვიცი, როგორი აუტანელიც ვარ ხანდახან. ნეტა როდემდე გამიძლებს ეს ბიჭი? ან ნეტა მართალია, რომ სიყვარული გამძლეობას მატებს ადამიანს?

ადრე მეგონა, რომ სიყვარული საერთოდ არ შემეძლო და ურთიერთობებშიც დაუწერელ სტანდარტს მივდევდი. მერე სადღაც დავეწიე და, ალბათ, ცოტა გავასწარი კიდეც ხარისხიანი ცხოვრების მიღებულ სტანდარტს და მივხვდი, რომ ყველაზე უბედური ვარ. ცოტა ხნის წინ ჯიმ კერიმ თქვა ინტერვიუში, მინდა, ყველა ადამიანი ცნობილი და მდიდარი გახდეს, რომ მიხვდეს, ბედნიერება სხვა რამეშიაო.

ლუკას რომ ვუყურებ, მიხარია, მაგრამ ამ სიხარულს თან იმხელა შიში ახლავს, არა მგონია, მთლად ჯანსაღი ვიყო. კაფეში მარტო მე და ლუკა დავრჩით და მე, რა თქმა უნდა, მოვახერხე, დამეცოფა. არაა... აუცილებლად უნდა არსებობდეს რამე სიყვარულის ფობია. უნდა ჩავინიშნო, დასაგუგლია.

12 იანვარი, პარასკევი

ღამე ტელეფონით ლაპარაკში გავათენე. შუადღისას გამეღვიძა. ხუთზე ფსიქოლოგთან უნდა ვიყო. ჭამა დამეზარა და ანისთან სეანსზე მშიერი წავედი. ახალი წლები შვებულებაში იყო და სასამართლოს მოგების შემდეგ პირველად შევხვდით ერთმანეთს. ანკეტები შემავსებინა. სტრესის კოეფიციენტი საგრძნობლად დაწეულია − მგონი, ცოტა მოვმჯობინდი. აღარც კოშმარები მაწუხებს, აღარც ყველაფერზე მეტირება უწინდებურად.

ანისგან გამოსულმა, ანაკოს გავუარე სამსახურში, მერე − ქუცას და ჩემთან ამოვედით. მამაჩემს კარგი ხაშმის საფერავი აქვს, ცოტა მოვწრუპეთ. მერე ბევრი ვიკამათეთ იმაზე, ხუნდება თუ არა ნიჭი, როდესაც მას მერკანტილური მიზნებისთვის იყენებ. მე მგონია, რომ ხუნდება. ანაკო და ქუცა არ მეთანხმებიან. მე ვფიქრობ, რომ შემოქმედება მხოლოდ მაშინ არის გენიალური, როცა ის აუთენტური და გულწრფელია; თავისუფალია ყველანაირი მიზნისგან და არ მიემართება სამიზნე აუდიტორიას. მე არ მწამს გაპრანჭული ხელოვნების. შემოქმედება მხოლოდ შემოქმედებისთვის უნდა არსებობდეს. ხელოვანი იწვის თავისთვის და შენ მიხვალ და დატკბები თუ არა, შემოქმედს სულ ცალ ფეხზე უნდა ეკიდოს იმისთვის, რომ გენიალურად დაიწვას. მე ასე მგონია, მაგრამ თავს ვერაფერზე დავდებ. ამასობაში ლუკაც მოვიდა. ქუცას კიდევ ერთხელ და სულ ძალით მოვაყოლე ჩემს საყვარელ ამბავს ბეშვეთზე და ისევ ცრემლებამდე ვიცინე. ბავშვებმა დარეკეს, „კაბინეტში“ ვართო. „კაბინეტი“ ლიზას ბარია, სადაც მეგობრები ხშირად ვიკრიბებით. მე წასვლა მეზარება, თან თავისუფლების დღიურები მაქვს დასამთავრებელი, მაგრამ მე ვინ მეკითხება?! მე რომ მკითხონ, არასოდეს გავალ სახლიდან, ამიტომ ძალით წამათრიეს. იქ მისულმა, ბევრი ვიცეკვე და ვიცანცარე. მიხარია, რომ ცანცარი ისევ შემძლებია.

13 იანვარი, შაბათი

ტელეფონის ზარი უპრობლემოდ აღწევს ძილის შრეებში და ყურით მომათრევს ცხადში.

„ხო“− ვპასუხობ მე, ჩახრინწული და უკმაყოფილო ხმით, იმიტომ რომ გაღვიძება არცთუ ისე სასიამოვნო პროცესია. ნუ, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა.

„ვკვდებით“− გორის ქალთა გუნდივით სინქრონულად კვნესიან ტელეფონის მეორე ბოლოში. „რომელი საათია?“ −ვინტერესდები, და სრული პანიკა მიპყრობს: ხომ არ გავმაზე რადიო თავისუფლებაში მისვლა?

სამი ყოფილა. ჯერ დრო არის, ამიტომ ცოტა ჭკუის დარიგებასაც მოვასწრებ პახმელიის ტყვეებისთვის.

რა ვერ შეიგნეთ, ხალხნო, რომ ყველა პრიხოდს, ატხადნიაკი ორჯერ უფრო უარესი აქვს. ყველა სიმთვრალეს პახმელია მოჰყვება და რომ ჩვენი კულტურა საკაიფოდ ფუთავს მთელი ჩვენი ერის ქრონიკულ ალკოჰოლიზმს. ამიტომ ვართ ყველანი ლოთები. გენეტიკურ მეხსიერებას ვერ გავურბივართ და, ვინაიდან მე დაზუსტებით ვიცი, რომ პახმელიაზე არც ერთი საქმე არ გაკეთებულა, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბოლოს ზუსტად ისევე დავასრულებთ, როგორც დავიწყეთ. კი არ დავაგვიანებთ, საერთოდ დავიკიდებთ „მიწების განაწილებაზე მისვლას“ და ამ დიდი ზეიმის ბოლოს, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩხუბით დასრულდება, ყველანი ერთმანეთს 8000-წლიანი ისტორიის მქონე ღვინოს ბოცებში ჩავახრჩობთ. იქნებ გადაშენებით მაინც გავექცეთ ყოფის საშინლად მთვრალ რეალობას ან, უფრო სწორად, ყოფის ამ აუტანელ პახმელიებს, რომელსაც დასასრული აღარ უჩანს.

წერა უნდა შევწყვიტო და ჩასაწერად გავიქცე. მაგვიანდება. უნდა გადავეჩვიო პესიმიზმს და მელანქოლიას და მწამდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება! მეტი პოზიტივი, ერო!

თავისუფლების დღიურები
please wait

No media source currently available

0:00 0:13:33 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG