Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გელა მთივლიშვილი − ჟურნალისტი


15 იანვარი, კვირა

ღამის 2 საათი იქნებოდა, უკანაფშავიდან რომ დავბრუნდი. შუაფხოდან თბილისამდე გზაში, სანამ ჩვენი გუნდის წევრები ერთმანეთს დავცილდებოდით, დავგეგმეთ, მასალების გამოქვეყნების გარდა კიდევ რის გაკეთება შეგვიძლია, რომ სკოლამდელი განათლება უკანაფშავის ადმინისტრაციულ ცენტრში მცხოვრები ბავშვებისთვის მაინც გახდეს ხელმისაწვდომი. დასაწყისისთვის პეტიციის მომზადებასა და პრესტურის ორგანიზებაზე შევთანხმდით.

დანიშნული ღონისძიებების მიხედვით დატვირთული კვირადღე მაქვს. 10 საათზე უნდა შევხვდე კონსულტანტებს, რათა შევჯერდეთ საინფორმაციო ცენტრების ქსელის 2017-2019 წლების განვითარების სტრატეგიის საბოლოო ვერსიაზე. იცვლება ორგანიზაციის სტრუქტურა, თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობის აღწერილობაც, ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსია გამოსაცხადებელი.

15 საათზე ზაჰიდ ჯეირანოვს უნდა შევხვდე. ზაჰიდი ხანუმ ჯეირანოვას მამაა − ქალის, რომელმაც 2014 წლის 18 სექტემბერს, 30 წლის ასაკში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თვითმკვლელობამდე ხანუმ ჯეირანოვა მეუღლის ნათესავებმა ქუჩაში დაიჭირეს, ქმრის ღალატი დააბრალეს, ფეხსაცმელი, წინდები გახადეს და სოფელში ჩამოატარეს, „უნამუსოაო“. გარდაცვლილის მამა მესამე წელია, უშედეგოდ ითხოვს საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. კახეთის საინფორმაციო ცენტრი დიდი ხანია, აშუქებს ხანუმ ჯეირანოვას საქმეს, მაგრამ იმის გამო, რომ დღემდე დაუსჯელნი არიან მამაკაცები, რომელთა მხრიდან ძალადობაც აშკარად იკვეთება, გადავწყვიტეთ ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჯერ კიდევ 2015 წლის ნოემბერში დაგვპირდა, რომ ხანუმ ჯეირანოვას საქმე გამოუძიებელი არ დარჩებოდა, მაგრამ მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. ზაჰიდმა ნაწილობრივ იცის ჩვენ მიერ მოპოვებული მასალების შესახებ და დაჟინებით გვთხოვს, მალე გამოვაქვეყნოთ. უკვე რამდენიმეჯერ შევაცვლევინეთ გადაწყვეტილება, უდედოდ დარჩენილ მცირეწლოვან შვილიშვილებთან ერთად, საქმის გამოძიების მოთხოვნით, საშიმშილოდ დამჯდარიყო მთავრობის ადმინისტრაციის წინ.

შეხვედრისას შევთანხმდით, რომ რამდენიმე რესპონდენტის ჩაწერა კიდევ გვინდა და მასალებს მალე გამოვაქვეყნებთ. ზაჰიდი ცოტა დამშვიდდა.

დღის ბოლომდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარსადგენი პროექტიც უნდა დავწერო. შარშან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ პანკისში გახსნა სასწავლო ცენტრი, სადაც 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცებსა და ქალებს უფასოდ შეეძლოთ კომპიუტერული საოფისე პროგრამების, ბუღალტერიისა და ავტომობილის მართვის თეორიისა და პრაქტიკის შესწავლა. ექვსი თვის განმავლობაში სასწავლო კურსები გაიარა 150-ზე მეტმა პირმა, მათგან 20-ზე მეტი უკვე ჩაერთო მცირე ბიზნესში და სხვებიც დაასაქმა. გვინდა, უფასო სასწავლო კურსებმა წელსაც იმუშაოს. პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფო შამანიდმა მხარდაჭერა აღგვითქვა, მით უფრო, რომ 2017 წელი პრეზიდენტმა განათლების წლად გამოაცხადა.

21:33 საათზე, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გვამცნო, რომ უკანაფშავის ერთადერთი საბაზო სკოლა საშუალო გახდება და იქ 12 კლასის დასრულება იქნება შესაძლებელი. ესეც „მთის ამბების“ მხარდაჭერის პირველი შედეგი! განათლების მინისტრს შუაფხოს სკოლის მეცხრეკლასელებმა ხომ სწორედ „მთის ამბების“ საშუალებით მიმართეს. ეს საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედიარესურსია და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თუშეთში, ხევსურეთში, ფშავში, მთიულეთში, ხევში, თრიალეთში, სამცხე-ჯავახეთში, მთიან აჭარაში, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში არსებულ პრობლემებს, ხელს უწყობს ამ პრობლემების მოგვარებას.

ასეთი ცვლილებები სტიმულს გვაძლევს ჩვენც და კიდევ უფრო მეტად − მთაში შემორჩენილ თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს, უიმედოდ რომ არიან დარჩენილები და ხშირად ჩვენს აქტივობებსაც სკეპტიკურად უყურებენ.

იმ ღამეს შუაფხოში დიდი ზეიმი იყო. საშუალო განათლების მისაღებად ოჯახებს უკანაფშავიდან აყრა აღარ მოუწევთ და გულბათიშვილების მრავალშვილიანი ოჯახიც შინ დაბრუნდება.

თავისუფლების დღიურები - გელა მთივლიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:12:45 0:00

16 იანვარი, ორშაბათი

ორშაბათი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა. სამუშაო შეხვედრა თანამშრომლებთან, ელფოსტაზე შემოსულ არასასწრაფო წერილებზე პასუხის გაცემა, საჯარო ინფორმაციების შემოწმება, დამატებით მოთხოვნა, რომელიც ხშირად გვიწევს, რადგან ადმინისტრაციული ორგანოები მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას უმეტესად არასრულყოფილი სახით, კანონით დადგენილი ვადების დარღვევით გვაძლევენ. არის შემთხვევები, როცა საჯარო ინფორმაციას საერთოდ არ გვაძლევენ და პირდაპირ გვწერენ, რომ ჩვენ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ. დღეს მოსამზადებელი გვაქვს სამი ადმინისტრაციული საჩივარი, რომლებსაც ან განიხილავენ, ან არა, მაგრამ ჩვენ მაინც ვწერთ. სასამართლოში წასვლით საქმე ბევრად უფრო რთულდება: შესავსებია სარჩელის ფორმა, გადასახდელია სახელმწიფო ბაჟი, საქმის განხილვისას მოსამართლე ხან შვებულებაში მიდის, ხან − ტრენინგზე, ხან იცვლება და პირველ ინსტანციაში გადაწყვეტილების მიღებას ზოგჯერ, შესაძლოა, ერთი წელიც დასჭირდეს.

12 საათზე ვიწყებ ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული წერილების გარჩევას. 258 წერილია წასაკითხი. უმეტესობას − სამინისტროებიდან და სხვა სახელმწიფო უწყებებიდან მიღებულ პრესრელიზებს − წაუკითხავად ვშლი, უსარგებლო ინფორმაციებია.

დღის მეორე ნახევარში პანკისში მივდივარ, უცხოელ სტუმრებს უნდა შევხვდეთ. რამდენიმე კვირაა, მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან პანკისის სათემო რადიოს მოხალისეების გაწვრთნასა და უცხოეთში სტაჟირებასთან დაკავშირებით. პანკისის სათემო რადიო WAY შარშან დავაფუძნეთ და შარშანვე, სექტემბრიდან, დავიწყეთ მაუწყებლობა სიხშირეზე FM 101,1. რადიო სრულად ფარავს პანკისის ხეობას და მისი სიგნალი თუშეთამდეც აღწევს. მუსიკის გარდა ეთერში დღეში სამჯერ გადის საინფორმაციო გამოშვება და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებიც. ძირითადად მოქალაქე-რეპორტიორები მუშაობენ.

საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ ახალგაზრდებს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას მიმდინარე წლის ზაფხულში მისცემენ. ასეთი მხარდაჭერა ძალიან გვეხმარება და საშუალებას გვაძლევს, სათემო რადიოს გარშემო ბევრი ახალგაზრდა შემოვიკრიბოთ და რადიოს საქმიანობა უფრო ეფექტიანი გავხადოთ.

პანკისში ყოფნისას, საოჯახო სასტუმროების მფლობელებთან შეხვედრაც მოვასწარი. მცირე მეწარმეებს, რომლებსაც პირობების გაუმჯობესების ან მომსახურების ახალი ფორმების დანერგვის მიზნით შარშან მცირე გრანტების მოპოვებაში დავეხმარეთ, გავაცანით ახალი ვებგვერდის მონახაზი, რომელიც თავს მოუყრის ხეობაში არსებულ საოჯახო სასტუმროებს, კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს, ტურისტულ მარშრუტებს, და მომხმარებელს შესთავაზებს ინფორმაციას ქართულსა და ინგლისურ ენებზე. ამავე გვერდის საშუალებით მოხდება პანკისში მოქმედი საოჯახო სასტუმროების დაჯავშნაც. ვებგვერდს საინფორმაციო ცენტრების ქსელი ყოველგვარი პროექტის გარეშე ამზადებს.

17 იანვარი, სამშაბათი

11 საათზე ვხვდებით „დოიჩე ველეს“ აკადემიის წარმომადგენლებს. აკადემია აპირებს, მხარი დაუჭიროს „მთის ამბებს“, რომ საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში განვავითაროთ მოქალაქე-რეპორტიორების ქსელი და სათემო აქტივისტებთან ერთად ჩავატაროთ კამპანიები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარების მიზნით. შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა. გერმანიიდან საბოლოო პასუხს რამდენიმე დღეში მივიღებთ.

14 საათზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დანიშნულია შეხვედრა „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ წინააღმდეგ ჩვენს საჩივრებთან დაკავშირებით. „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ ერთ-ერთი ყველაზე უპასუხისმგებლო კომპანიაა და იმის გამო, რომ უკვე მეექვსე წელია, გაკოტრების რეჟიმში მუშაობს, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე ადეკვატურ რეაგირებას არ ახდენენ არც სემეკი და არც მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი. კომპანია დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ გვიწყვეტს ელექტროენერგიის მოწოდებას, რის გამოც პანკისის სათემო რადიოს მაუწყებლობაც ფერხდება. სხდომაზე კომპანიას მოსთხოვეს, გაგვიუმჯობესოს ელექტრომომარაგების საიმედოობა.

საღამოს დუშელი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფს შევხვდი − არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება სურთ მთაში ტურიზმის განვითარების, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით. ასევე აინტერესებთ მუშაობა ახალგორის მიმართულებით, რაც ჩვენთვისაც საინტერესოა.

გვიან ღამით სოციალურ ქსელში „მთის ამბების“ გუნდმა 18 იანვარი დავგეგმეთ და დავალებები გავინაწილეთ. შევთანხმდით, რომ გადამღებ ჯგუფს მივყვები ყაზბეგში, სნოს ხეობიდან რეპორტაჟს მე მოვამზადებ, ყანობიდან − თინათინ მოსიაშვილი.

18 იანვარი, ოთხშაბათი

დილით 8-ზე ჯერ თინათინ მოსიაშვილს გავუარეთ, შემდეგ კი − გოგა ჩანადირს, და ყაზბეგისკენ დავიძარით.

თბილისიდან ყაზბეგამდე დაახლოებით 2,5 საათის სავალი გზაა. 11 საათისთვის ყანობის სკოლაში გველოდებიან. 2014 წელს სკოლაში მხოლოდ ერთი მოსწავლე იყო, 2015 წელს სამი, 2016 წელს − უკვე ხუთი. სოფელში სკოლამდელი ასაკის 12 ბავშვია, საბავშვო ბაღი კი იქ არასდროს ყოფილა. ბაღის და, განსაკუთრებით, სკოლის არსებობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მთის სოფლებში მოსახლეობის დამაგრებას. ყანობიდან რომ დაგვიკავშირდნენ, გვთხოვეს, როგორმე დაგვეხმარეთ, სოფელში საბავშვო ბაღი გაიხსნასო. ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა, შედეგს აუცილებლად მივაღწევთ!

