Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ლოსაბერიძე - ისტორიკოსი


26 აგვისტო, კვირა
როგორც წესი, „თავისუფლების დღიურების“ ავტორები თხრობას იწყებენ იმით, რომ ბევრი საქმე ჰქონდათ, მაგრამ რადიო თავისუფლებას უარი ვერ უთხრეს. ამ შემთხვევაში არც მე ვარ გამონაკლისი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ბევრი საქმე მაინცდამაინც არ მქონია, უბრალოდ მეზარებოდა წერა. ბოლო ხანებში ძალიან გადავიქანცე, რაც ჩემს ჯანმრთელობაზეც უარყოფითად აისახა, ამიტომ ჩემს თავს აგვისტოში სოფელში დასვენებაზე უარი აღარ და ვეღარ ვუთხარი.

წელს, მგონი, ბოლო ათი წლის განმავლობაში (თუ მეტში არა) პირველად მოხდა, რომ აგვისტოში დაკავებული არ ვარ. ის სფერო, რომელშიც ვმუშაობ (ერთი მხრივ, სამოქალაქო საზოგადოება და, მეორე მხრივ, თვითმმართველობა) დღეს აშკარად არ არის „მოდაში“, ქვეყანა საარჩევნო ციებ-ცხელებასაა აყოლილი (სიტყვა „საარჩევნო“ ისე, ზრდილობისათვის ვიხმარე).

მოკლედ, ვინაიდან ჩვენმა მოძრაობამ - „ეს შენ გეხება“ - საქმიანობა შეანელა, ხოლო ამავე პერიოდში ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების აქტივობის ბუმი არ ყოფილა შემჩნეული, აგვისტოს დასაწყისიდან ზემო იმერეთში, ჩემს სოფელში, დარკვეთში ვისვენებ. მხოლოდ ოთხიოდ დღით გავედი ზუგდიდში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად სემინარების ჩასატარებლად.

სოფელი ძალიან მიყვარს. ბევრს ზღვა, უცხოეთში მოგზაურობა და ხმაურიანი ადგილები მოსწონს. მე სიწყნარე მირჩევნია. უცხოეთშიც ხშირად მიწევს მოგზაურობა, მაგრამ ნამდვილად არ მეხალისება. ადრე რომ ვამბობდი - ეჰ, ისევ მიწევს სტრასბურგში (თუ ციურიხში) ჩასვლა-მეთქი, ბევრი ამას „მარიაჟობად“ მიიჩნევდა. მადლობა ღმერთს, სულ უფრო ხშირად ვხვდები ხალხს, ვისაც ეს დიპლომატიური თუ ნახევრად დიპლომატიური ვოიაჟები ყელში აქვს ამოსული - კახელის ქორწილისა და ხაშლამისა არ იყოს.

ასეა თუ ასე, დარკვეთში ერთი თვე მშვენივრად გავატარე: გადავიკითხე ბაბუაჩემის ბიბლიოთეკიდან შემორჩენილი წიგნები, გავიხსენე ჩემი ძველი პროფესიაც, ისტორიკოსობა - მოცალეობის ჟამს ბოლო ხუთი ათასი წლის მანძილზე მსოფლიო მოსახლეობის სტატისტიკას და საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ ისტორიასაც გადავხედე კიდევ ერთხელ. მოკლედ იმას ვაკეთებდი, რასაც ყოველდღიური „ენჯიოშნიკური“ საქმიანობისას დროს ვერ ვუთმობ და რის კეთებაც მეხალისება.

ამ დღეებში გარესამყაროსთან მხოლოდ ორი რამ მაკავშირებდა. პირველი - ნეგატიური: ჩემს ოჯახშიც გამალებული დისპუტებია პოლიტიკასთან დაკავშირებით, „მასტ კერის“ ამოქმედებამ და რეგიონებში „მაესტროსა“ და „მეცხრე არხის“ გამოჩენამ კიდევ უფრო გააღრმავა პოლიტიკაზე დისპუტი, ხშირ შემთხვევაში - ზედაპირული. მეორე ლინკი პოზიტიურია: ჩემმა დისშვილებმა, ტყუპებმა, გამოცდებზე უმაღლესის 100-პროცენტიანი დაფინანსება მიიღეს! მათი ნერვიულობა ეგზალტირებამ შეცვალა. სწრაფი ცვლილებებით გაბრუებულები იყვნენ და სულ ამაზე ლაპარაკობდნენ: გუშინწინ საჩხერეში ბერა ივანიშვილის კონცერტზე იყვნენ, გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბათუმში პრეზიდენტთან შეხვედრაზე წაიყვანა. ამ ორმა ფაქტმა ცოტა ირონიულ გუნებაზე დამაყენა: ნორმალურ გარემოში ცნობილი მომღერლის კონცერტზე დასწრება და ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრა ორივე სასიამოვნო რამ იქნებოდა, მაგრამ დღევანდელ, ანტაგონისტურ საქართველოში ეს ამბები, ერთად აღებული, სევდანარევი ცინიზმის გრძნობას იწვევს.
თავისუფლების დღიურები - დავით ლოსაბერიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:11:32 0:00
გადმოწერა

27 აგვისტო, ორშაბათი
მთელი დღე აივანზე ვარ წამოწოლილი და ვკითხულობ. საღამოს ცოტა ხელი შემეშალა ამ „საქმეში“. ჯერ იყო და, ქვემო სართულიდან ტელევიზორის ხმამ გამიფანტა ყურადღება. საუბარი (მგონი „მაესტროზე“) საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე მიდიოდა. ბევრი რამ ითქვა, კარგიც და ცუდიც, მაგრამ, ჩემი აზრით, საკითხი არასიღრმისეულად გაშუქდა. ბოლო ოცი წლის მანძილზე სამოქალაქო საზოგადოებას ჩვენს ქვეყანაში მრავალი გამოკვლევა მიეძღვნა. რამდენიმე მათგანში მეც ვმონაწილეობდი, ზოგი გამოკვლევის ავტორიც ვიყავი. დღეს ბევრს საუბრობენ ახალი კანონზომიერებების აღმოჩენაზე, მაგრამ ვინც 10-15 წლის წინანდელ გამოკვლევებს ნახავს, იმასაც ნახავს, რაც დღეს სიახლე ჰგონია და იმასაც, რითაც სრულდება ესა თუ ის ეტაპი. როცა ამას კოლეგებთან და მეგობრებთან ვამბობ, წინასწარმეტყველად მნათლავენ და დამცინიან: ლოსტრადამუსს მიძახიან. როცა რომელიმე პროგნოზი გამართლდება, მერე უკვირთ, საიდან იცოდიო. ამას რა ცოდნა უნდა?! საკმარისია, ანალიზის უნარი გქონდეს (რაც ჩვენში, საბედნიეროდ, ბევრს აქვს) და წარსული ფაქტები და მოვლენები არ გავიწყდებოდეს (ამით, სამწუხაროდ, ბევრი ვერ დაიკვეხნის).

შემდეგმა გადაცემამ აღმაშფოთა. არ ვიცი, ვინ საუბრობდა (ამ გადაცემის ხმაც პირველი სართულიდან აღწევდა ჩემამდე), მაგრამ მავანი ამტკიცებდა, რომ ამერიკაში თუ მუსლიმმა დიდი თანხა გაიტანა ბანკიდან, სახელმწიფოს უნდა დაუსაბუთოს, სად დახარჯა ეს ფულიო. ასეთი ფაშისტურ-ბოლშევიკური ლოგიკა ხშირად მესმის საქართველოში და ეს, უბრალოდ, ამ ლოგიკის მიმდევართა უვიცობის დადასტურებაა. მათ არ იციან, რომ: ა) მუსლიმი და ტერორისტი განსხვავებული ცნებებია (კინაღამ დავწერე, ამ დალოცვილებს ყურანი მაინც არ წაუკითხავთ-მეთქი? მაგრამ მერე მივხვდი, რომ წიგნების კითხვაში მათი დადანაშაულება დიდი ცოდვა იქნებოდა); ბ) თუ ვინმემ, თუნდაც მუსლიმმა, დანაშაული ჩაიდინა, მან კი არ უნდა ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, არამედ საპირისპირო მტკიცებულება სახელმწიფომ უნდა წარმოადგინოს, ვინაიდან ბრალდების ტვირთი მასზეა გადასული; გ) ვინმეს მილიონების ხარჯვის კონტროლი, თუ ყველა გადასახადი გადახდილია და დანაშაულზე არ წაასწრეს, არავის საქმე არ არის, მათ შორის, არც სახელმწიფოსი. მოკლედ, ესაა ის, რითაც ევროპული (ბერძნულ-რომაული) სამართალი განსხვავდება აზიური (ე.წ. მონღოლური) სამართლისაგან და ლიბერალობაზე და მედასავლეთეობაზე თავგადაკლულ „ექსპერტებს“ ეს მარტივი რამ (რის არცოდნას მე პირველკურსელ სტუდენტსაც არ ვაპატიებდი) უნდა ესმოდეთ.