2 საათისთვის მოხევეები სნოში გველოდებოდნენ. იქაურები ეწინააღმდეგებიან 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას. ადგილობრივებს ჯერ სნოში შევხვდით, შემდეგ − ახალციხესა და კარკუჩაში. „500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა ასე ახლოს, საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე მეტრში, უსაფრთხო არ არის. მე აქედან არსად წავალ, აქ დავიბადე, გავიზარდე, აქ ვცხოვრობ, სხვაგან არც მაქვს წასასვლელი. კარკუჩული ქვაც კი მიყვარს“, − გვითხრა 67 წლის ტარიელ მარსაგიშვილმა. სნოს ხეობის მოსახლეობა ხელისუფლებისგან მშენებლობის მარშრუტის შეცვლას მოითხოვს, რათა ხაზებმა დასახლებულ პუნქტებთან ახლოს აღარ გაიაროს.

გზად გუდაურში შევჩერდით სავახშმოდ. ერთ-ერთ რესტორანში გავარკვიეთ, რომ საჭმელი ახალი არ იყო. რა, სახლში ორი-სამი დღის საჭმელს არ ჭამთო? − მკითხა მიმტანმა. იქვე, „სმარტში“, ღვეზელის ყიდვა გადავწყვიტეთ. ღვეზელი კი არა, პურიც არ იყო! უპუროდ დარჩენილი უცხოელი ტურისტებიც წუწუნებდნენ.

თბილისში გვიან საღამოს დავბრუნდით.

19 იანვარი, ხუთშაბათი

დილით დედამ მკითხა, დღეს შემთხვევით ხომ არ ისვენებო. 19 იანვარი ხომ შრომის კოდექსით უქმე დღეა ნათლისღების დღესასწაულის გამო. გამეღიმა. მიხვდა, რატომაც. მის მშობლიურ მხარეში, წალკის რაიონში წასვლა სურდა, სადაც ბერძნები განსაკუთრებულად აღნიშნავენ „წყალკურთხევას“. დედა პონტოელი ბერძენია. წალკაში მისი რამდენიმე ნათესავიღაა დარჩენილი, უმრავლესობა 1997-2002 წლებში მასობრივად წავიდა საბერძნეთში.

სამუშაო დღე გამოკვლევების გაცნობით დავიწყე. ჩვენმა ანალიტიკოსმა დოკუმენტების შესწავლის შედეგად გაარკვია, რომ საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ და მისმა მეუღლემ 2015-2016 წლებში, თბილისში, ბათუმში, ბაკურიანში, წავკისსა და ტაბახმელაში შეიძინეს უძრავი ქონების 15 ერთეული, რომელთა საერთო ღირებულება 1,1 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. ეს მაშინ, როცა მთავარ პროკურორად მუშაობის პერიოდში ფარცხალაძის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მას მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ბინა ჰქონდა. გამოკვლევის შედეგები სასწრაფოდ გამოვაქვეყნეთ.

15 საათზე ბესოს ზარს ველოდები უკანაფშავიდან. ბესო წითელაური სოფელ მუქოში ცხოვრობს. რამდენიმე თვის წინ გავიცანი, როცა უკანაფშავში დაინტერესებულ პირებს შევთავაზეთ დახმარება ბიზნესიდეების შერჩევასა და ბიზნესგეგმების მომზადებაში, რათა შეძლებოდათ მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა და მცირე გრანტების მოპოვება. ბესომ 10 ათასი ლარი მიიღო და მუქოში მოაწყო მცირე ზომის საკალმახე, სადაც მთის წითელწინწკლება კალმახს ამრავლებს. საცხოვრებელი სახლიდან ორი-სამი კილომეტრის გავლა უწევს, ფეხით მთაზე ავიდეს, რომ დარეკვა შეძლოს. უახლოეს დღეებში უკანაფშავში ჟურნალისტებისთვის პრესტურს ვგეგმავთ და ბესო საორგანიზაციო საკითხებში გვეხმარება.

საღამოს მეგობრებს შევხვდი. რამდენიმე მოხუცი გვყავს, მათთან ბოლოს წინასაახალწლოდ ვიყავით. თვეში ერთხელ მაინც ვაკითხავთ. პროდუქტები შევიძინეთ და დავგეგმეთ, რომ კვირას, დღის პირველ ნახევარში ვესტუმრებით. დღის მეორე ნახევარში პანკისში მაქვს შეხვედრები დაგეგმილი.