მთელი ტრაგიზმი იმაშია, რომ ამ ტიპის „მოაზროვნეებს“ ამერიკაზე წარმოდგენა პიონერთა ბანაკ „არტეკში“ და საბჭოთა წარმოების, ფსევდო-დასავლური ფილმებით ჩამოუყალიბდათ („მისმინეთ, მისტერ დჟეკ“), შემდეგ კი განგსტერული და მაფიოზური სერიალების ყურებით განუმტკიცდათ. რა არის პროტესტანტული ეთიკა? როგორ და რა გადაწყვეტილებებს იღებდა ფილადელფიის კონგრესი? როგორ ჩამოყალიბდა თუნდაც „ჰაბეას კორპუსი“? რა ეწერა „მაგნა ქარტაში“ და რით განსხვავდება ჰამილტონისა და მედისონის მოსაზრებები ადამსისა და ჯეფერსონის ხედვებისაგან? ამ კითხვებზე პასუხი მათთვის არ არსებობს, რადგან არ არსებობს თვითონ კითხვებიც. მათ ჰგონიათ, რომ ამერიკა და, საერთოდ, დასავლეთი თავიდან განგსტერებმა ააშენეს (ასე რომ, კაგებეს იდეოლოგია ახლაც მუშაობს საქართველოში, ამასთან განსაკუთრებით ე.წ. „ინტელექტუალთა“ შორის).

28 აგვისტო, სამშაბათი
სოფელში ყოფნის ბოლო დღეა. წერის არც თავი მაქვს და არც ხალისი. ჩემს ეზოში ორასწლოვანი მუხების ქვეშ ვცემ ბოლთას. ზაფხულის საღამო სოფლად თავისთავში მოიცავს რაღაც მაგიურსაც, სასიამოვნოსაც და დამამშვიდებელსაც („გინახავთ თქვენ ფერი დაბინდულ ქლიავის...“).

29 აგვისტო, ოთხშაბათი
დღეს თბილისში მივდივართ. კვლავ წამოვიდა რეალობის ნიაღვარი. დილიდანვე მირეკავენ და უკვე შეხვედრებს მინიშნავენ. მორჩა დასვენება - „თავისუფლებას ეღება ბოლო“. არა, პან თადეუშივით კი არ ვკვდები, სამსახურის რუტინა არ მინდა. სიამოვნებით დავრჩებოდი ჩემს ოდაში კიდევ ერთი-ორი თვე მაინც...

კიდევ ერთი „რეალისტური ჰიტი“: საჩხერე-ჭიათურის გზა კარგადაა გაკეთებული (ნაწილი ივანიშვილმა გააკეთა, ნაწილი -სააკაშვილმა; ჰო-ჰო-ჰო), მაგრამ დარკვეთის ასახვევი და სოფლის გზა, რაც თავი მახსოვს, არ შეკეთებულა. ადრე ბეტონის გზა იყო, დიდ სატვირთო მანქანებს მანგანუმი და სილა გადაქონდათ და ამ გაზიზინებულ გზას ამაყად გადმოჰყურებდა გიორგი დიმიტროვის ძეგლი, რომლის სახელსაც უახლოესი მაღარო ატარებდა. გზა თანდათან აინგრა, გაქრა და ახლა მოხერხება და სიმარჯვე გჭირდება, რომ ქვების გროვაში ალაგ-ალაგ ბეტონის ან ასფალტის ნაშთები დაინახო. მოკლედ „ვია რომანა“ ნამდვილად არ არის, ოცი საუკუნე რომ გაეძლო.

ხო, იმას ვამბობდი, ერთმა თანამგზავრმა ამ ანგრეულ გზას გადახედა და ფიქრიანად თქვა, მიშამ ეს გზა ხომ მაინც გააკეთაო. შევხედე, სერიოზულად ამბობდა. არც „მიშისტია“ და არც „შუაშისტი“, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. ანგრეულ გზაზე მიდის, მანქანა საცოდავად ჭრიალებს და გრიგალში მოხვედრილი აფრიანი გემივით ირხევა, და - გზა გააკეთაო.... კარგ გზაზე რომ გავიდოდით, მაშინ მაინც ეთქვა. ჭეშმარიტად დიდია პროპაგანდის ძალა, მართალი იყო „სულმნათი“ გებელსი - თუ გსურთ დაგიჯერონ, თავრეტდამსხმელი სიცრუე თქვითო.

მერე ნარცისიზმი შემომეპარა. რომ მიეღოთ ჩვენი დეცენტრალიზაციის კონცეფცია, რომელზეც მცირე ჯგუფი 15 წელი ვმუშაობდით, დღევანდელი ბიუჯეტების პირობებშიც კი, დარკვეთისა და მეზობელი სოფლების (ზოდი, ხალიფაური) თვითმმართველობა ორ-სამ წელიწადში გზასაც გააკეთებდა, წყალმომარაგების პრობლემასაც გადაჭრიდა (რამაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თანადათან იჩინა თავი) და მესამე წლის ბოლოდან სოფლების გაზიფიკაციასაც თავისი სახსრებით დაიწყებდა.

მე მგონი, ცუდი ხედვა არ იყო, სტრასბურგშიც მოიწონეს, გერმანიაშიც და პოლონეთშიც (ბოლო ორი, ჩემი ღრმა რწმენით, სანიმუშო თვითმმართველობის ქვეყნებია). შევარდნაძის მოხელეებიც ამბობდნენ, ცუდი არ არისო, ჟვანიასაც მოწონდა, სააკაშვილმა 2005-ში სახელმწიფო კომისიაშიც შეგვიყვანა ორი ავტორი (საიდანაც მალე პროტესტის ნიშნად წამოვედით), „ქართულმა ოცნებამაც“ გვთხოვა ახალი, ადაპტირებული ვერსიის შემუშავება. ესეც გავაკეთეთ, მაგრამ „თვითმმართველობა“ ისევე უცხო ხილი მგონია ქართული ისტებლიშმენტისათვის, როგორც კვაზარები და ცერნის კოლაიდერი.

მოკლედ, თანდათან „თვითმმართველობის ექსპერტობა“ სინეკურად იქცა. ვამუშავებდით იმას, რაც საქართველოში არ არსებობდა. ბოლო დროს ეს სინეკურაც ქრება, დეცენტრალიზაციას მხოლოდ ზრდილობის გამო თუღა ახსენებენ, და ისიც წინასაარჩევნო კონტექსტში.

30 აგვისტო, ხუთშაბათი
თბილისთან აკლიმატიზაციის დღე მაქვს. ელ-ფოსტა შევამოწმე, რამდენიმე დოკუმენტს გადავხედე და მოვაწესრიგე. ჩემს ოთახში ტელევიზორს არ ვრთავ და არ ვიცი, ქვეყანაზე რა ხდება. ჩაის დასალევად რომ გავედი, მაშინ გავიგე დაღესტნიდან გადმოსული ფორმირების ლიკვიდაციის ამბავი. გამახსენდა, თბილისში რომ მოვდიოდი, გზაში მეგობარმა დამირეკა და რა ხდება, ხომ არ იციო, მკითხა. ვერაფერი ვუპასუხე.

შედარებით მეტი ინფორმაცია რომ მივიღე, უსიამოვნო წინათგრძნობა დამეუფლა. რატომაა ეს საკითხი ასე გასაიდუმლოებული? მართლა ინციდენტამდე ერთი კვრით ადრე იყო სანგრები შეტაკების ადგილას გათხრილი? რას ითხოვდნენ შემოსულები - უკან გაგვიშვითო? თუ ასეა, კი არ უნდა დაეხოცათ, საგიჟეთში უნდა გადაეყვანათ: თუ არ უნდოდათ შემოსვლა, რას შემოდიოდნენ? მძევლები აჰყავდათ და უკან გაშვებას ითხოვდნენ?