20 იანვარი, პარასკევი

დილით, ადრე, ვენახში წავედი. რთვლის შემდეგ ვეღარ მოვახერხე ჩასვლა, რაც არც ვენახს შეშვენის და არც მევენახეს. ვაზი უკვე გასასხლავია. ნახევარ ჰექტარზეც ახალი ვენახი მაქვს გასაშენებელი. მიწის ნაკვეთი კი კარგია, მაგრამ სარწყავი სისტემა მოშლილია და წყალი დგება. ვათვალიერებ და ვგეგმავ, არხი საიდან გავჭრა, რომ მომეტებულმა ტენიანობამ ხელი არ შეგვიშალოს. შემოდგომიდან ღვინის ჩამოსხმას ვაპირებ, საოჯახო მარნის მოწყობაზეც უკვე რამდენიმე თვეა, ვზრუნავ.

ათის ნახევარზე საათზე უკვე სამსახურში ვარ. საინფორმაციო ცენტრების ქსელის მართვაში არსებული ვებგვერდების ინტეგრირებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის შემდეგ, ახალი ამბების ჯგუფთან ერთად, კონკრეტული საკითხების განხილვაზე გადავედით. პირველი: ეთნიკური ავარებით კომპაქტურად დასახლებულ სოფლებში კომუნიკაცია გართულებულია. ვნახეთ ჩვენი ოპერატორის მიერ გადაღებული ვიდეომასალა, სადაც ავარები ჟურნალისტების მიმართ აგრესიას გამოხატავენ და უარს ამბობენ, ისაუბრონ ისეთ საკითხებზეც კი, როგორებიცაა სოფლებში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ა.შ. კომუნიკაციის ეს ბოლოდროინდელი გართულება გამოიწვია ავარებით დასახლებულ სოფლებში ქალთა გენიტალიების დასახიჩრებასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებამ. შევთანხმდით, რომ ეთნიკური ავარებით დასახლებულ სოფლებს მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ, კომუნიკაციის სტრატეგიაზე კი მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.

20 იანვრის შემდეგ გადაცემებია გასაახლებელი პანკისის სათემო რადიოშიც − „ჩემი უფლებები“ და „მთავარი თემა“. „მთავარ თემას“ ყოველ ოთხშაბათს თვითონ ვამზადებ, „ჩემი უფლებებისთვის“ კი ახალი წამყვანის შერჩევის პროცესში ვართ. იქნებ, როგორმე ადგილობრივი შევარჩიოთ. „ჩემი უფლებების“ მიზანია პანკისის ხეობაში მოქალაქეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა. გადაცემის ფარგლებში მსმენელს უკვე ავუხსენით, რას ნიშნავს გადაადგილების თავისუფლება, რა მოვიმოქმედოთ ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, რა უფლებები გვაქვს, თუ ქუჩაში პოლიციელი გვაჩერებს, რა არის საკუთრების უფლება და ა.შ.

გადაცემებზე მუშაობის პროცესში მთელი დღე გაილია. საღამოს შევეხმიანე მოქალაქე-რეპორტიორობის კანდიდატებს. შაბათს მათთან გასაუბრება გვაქვს დანიშნული. შერჩეულები უნდა გავწვრთნათ, რის შემდეგაც ისინი „მთის ამბების“ გუნდს შეუერთდებიან.

21 იანვარი, შაბათი

დღეს რეგიონული მაუწყებლების ასოციაციის ოფისში მივედი გასაუბრებაზე. ნათია კუპრაშვილმა, რომელიც ამ ასოციაციას ხელმძღვანელობს, თბილი ოფისი დაგვახვედრა. მოვიდნენ ახალგაზრდები ხევსურეთიდან, ფშავიდან, მთიულეთიდან, ხევიდან. სვანეთში, რაჭასა და მთიან აჭარაში მცხოვრებ პირებთან შეხვედრას ცალკე ვგეგმავთ.

შეხვედრა თითქმის ორ საათს გაგრძელდა. ბევრი ვისაუბრეთ მთის პრობლემებზე. ერთ-ერთმა მონაწილემ დუშეთის რაიონის სოფელ ზეისტეჩოდან თქვა: „ახლა რა გვიჭირს, ადრე ფეხით 25 კილომეტრი უნდა გვევლო, რომ ტელეფონით დაგვერეკა. ახლა ორი კილომეტრის გავლა გვიწევს.“

ნაყოფიერი შეხვედრა იყო. იმედი გვაქვს, გაერთიანებული ძალით ხელს შევუწყობთ მთის პრობლემების მოგვარებას.

XS
SM
MD
LG