მოკლედ, ბნელი საქმეა. ადრეც ყოფილა ასეთები. ჩეჩენი გილაევი და მისი რაზმი საქართველოს გავლით „შემთხვევით“ რომ აღმოჩნდა აფხაზეთში, ის გამახსენდა. მერე პანკისის ხეობის ოპერაციაც, ადგილობრივი ფორმირების ლიდერი, ჯერ ძმად რომ ნათლავდნენ, „უცაბედად“ საკუთარ ჩეჩმაში რომ აფეთქდა და კაციშვილს ხმა აღარ ამოუღია (ერთი ეგ იყო, ჭორად დადიოდა, სანაიაც მაგ ამბავს შეეწირაო). ისიც გამიგია, დღევანდელი ხელისუფლების ზოგი წარმომადგენელი შუამავლის როლს ასრულებდა რუსეთის ბაზებსა და ჩეჩენ სეპარატისტთა შორის იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობაშიო.

სადაა სიმართლე, ნამდვილად გაირკვევა, ოღონდ ახლა არა, ახლა არა. ერთადერთი, რაც რეალურია და ტრაგიკული, დახოცილი ჯარისკაცები არიან.

საღამოს დამირეკეს, ევროკომისიის წარმომადგენლებს უნდათ შენთან შეხვედრა, საქართველოს რეგიონალური განვითარების პროექტი იწყებაო. მგონი შევცდი - „თვითმმართველობის სინეკურა“ ჯერაც ძალაშია. 3500 სოფელი და 100 დაბა-ქალაქი ხომ უკვე ავაყვავეთ და ახლა 10-12 რეგიონიღა დაგვრჩა ასაყვავებელი.

არა, ასეთი ცინიზმიც არ შეიძლება! იქნებ ახლა მაინც არ იყოს „გრანტიჭამიური“ პროექტი და რაღაც მართლა გაკეთდეს? ოღონდ, გაკეთდეს რეალურად. ადრე განხორციელებული დიდი პროექტების დიდი ნაწილი სრული უაზრობა იყო, ნაწილმა კი სერიოზული სამოქმედო გეგმები მოამზადა, მაგრამ ბოლოს ეს გეგმები, ათასობით გვერდი, ჩინოვნიკების თაროებზე აღმოჩნდა, იქვე დარჩა და მტვრით დაიფარა. იქნებ ახლა მაინც ...

31 აგვისტო, პარასკევი
შეხვედრები, შეხვედრები, შეხვედრები ...

საქმე მაინცდამაინც ბევრი არ არის, მაგრამ კოლეგასთან უბრალო შეხვედრაც სოციალიზაციის ხანგრძლივ პროცესად გადაიქცევა ხოლმე. ყველა ერთი თვის ნაგროვები ამბების მოყოლას ცდილობს. ამასთან ზოგი ისეა თავის სიმართლეში დარწმუნებული, ალტერნატიული მოსაზრების დაშვება თეორიულადაც ვერ წარმოუდგენია: „ნამვილად ვიცი, დაღესტნელები ბიძინა ივანიშვილმა შემოაპარა საქართველოში“, „სააკაშვილი ახლაც ოფიციალურად მუშაობს ეფესბეში“ და სხვა მრავალი „მარგალიტი“ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უნდა მიიღო, თორემ კამათი მწვავე ფორმებს შეიძენს.

ყველგან იგრძნობა, რომ სიტუაცია თანდათან იძაბება და ადამიანთა მეტისმეტი პოლიტიზებისა და კონფრონტაციისაკენ მიდის. „მხიარული“ შემოდგომა გველის და გაისადაც ბევრ მოულოდნელობას უნდა ველოდეთ. იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი უსისხლოდ, ან, უკიდურეს შემთხვევაში, მცირე სისხლით დასრულდება. არა მგონია, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისის სიტუაცია განმეორდეს, თუმცა წინაპირობები ანალოგიურ სიმპტომებზე მიგვითითებს.

1 სექტემბერი, შაბათი
მგონი, ბევრს ვერაფერს დავამატებ... სასწრაფო სამუშაო გამომიჩნდა. ჩაწერა ოთხ საათზეა. არა მგონია, კიდევ რამის მიწერა მოვასწრო.
XS
SM
MD
LG